სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს.
ვითარების არსი: "რადიო ბელგრადის" ეთერში ვუჩიჩს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა გადადგომას სამი-ოთხი თვის შემდეგ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "შესაძლოა, უფრო ადრეც."
- "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წიგნების ჩალაგება დავიწყე. ბევრი წიგნი მაქვს და ვუყურებ, სად წავიღო ისინი," - თქვა ვუჩიჩმა.
- მან განმარტა, რომ თავის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილავს და აღნიშნა, რომ საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
- ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ "არჩევნები რამდენიმე თვეში ჩატარდება, ხოლო სამი თუ ოთხი თვე - ეს ტექნიკური საკითხია."
სტრიქონებს შორის: სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, ხელისუფლების ამჟამინდელი მაღალჩინოსნებიდან ვინ შეიძლება გახდეს პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი.
- მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვუჩიჩი მიმდინარე წლის ბოლომდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს.
დიდი სურათი: სერბეთში 2024 წლის დეკემბრიდან ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ.
- დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.