ახალი ამბები

15:51 | 22 ივლისი, 2026

ტრამპს ინფანტინოს დანიშვნა გაეროს მეთაურად სურს

დონალდ ტრამპს სურს, FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს — ამის შესახებ New York Post-ზე დაყრდნობით რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა წერს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი:

გაეროს გენერალური მდივნის არჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საერთაშორისო პოლიტიკური პროცესია, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები და შემდეგ გენერალური ასამბლეა იღებენ. ტრამპის მხარდაჭერა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ინფანტინოს რეალური შანსი აქვს, თუმცა მისი სახელის გამოჩენა უკვე პოლიტიკურ ყურადღებას იპყრობს.

  • გამოცემის ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ 56 წლის ჯანი ინფანტინო მსოფლიოში „პატივსაცემი ფიგურაა“ და „ადამიანების გაერთიანების განსაკუთრებული უნარი აქვს.“
  • ამ ეტაპზე უცნობია, სურს თუ არა თავად ინფანტინოს გაეროს ხელმძღვანელობა.
  • FIFA-სა და თეთრ სახლს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

კონტექსტი:

ტრამპსა და ინფანტინოს ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებით დაახლოვდა, განსაკუთრებით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობდნენ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება გაეროს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ, ხოლო გასულ წელს უფრო შორსაც წავიდა და მშვიდობის საბჭო შექმნა, რომელიც საკუთარი ბუნდოვანი უფლებამოსილებითა და მიზნებით, მსგავსია იმ ამოცანებისა, რაც გაეროს აქვს გაცხადებული.

ინფანტინო ტრამპთან არაერთ საჯარო ღონისძიებაზე გამოჩნდა, ხოლო FIFA-მ მას 2026 წელს ორგანიზაციის პირველი „მშვიდობის პრემია“ გადასცა. ამ ურთიერთობამ საერთაშორისო მედიასა და ფეხბურთის წრეებში არაერთი კითხვა გააჩინა.

რა ხდება ახლა:

ანტონიუ გუტერეშის მეორე ვადა 2026 წლის ბოლოს სრულდება. მისი შემცვლელის დასამტკიცებლად კანდიდატმა ჯერ გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა უნდა მიიღოს, სადაც ნებისმიერ მუდმივ წევრს ვეტოს უფლება აქვს, შემდეგ კი გენერალური ასამბლეის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ინფანტინო აქამდე აცხადებდა, რომ FIFA-ს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას გეგმავს, ამიტომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რეალურად განიხილავს თუ არა გაეროს ხელმძღვანელის პოსტზე გადასვლას.


ცნობილია ისიც, რომ გუტიერეშის კონკურენტები ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი - მიშელ ბაჩელეტი და საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი იქნებიან. 





ასევე ნახე