უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ, თავდაცვის სამინისტროსთან დაპირისპირების ფონზე, პირველი კომენტარი გააკეთა.
გენშტაბის მეთაურის სიტყვებს უკრაინული გამოცემა "Militarnyi" ავრცელებს.
რა თქვა: მთავარსარდალმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, ხოლო დუმილის დარღვევა არმიისა და გენშტაბის ირგვლივ არსებული "კონფლიქტებისა და საბოტაჟის შესახებ გავრცელებული მითების" გამო გადაწყვიტა.
- სირსკის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვთან ურთიერთობას საქმიანად აღიქვამდა: "თუ ვინმეს რამეში ვაწყენინე: მიხაილ ალბერტოვიჩ, მაპატიეთ. ხანდახან მკაცრი ვარ".
- ამასთან, შტაბის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე მოვლენების "ფედოროვისა და „სირსკის ბანაკებად" დაყოფა მტრისთვის საჩუქარია.
- სირსკიმ სტრატეგიის შესახებაც დაწერა: "ის, ვინც მთავარსარდლისგან სტრატეგიის საჯაროდ "პრეზენტაციას" ითხოვს, სინამდვილეში მის მტრისთვის წარდგენას ითხოვს. რაც შეეხება ხედვას, ხედვით შეგიძლიათ სტარტაპი ააგოთ. მაგრამ ომში გამარჯვებას სტრატეგია სჭირდება".
- სარდალმა უარყო ბრალდებები, თითქოს დრონებზე ფსონის დადება არ სურს და საზოგადოებას შეახსენა, რომ უპილოტო სისტემების ძალები სწორედ მისი მეთაურობისას შეიქმნა, ხოლო მეთაურის თანამდებობაზე "მადიარის" კანდიდატურა პრეზიდენტს პირადად მან წარუდგინა. ამასთანავე სირსკიმ აღნიშნა, რომ ჯარს კვლავინდებურად სჭირდება არტილერია, საჰაერო თავდაცვა, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, საინჟინრო ტექნიკა და სხვა შეიარაღება.
- სირსკი უარყოფს მხოლოდ ლოიალური სამხედროების დაწინაურების ბრალდებებს და დაასახელა მის დროს დაწინაურებული მეომრები: მადიარი, აპოსტოლი, ჰნატოვი, ბილეცკი, რედისი, ვერესი, ახილესი და ევგენი კარასი.
კონტექსტი: 14 ივლისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა იულია სვირიდენკოს გადაყენებას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთელი მთავრობის, მათ შორის ფედოროვის გადადგომას ნიშნავს.
- 16 ივლისს ფედოროვმა საჯარო პრესკონფერენცია გამართა, სადაც უკრაინის ჯარის 11 პრობლემაზე ისაუბრა, ხოლო მნიშვნელოვანი რეფორმების მთავარ შემაფერხებლად ოლექსანდრ სირსკი დაასახელა.
- ფედოროვმა გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად დაადანაშაულა სირსკი მისი ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის, შესყიდვების რეფორმისა და ციფრული პროექტების ბლოკირებაში, აგრეთვე გენშტაბში ბიუროკრატიული და ლოიალობაზე დაფუძნებული მართვის შენარჩუნებაში.
მან აღნიშნა, რომ ომი ფუნდამენტურად შეიცვალა, ხოლო მთავარსარდალი ძველი მეთოდებით ცდილობს ბრძოლას. - იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას და სირსკის გადაყენებას ითხოვენ.