16:30 | 18 სექტემბერი, 2026 — ირანი
თეირანში ათობით ათასი ადამიანი დაესწრო რეჟიმის მხარდამჭერ აქციას
ირანის ისლამური რეჟიმის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ათობით ათასი ირანელი შეიკრიბა. პროპაგანდისტულმა მედიამ აქცია ისე გააშუქა, თითქოს ათასობით ირანელი მზად არის იარაღი აიღოს ხელში აშშ-სა და ისრაელისგან ქვეყნის დასაცავად.
ვითარების არსი: ირანის მთავრობა ცდილობს ხალხის დარაზმვასა და ეროვნული ერთიანობის ხაზგასმას იმ ფონზეც კი, როდესაც ეკონომიკა უმძიმეს კრიზისშია ირანის პორტების საზღვაო ბლოკადისა და ახალი სანქციების პირობებში.
- შეფასებები განსხვავებულია იმ ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით, რომლებიც მოხალისეობრივად იღებენ შეზღუდულ სამხედრო მომზადებას ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც "Janfaday-e Iran-ს" უწოდებენ - "ისინი, ვინც სწირავენ სიცოცხლეს ირანისთვის."
- სამხედრო ფორმებში გამოწყობილი მოქალაქეები, დროშებით ხელში გადაადგილდებოდნნე თეირანის ცენტრში, მაყურებელთა შეძახილების ფონზე.
სტრიქონებს შორის: დღეების განმავლობაში ირანის სახელმწიფო მედია ირანელებს მოუწოდებდა შეერთებოდნენ კამპანიას და აცხადებდა, რომ საიერიშო შაშხანებით წვრთნა მალე დაიწყებოდა. მოხალისეები უსაფრთხოების დამატებითი ფენა იქნებიან ძლიერი "რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა" და მისი მოხალისეობრივი ფრთის, "ბასიჯისთვის."
- თეირანში "გუშაგთა კორპუსის" მეთაურმა, გენერალმა ჰასან ჰასანზადემ სახელმწიფო მაუწყებელს განუცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად 600 ათზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო წვრთნებში მილიონზე მეტი ადამიანის მონაწილეობაა მოსალოდნელი.
- "ბასიჯის" რეპრესიული ძალების ახალმა ხელმძღვანელმა, ჰოსეინ თაებმა აქციის დაწყებისას განაცხადა, რომ მოხალისეები მზად იქნებიან "სრულფასოვანი თავდაცვისთვის" და მსგავსი აქციები მალე სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.
დიდი სურათი: დემონსტრანტები ფეხქვეშ თელავდნენ აშშ-ისა და ისრაელის დროშებს. ასევე მოქალაქეები ყვიროდნენ: "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს."
- "გუშაგთა კორპუსმა" მოქალაქეებს აჩვენა დრონები, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა ხომალდების წინააღმდეგ ჰორმუზის სრუტეში, სადაც ირანმა ომის დაწყების შემდეგ კონტროლი დაამყარა, რამაც სერიოზულად იმოქმედა სპარსეთის ყურის რეგიონიდან მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადაზიდვაზე.
კონტექსტი: აშშ-სა და ირანის შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პაკისტანის შუამავლობით 2026 წლის 8 აპრილს გაფორმდა.
- მოგვიანებით, 21 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ზავი განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა.
- შეთანხმების მიუხედავად, ორივე მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მრავალჯერ დაირღვა. საბოლოოდ, მრავალჯერადი დარღვევებისა და ახალი თავდასხმების შედეგად, აღნიშნული ზავი 2026 წლის 8 ივლისს ოფიციალურად ჩაიშალა.