15:46 | 23 ივლისი, 2026 — სომხეთი
სომხეთის პრო-რუსული ოპოზიციის ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს იმუნიტეტი მოუხსნეს
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრო-რუსული ალიანსის, "ძლიერი სომხეთის" ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს იმუნიტეტი მოუხსნა, რამაც პროკურატურას მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საშუალება მისცა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს მისი ალიანსის კიდევ ერთი წევრის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია ფულის გათეთრებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში.
ვითარების არსი: არჩევნების დროს ნარეკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა "ძლიერი სომხეთის" საარჩევნო კამპანიას. ის პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის ძმის შვილია.
- თავად სამველ კარაპეტიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რადგან რუსეთის მოქალაქეა. ამჟამად ის შინაპატიმრობაში იმყოფება და ბრალი აქვს წაყენებული ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებისა და ფულის გათეთრების მუხლებით.
- გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ლუსინე მარტიროსიანმა Armenpress-ს განუცხადა, რომ მისმა უწყებამ ცესკოს ორი შუამდგომლობით მიმართა - ერთი ნარეკ კარაპეტიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობას ითხოვდა, ხოლო მეორე - მისთვის თავისუფლების აღკვეთას.
- ცესკომ პირველი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო მეორე უარყო.
სტრიქონებს შორის: საპასუხოდ, "ძლიერი სომხეთის" პრესსპიკერმა, მარიანა ღაჰრამანიანმა განაცხადა, რომ ცესკომ "კიდევ ერთი უკანონო აქტი ჩაიდინა."
- ცესკოს თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა შუამდგომლობის შესახებ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
- 2026 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2 აგვისტოს ჩატარდება.
- Armenpress-ის ცნობით, ნარეკ კარაპეტიანი ამჟამად არჩეულ დეპუტატად ითვლება, თუმცა მანდატს ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როდესაც ახალი პარლამენტი პირველ სხდომას ჩაატარებს. მანამდე კი მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნა ცესკოს თანხმობას საჭიროებს.
დიდი სურათი: გენერალურმა პროკურატურამ უარი თქვა ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ საქმის დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
- 7 ივნისს ჩატარებული არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ნარეკ კარაპეტიანს სომხეთის დატოვება უფლება არ მისცეს.
- არჩევნების შემდეგ სომხეთიდან გასვლის უფლება ასევე არ მისცეს პრო-რუს პოლიტიკოსსა და ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს და პრო-რუს ოლიგარქ გაგიკ წარუკიანს.
- მოგვიანებით, წარუკიანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და მის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო ფინანსურ დანაშაულებებზე გრძელდება.
კონტექსტი: 7 ივნისს, სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" 727 160 ხმა მიიღო, რაც ხმების 49.81%-ია.
- ბარიერი გადალახეს პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერმა სომხეთმა" - 23.29% და პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსმა "სომხეთმა" - 9.94%.