ბერლინში გაიმართა ახალი პოლიტიკური პარტიის ყრილობა, რომელიც, ილია იაშინის განცხადებით, ოპოზიციონერი რუსების ინტერესებს წარმოადგენს.
ყრილობის დელეგატებმა დაამტკიცეს პარტიის სახელწოდება - "მშვიდობიანი რუსეთი"(Мирная Россия), ასევე ილია იაშინი მის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ვითარების არსი: "პარტიას ზუსტად იმისთვის ვქმნით, რომ რუსეთში ხელისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. და იმისთვის, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი ვიყოთ", - განაცხადა იაშინმა.
- იაშინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარტია საზღვარგარეთ შეიქმნა, "ადრე თუ გვიან" ის აუცილებლად იქნება რუსეთში.
დეტალები: იაშინის მოადგილეები გახდნენ ელენა კოტენოჩკინა, კონსტანტინ კოსოვი და ოლგა პროკოპიევა.
- კოტენოჩკინა იაშინთან ერთად შედიოდა მოსკოვის კრასნოსელსკის რაიონის დეპუტატთა საბჭოში. 2024 წელს მას რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელების საქმეზე დაუსწრებლად 7.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
- კონსტანტინ კოსოვი ასევე მუნიციპალური დეპუტატი იყო, თუმცა სანქტ-პეტერბურგში. მან რუსეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.
- ოლგა პროკოპიევა - "რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის" წარმომადგენელია, იგი ხელმძღვანელობს ფრანგულ ასოციაციას Russie-Libertés.
კონტექსტი: პარტიის შექმნის გეგმების შესახებ ილია იაშინმა მარტში გამოაცხადა. პოლიტიკოსმა მაშინ არ დააკონკრეტა, თუ ვინ შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტში და მხოლოდ აღნიშნა, რომ ესენი არიან "როგორც დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები, ისე ახალგაზრდა ენთუზიასტები".