ახალი ამბები

09:19 | 12 აგვისტო, 2026 — სირია

სირიის სასამართლომ ასადს სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა

სამშაბათს სირიის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ასადსა და მის უმცროს ძმას, მაჰერს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის სირიის 14-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში, რომელსაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ვითარების არსი: დამასკოს მეოთხე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენი პირველი იყო ასადის ან მისი უახლოესი გარემოცვის წევრების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 2024 წლის დეკემბერში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა.

  • "ბაშარ ასადმა სახელმწიფო უწყებები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩასადენად გამოიყენა," - განაცხადა მოსამართლე ფაჰრედინ ალ-არიანმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
  • სიკვდილით დასჯა ასევე მიესაჯა ასადის დეიდაშვილს, ათეფ ნაჯიბს - დარას პროვინციის პოლიტიკური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს.
  • იგი დამნაშავედ ცნეს სირიის სამხრეთ პროვინცია დარაში დარბევის ხელმძღვანელობაში, რამაც გამოიწვია ასადის წინააღმდეგ ამბოხება და მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დაწყება.


სტრიქონებს შორის: უსაფრთხოების მკაცრი ზომების ფონზე, ნაჯიბი პატიმრის ფორმით გისოსებს მიღმა იდგა, როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა. დამასკოს ცენტრში, სასამართლოს შენობის გარეთ, განაჩენის მოსასმენად ხალხი შეიკრიბა.

  • "დღეს არის სამართლიანობის დღე ყველა დაპატიმრებულისთვის, მოწამისთვის, დაკავებულისა და იმ სირიელისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა," - განაცხადა ადნან ალ-მასალმემ, ადვოკატმა, რომელიც ნაჯიბის მსხვერპლთა ოჯახებს წარადგენდა.
  • "დღევანდელი დღე არის სიმართლის გამარჯვება უსამართლობაზე, სირიელი ხალხის გამარჯვებას დამხობილ რეჟიმზე." - ხაზი გაუსვა მან.

დიდი სურათი: ასადი და მისი ძმა მაჰერი 2024 წლის დეკემბერში, მთავრობის დამხობის შემდეგ, რუსეთში გაიქცნენ და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთს ასადების გადმოცემა მოსთხოვა.

  • ნაჯიბი, რომელსაც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები 2011 წლის აპრილში დაუწესა, მოგვიანებით დააკავეს. იგი უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა.
  • დარაში პოლიტიკური უსაფრთხოების უფროსად მისი მუშაობის პერიოდში, ათზე მეტი მოზარდი დააკავეს და აწამეს, რომლებმაც დარას სკოლის კედელზე ანტისამთავრობო გრაფიტი დახატეს.
  • ეს შემთხვევა ასადის უსაფრთხოების ძალების რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების კატალიზატორად იქცა. სასამართლოს შენობასთან ნაჯიბის რამდენიმე მსხვერპლიც იმყოფებოდა, მათ შორის ორი, რომლებიც 2011 წელს მოზარდები იყვნენ. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე