16:04 | 13 ივლისი, 2026 — რუსეთი
თურქეთთან ალიანსი, უკრაინის მხარდაჭერა და საბჭოთა ოკუპაცია - ალიევის მთავარი გზავნილები
აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიდინარე ფორუმზე ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
შუშის მე-4 გლობალური მედიაფორუმში მონაწილეობას იღებს 53 ქვეყნის დაახლოებით 160 მედიის წარმომადგენელი, ექსპერტი და ოფიციალური პირი. ორგანიზატორების თქმით, პროგრამა მოიცავს პანელურ დისკუსიებს და ინტერაქტიულ სესიებს.
უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვის საპასუხოდ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა დათანხმდეს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქოს პოზიცია ურყევია და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
"არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელისულებას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა დღესაც იმავე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას. უკრაინა სწორედ ასე იქცევა. ის არ ეგუება ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის ძალიან რთული მომენტებისა. ჩვენ მოწმენი გავხდით გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლისა, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო ოკუპაციის ფაქტობრივი გაფორმების პირობით. თუმცა, ამას არც უკრაინელი ხალხი და არც მისი ხელისუფლება არ დათანხმდა." - აღნიშნა ალიევმა.
შუშის მე-4 გლობალური მედიაფორუმი, 13 ივლისი, 2026
"რაც შეეხება იმას, თუ რა რჩევას მივცემდი მეორე მხარეს - მათ რომ ჩემთვის ეკითხათ, რა თქმა უნდა, გამოვთქვამდი ჩემს აზრს. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ თქვენი კითხვის ფარგლებში ამის განხილვა მიზანშეწონილი იქნება. ჩემი შეფასება ომის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თქვენი შეფასებისგან. მიმაჩნია, რომ ყველას დიდი ხნის წინ უნდა გაეცნობიერებინა - ეს ომი უნდა შეწყდეს. და ის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს არის აზერბაიჯანის პოზიცია. ეს არის ჩემი პირადი პოზიციაც. ეს ასევე არის ჩემი, როგორც იმ ქვეყნის ლიდერის პოზიცია, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებული იყო და რომელმაც შემდგომში ამ ოკუპაციას ბოლო მოუღო." - ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის ლიდერმა.
"აზერბაიჯანის პოზიცია უცვლელი რჩება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. არცერთი ქვეყნის საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალისმიერი გზით ან მისი ხალხის თანხმობის გარეშე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხში თანმიმდევრული და მტკიცეა." - თქვა ალიევმა.
"ძველი სირთულეები უკან დარჩა" - ალიევი მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე
ილჰამ ალიევმა ფორუმზე გამოსვლისას ყურადღება დაუთმო რუსეთთან ურთიერთობებსაც და განაცხადა, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოებები სრულად აღმოფხვრილია. მისი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა ამჟამად წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე მაღალ შეფასებას აძლევს რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებებს პარტნიორობის დინამიკასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის განმარტებით, წარსულში არსებული ყველა სირთულე უკან დარჩა, ხოლო დღევანდელი ურთიერთქმედება მოიცავს როგორც ტრადიციულ სფეროებს, ისე ახალ მიმართულებებს, მათ შორის სავაჭრო და ჰუმანიტარულ კავშირებს. სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ რეგიონი კარდინალურად შეიცვალა ყარაბაღის მეორე ომისა და აზერბაიჯანის მიერ სუვერენიტეტის აღდგენის შემდეგ, რის გამოც ძველი მიდგომები დღევანდელ რეალობას აღარ შეესაბამება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქომ არ დაუშვა მისი გამოყენება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ გეოპოლიტიკურ ინტრიგებში. ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ ანალოგიურ დამოუკიდებელ და დაბალანსებულ პოლიტიკას რეგიონის სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც გაატარებენ.
"აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კოლონია იყო"
შუშის მედიაფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ყოფნა რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში კოლონიური პერიოდია.
"ჩვენი კოლონიზაცია მე-19 საუკუნეში მოხდა. შემდეგ ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, სადაც დამოუკიდებლობა არ გაგვაჩნდა. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, რესპუბლიკა - დიახ, მაგრამ უუფლებო. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში შემოინახა იმის გაგება, თუ რას ნიშნავს იყო კოლონია და შემდეგ გახდე თავისუფალი სახელმწიფო," - ხაზი გაუსვა ალიევმა.
