14:38 | 11 აგვისტო, 2026 — თურქეთი
თურქეთის პარლამენტმა "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მებრძოლების ამნისტია დაამტკიცა
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი აკრძალული "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) მებრძოლებისთვის შეზღუდული და გარკვეული პირობებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ.
ვითარების არსი: 10 აგვისტოს, ამნისტიას მხარი 468 დეპუტატმა დაუჭირა, 88 წინააღმდეგი იყო, ხოლო ექვსმა თავი შეიკავა.
- ამავდროულად, კანონიში არ არის ნახსენები PKK-ს დამფუძნებელი აბდულა ოჯალანი, რომელიც უკვე 27 წელია პატიმრობაშია.
- დოკუმენტი ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც PKK-ს ყოფილ მებრძოლებს თურქეთში მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნებისკენ გზას უხსნის. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასჯელის აღსრულება რიგი დანაშაულებისთვის 5-დან 10 წლამდე ვადით შეჩერდება.
- თუ ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ახალ დანაშაულს არ ჩაიდენენ, გამოძიება შეწყდება, ხოლო სასჯელი მოხდილად ჩაითვლება. ამასთან, ამ დებულების მოქმედებიდან გამორიცხული იქნებიან მძიმე დანაშაულებში (მაგალითად, მკვლელობაში) მონაწილე პირები.
სტრიქონებს შორის: თურქი დეპუტატების მონაცემებით, პირველ ეტაპზე შესაძლოა გათავისუფლდეს თურქეთის ციხეებში მყოფი PKK-ს თითქმის 10 ათასი ყოფილი მხარდამჭერიდან დაახლოებით 3 500 ადამიანი.
- თუმცა, დებულებების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უსაფრთხოების ორგანოები დაადასტურებენ PKK-ისა და მასთან დაკავშირებული ძალების დაშლას, ასევე მათ მიერ იარაღის ჩაბარებას.
- შემდგომში ეს უნდა დაამტკიცოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და ოფიციალურ მოამბეში გამოქვეყნდეს.
- კანონპროექტს მხარი დაუჭირეს პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ," მისმა მოკავშირე "მროვნული მოძრაობის პარტიამ" და პროქურთული ოპოზიციური Dem Parti-მ.
დიდი სურათი: თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმა კანონს, როგორც "მნიშვნელოვან სიგნალს ტერორიზმისგან თავისუფალი თურქეთის" მხარდასაჭერად.
- ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ კანონმა "უნდა განამტკიცოს მშვიდობა, ასევე ქვეყნის ერთიანობა და მთლიანობა."
- ამავდროულად, PKK-ში განაცხადეს, რომ კანონის მიღება შედეგიანი არ იქნება, თუ აბდულა ოჯალანი არ გათავისუფლდება.
კონტექსტი: ოჯალანმა "ქურთისტანის მუშათა პარტია" 1978 წელს დააფუძნა, მოგვიანებით კი შეიარაღებული წინააღმდეგობის პოლიტიკის კურსი აირჩია, რითაც ქურთისტანის დამოუკიდებლობის მიღწევას ცდილობდა.
- მისი პარტია, კერძოდ, პასუხისმგებელია თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ მრავალ ტერაქტზე.1984 წლიდან მოყოლებული, PKK-სა და თურქეთის არმიას შორის საბრძოლო მოქმედებების დროს სულ მცირე 50 ათასი ადამიანი დაიღუპა.
- 2013 წელს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, თუმცა 2015 წლის ზაფხულში მშვიდობიანი პროცესი შეწყდა. 2025 წლის თებერვალში, ოჯალანმა, რომელიც სასჯელს თურქეთის კუნძულ იმრალიზე მდებარე ციხეში იხდის, ორგანიზაციას იარაღის დაყრისა და თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდა.
- სამი თვის შემდეგ, PKK-ის ხელმძღვანელობამ პარტიის დაშლისა და თურქული სახელმწიფოს წინააღმდეგ მრავალწლიანი შეიარაღებული ბრძოლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ივლისში განიარაღების პროცესი დაიწყო, ოქტომბრის ბოლოს PKK-მ თურქეთიდან შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა გამოაცხადა.