აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი Financial Times-ის საზოგაოდებრივი აზრის კვლევების ისტორიაში რეკორდულად შემცირდა - მის საქმიანობას დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 33% იწონებს.
ვითარების არსი: FT-ისა და კვლევითი კომპანია Focaldata-ს გამოკითხვის შედეგებით, ერთ თვეში მისი მხარდაჭერა სამი პროცენტული პუნქტით შემცირდა.
- ტრამპის მხარდაჭერა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებშიც შემცირდა - მის საქმიანობას რესპუბლიკელების მხოლოდ 72% აფასებს დადებითად. მხარდაჭერის შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკელების უკმაყოფილებაა ეკონომიკის მდგომარეობითა და ფასების მკვეთრი ზრდით.
- გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 57%-მა განაცხადა, რომ ტრამპის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა.
სტრიქონებს შორის: რესპუბლიკელებს შორის პრეზიდენტის საქმიანობის მოწონება ეკონომიკისა და დასაქმების სფეროში ერთ თვეში თითქმის 8 პუნქტით - 53%-მდე შემცირდა.
- რესპონდენტების უმრავლესობამ პრეზიდენტის სავაჭრო პოლიტიკა ნეგატიურად შეაფასა. გამოკითხულთა 56% არ იწონებს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებას.
- ოტავას საპასუხო ზომებმა სავაჭრო კონფლიქტის შემდგომი გამწვავება გამოიწვია და ფასების ზრდის შესახებ შიშები გააძლიერა.
დიდი სურათი: ამ ფონზე, ტრამპის პოლიტიკა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებისთვის დიდი პრობლემაა.
- ამომრჩეველთა 46% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ამცირებს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების გამარჯვების შანსებს.
- გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის 47%-მა განაცხადა, რომ ტრამპის მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერა მათ ნაკლებად განაწყობს მისთვის ხმის მისაცემად.
- ამასთან, დემოკრატებს დარეგისტრირებული ამომრჩევლებში 7.5%-ით მაღალი მხარდაჭერა აქვთ. ერთი თვით ადრე სხვაობა 5% იყო.
- Focaldata-ს გამოკითხვა 28 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე 1 914 დარეგისტრირებულ ამომრჩეველს შორის ჩატარდა. ცდომილების ზღვარი 2.6%-ია.