მისი თქმით, საბჭოთა წლებში აზერბაიჯანიდან "მილიარდობით ტონა ნავთობი გაჰქონდათ," თუმცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა და დღემდე იძულებულია აღმოფხვრას ინტენსიური ნავთობმოპოვებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანი.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ 1991 წლის შემდეგ რუსეთში ბევრი პროგნოზირებდა ყოფილი რესპუბლიკების სწრაფ კრახს, რადგან ისინი ვერ შეძლებდნენ დამოუკიდებლად საკუთარი თავის უზრუნველყოფას, თუმცა ეს პროგნოზები არ გამართლდა.
"ყველა მათგანი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს," - თქვა მან.
განსხვავება ტრამპსა და მის წინამორბედებს შორის
ალიევმა დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მიდგომები კარდინალურად განსხვავდება წინა ამერიკული ადმინისტრაციებისგან. მისი თქმით, ტრამპის კურსმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლას, რაც მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო რეგიონისთვის.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ ყარაბაღის ოკუპაციის პერიოდში წინა ადმინისტრაციები, ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად, ცდილობდნენ კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში შენარჩუნებას, რათა ის ბაქოზე და გარკვეულწილად ერევანზე გავლენის ბერკეტად გამოეყენებინათ. თუმცა, ტრამპის გუნდმა სრულიად განსხვავებული მიდგომა აირჩია და ყურადღება უშუალოდ მშვიდობის მიღწევაზე გადაიტანა.
ალიევის განცხადებით, მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ამერიკულმა მხარემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - მათ მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანის პოზიციას, მათ შორის ზანგეზურის დერეფნის საკითხში, და დაარწმუნეს სომხეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაში. მან ასევე ახსენა TRIPP-ის მარშრუტი (ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს - რედ.), რომელსაც დონალდ ტრამპის სახელი ეწოდა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია მიმდინარე წელსვე დაიწყება, რაც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას განამტკიცებს. მან მადლობა გადაუხადა ტრამპის გუნდსა და მის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ამ ძალისხმევისთვის.
უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრო გორდონი შუშის მე-4 გლობალურ მედიაფორუმზე
აზერბაიჯანისა და აშშ-ს ურთიერთობებზე
ბაქოსა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე საუბრისას, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ორმხრივი კავშირები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და მხარეები აქტიურად მუშაობენ ერთობლივი დეკლარაციის რეალიზებაზე.
ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის სატრანზიტო და ეკონომიკურ როლს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის გავლით სომხეთში უკვე გაიგზავნა 40 ათას ტონაზე მეტი ტვირთი რუსეთიდან და ყაზახეთიდან, ასევე მეზობელ ქვეყანაში აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების მიწოდებაც დაიწყო, რითაც ერევანს მსოფლიო ბაზარზე რესურსების ძებნის აუცილებლობა მოუხსნა.
პრეზიდენტმა ასევე მედიას განუცხადა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ პარტნიორობის დეკლარაციაზე, რაც მოიცავს თანამშრომლობას ხელოვნური ინტელექტის, თავდაცვისა და სხვადასხვა პროდუქციის მიწოდების სფეროებში. მან გაიხსენა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა გააუქმა ემბარგო აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდებაზე, ანალოგიური გადაწყვეტილებები ბრიტანეთმა და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომაც მიიღეს.
აზერბაიჯანისა და თურქეთის "ურყევ მეგობრობასა და ძმობაზე"
ფორუმზე გამოსვლისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქულ სააგენტო "ანადოლუსთან" ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ანკარასთან არსებულ ურყევ მეგობრობასა და ძმობას. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა, ხოლო ორივე ხალხი იზიარებს საერთო ხედვას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ალიევმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ხუთი წლის წინ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ხელი მოაწერა ისტორიულ შუშის დეკლარაციას. ამ დოკუმენტმა ოფიციალურად დაადასტურა და სამართლებრივად გააფორმა ორ ქვეყანას შორის არსებული მოკავშირეობრივი და ძმური ურთიერთობების ხასიათი.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა უსაფრთხოების გარანტიებზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი არა მხოლოდ მოძმე ქვეყნები, არამედ ოფიციალური მოკავშირეები არიან.
"აზერბაიჯანი და თურქეთი არა მხოლოდ ძმური და მეგობარი ქვეყნები, არამედ მოკავშირეებიც არიან. თუ ერთი მხარისთვის საფრთხე წარმოიქმნება, მეორე მხარე სრულ პოტენციალს, მათ შორის სამხედრო შესაძლებლობებს, გამოიყენებს ძმური ქვეყნის დასაცავად," - ხაზგასმით აღნიშნა ალიევმა.