სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა კვირას ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.
ვითარების არსი: "კონსტიტუციის 149-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად: დაინიშნოს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე," - ნათქვამია ბრძანებულებაში.
- პრეზიდენტმა ფაშინიანს მიულოცა, მადლობა გადაუხადა მას პრინციპულობისთვის, გამძლეობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა, რომ 2018 წლის შემდეგ სომხეთში ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი რეალობად იქცა, რაც დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების მთავარი საფუძველია.
- საპასუხო სიტყვაში ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ხოლო სომეხ ხალხს - გამოჩენილი სახელმწიფოებრივი ცნობიერებისთვის იმ რთულ გზაზე, რომელიც ქვეყანამ 2018 წლის შემდეგ გაიარა.
სტრიქონებს შორის: მანამდე, კვირას, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფაშინიანის განცხადებას მისი მთავრობის გადადგომის შესახებ.
- ეს ნაბიჯი იყო პროცედურის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ახლადარჩეული პარლამენტის მუშაობის დაწყების დღეს, მინისტრთა კაბინეტი ვალდებულია გადადგეს.
- ამის შემდეგ პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა, პრეზიდენტმა კი მისი დანიშვნის შესაბამის ბრძანებულებას მოაწერა ხელი.
დიდი სურათი: 2 აგვისტოს, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ჩატარდა. პრო-რუსული "ძლიერი სომხეთის" დეპუტატმა არამ ვარდევანიანმა განაცხადა, რომ სომეხმა ხალხმა 7 ივნისს ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მისცა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, სიძულვილის ენა და მოსყიდვა რომ არა, ვითარება განსხვავებული იქნებოდა.
- რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ, სომხეთის პარლამენტმა მუშაობა 18:00 საათზე დაასრულა.
- სომხეთის პარლამენტის სპიკერის კანდიდატის განხილვა ხვალ, დილის 10:00 საათზე გაგრძელდება. ერთადერთი პრეტენდენტი ნიკოლ ფაშინიანის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნული ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რუბენ რუბინიანია.
კონტექსტი: 7 ივნისს, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" 727 160 ხმა მიიღო, რაც ხმების 49.81%-ია.
- ბარიერი გადალახეს პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 23.29% და პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა "სომხეთმა" - 9.94%.
- ფაშინიანი სომხეთის მთავრობას 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს.