ახალი ამბები

19:22 | 24 ივნისი, 2026 — რუსეთი

რუსული ჯარი რიგებს ვერ ავსებს, იქნება თუ არა მობილიზაცია?

დამოუკიდებელმა გამოცემების, "ვაჟნიე ისტორიისა" და "ვერსტკის" კვლევის თანახმად, გაზრდილი დანაკარგების ფონზე, რუსული ჯარი ცოცხალი ძალით შევსებას ვერ ახერხებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ხელისუფლებას საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვა სულ უფრო უჭირს, ხოლო კულუარებში მობილიზაციის ახალ ტალღაზე მიდის მსჯელობა.

ვითარების არსი: 2025 წლის მეოთხე კვარტალში კონტრაქტით აყვანილთა რაოდენობა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ნახევარჯერ შემცირდა.

  • სამხედრო კონტრაქტების დადების ტემპების კლება 2026 წლის დასაწყისშიც გაგრძელდა.
  • "ჩვენთან ყველაფერი სტაბილურად ცუდად არის". - ამბობს "ვერსტკას" წყარო მოსკოვის მერიაში მობილიზაციის ტემპებზე საუბრისას.
  • მისი მონაცემებით, აპრილში მოსკოვმა ფრონტზე 1708 ადამიანი გაგზავნა, მაისში — 1378. გასულ წელს მოხალისეების რაოდენობა თვეში ათასით მეტი იყო. 2026 წლის ივნისშიც, მისი თქმით, გაწვევის დაბალი ტემპი ნარჩუნდება.
  • გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, იანის კლიუგეს შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კონტრაქტს ყოველდღიურად 800–1000 ადამიანი აწერდა ხელს, რაც 20%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
  • პრობლემატურია ასევე უპილოტო საფრენი აპარატების მფრინავთა რაზმების შევსებაც, სადაც კონტრაქტები ოფიციალურად მხოლოდ ერთი წლით იდება.
  • "ასეთი ადამიანები ჩვენთანაც ცოტაა და პრინციპში საერთოდაც ცოტაღა დარჩა. ძალიან ბევრია პრობლემური კანდიდატი". - აღნიშნავს ერთ-ერთი თანამოსაუბრე.
  • ანალოგიური სიტუაციაა რეგიონებშიც. ციმბირის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის კომისარის თქმით, ადრე მოსკოვისგან დაშორებულ და საკმაოდ ღარიბ რეგიონში ომის მსურველი ბევრი იყო. ახლა ომში ახალი ხალხის აყვანა "ძირითადად პოლიციის ხარჯზე" ხერხდება - გულისხმობს პრაქტიკას, როდესაც დაკავებულებს სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების სანაცვლოდ კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ.
  • ნაკადის კლებაზე საუბრობს "ვერსტკას" კიდევ ერთი წყარო, რომელიც ლიპეცკის ოლქში კონტრაქტორების აყვანაზე მუშაობს. მისი თქმით, ზოგ დღეებში მთელ რეგიონში 50 ახალწვეულიც კი არ გროვდება, მაშინ, როდესაც ადრე მსურველი 150-200 იყო.

კონტექსტი: ფრონტზე მყოფი სამხედროების თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ 2026 წელს მოსული ახალი კონტრაქტორები "ბრძოლისუუნარონი არიან".

  • "ზოგს ციხიდან იღებენ, ზოგს ქუჩიდან, კრიმინალები არიან, თანაც იმხელა ასაკის და ისეთი დაავადებებით, რომ ფეხზე ძლივს დგანან. ეს ყველასთვის ტვირთია. აბა, რა უნდა ასწავლო მათ? ეკიპირებით სიარულიც კი არ შეუძლიათ, 20 კილოგრამის ტარება უჭირთ. ესენი ერთჯერადები არიან". - ამბობს ერთ-ერთი მობილიზებული.
  • გარდა ამისა, ახალმოსულებს შორის ძალიან ბევრი საბოლოოდ ფრონტიდან გარბის: "ჩვენთან, ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარე ერთ პატარა სოფელში, ნაწილის თვითნებურად მიტოვების 19 შემთხვევაა. კვირაში მთელ ფრონტზე, ვფიქრობ, ასეულობით იქნება".
  • ციმბირის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის სამხედრომ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ კონტრაქტორების მოსაზიდად "ირგვლივ მდებარე ყველა სოფელი უკვე ფაქტობრივად პირწმინდად დააცარიელეს".
  • დანაყოფები დაკომპლექტებულია 30, საუკეთესო შემთხვევაში 40%-ით, ცალკეულ ასეულებს შლიან, 60–80 კაცის ნაცვლად 15–30 კაცს ტოვებენ.
  • "ქვეით ჯარში ერეკებიან სამდღიანი წვრთნის შემდეგ. ჩემი ოცეულის ერთმა ბიჭმა იქ გადაყვანიდან მეორე დღესვე დაკარგა ფეხი". - ამბობს იგივე რესპოდენტი.
  • გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს ომში ზურგის ვაკანსიებით იტყუებენ. კანდიდატებს სთავაზობენ მძღოლების, დაცვის თანამშრომლებისა და მშენებლების პოზიციებს. თუმცა, რეალურად კონტრაქტები საერთო საფუძველზე ფორმდება და განაწილება ყველგან შეიძლება მოხდეს - მათ შორის ქვეით ჯარშიც.

სიღრმისეულად: 2026 წელს რუსეთის შეტევის ტემპი არსებითად შემცირდა და ახალი კონტრაქტორების აყვანის სირთულეები ხელისუფლებას აიძულებს, გამალებით ეძებოს ახალი გადაწყვეტილებები.

  • კრემლი, როგორც ჩანს, უფრო რადიკალურ ზომებსაც განიხილავს, მათ შორის მობილიზაციის ახალ ტალღას.
  • იმის შესახებ, რომ მსგავსი სცენარი შესაძლოა განიხილებოდეს, გამოცემებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომუშავე რვა წყარომ, ასევე ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებულმა პირებმა განუცხადეს.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკურ ბლოკთან დაახლოებული წყაროს თქმით, მობილიზაცია ყველა დონეზე განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
  • საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ოქტომბერს - მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდება.
  • წყარო, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სახელმწიფო კორპორაციაში გადაბირების პროცესს კურირებს, ამბობს, რომ მოსამზადებელი ღონისძიებები იმისთვის, "რასაც მობილიზაციას არასოდეს უწოდებენ", უკვე "რამდენიმე თვეა" მიმდინარეობს.
  • კიდევ ერთ კრემლის თანამშრომელს სმენია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება განიხილება, თუმცა ჯერჯერობით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
  • დასავლეთის ერთ-ერთ სადაზვერვო სამსახურთან დაახლოებული წყარო ამბობს: "პუტინს არ სურს ომის დასრულება და მზად არის კიდევ ორი-სამი წელი იომოს. არსებობს არასტაბილურობის შიში იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები ახლა დასრულდება ისე, როგორც არის, სერიოზული წარმატებების გარეშე. მუშავდება მკაცრი ზომები, მობილიზაცია და სამხედრო ეკონომიკა. სამხედროები მას თითქოს გარანტიას აძლევენ ოთხ უკრაინულ რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაზე, თუკი ადამიანური რესურსი იქნება".

ასევე ნახე