უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლების 10 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას 24 სექტემბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა გაანადგურეს ოთხი თვითმფრინავი (Su-25, ორი Su-30 და ერთი Su-34), ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის ავიაციამ, გენერალური შტაბის მონაცემებით, მტრის წინააღმდეგ 19 დარტყმა განახორციელა სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად, ხოლო სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ - 21 დარტყმა.
"დადასტურდა მტრის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 14 უბნის და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ხუთი პოზიციის განადგურება. დაიბომბა ოთხი სამეთაურო პუნქტი, მტრის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 10-ზე მეტი უბანი, სამი საჰაერო თავდაცვის პოზიციეა და საბრძოლო მასალის ოთხი საცავი", - განმარტეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.
გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგები ჯერ კიდევ ზუსტდება.