უკრაინამ თურქეთისგან ამერიკული შეიარაღების დიდი პარტია შეისყიდა, მათ შორის 70 ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტა, 12 სარაკეტო სისტემა M270, 2 ათასზე მეტი კასეტური საბრძოლო მასალა და 47 ათასი საარტილერიო ჭურვი.
ვითარების არსი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილის თანახმად, შეიარაღების გადაცემა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაიწყება. შესყიდვის ღირებულება დაახლოებით 280 მილიონ დოლარს შეადგენს.
- პაკეტში შედის 70 ერთეული M39 ATACMS-ის ტიპის რაკეტს შედარებით ადრეული მოდიფიკაცია, რომლის მოქმედების რადიუსი დაახლოებით 165 კილომეტრია.
- ტრანსპორტირებას რამდენიმე კერძო კომპანია უზრუნველყოფს, მათ შორის თურქული MKE, ASFAT და ARCA Savunma, ბულგარული VTIC International და ამერიკული Pansophico და Patriot Defense Group.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთს სურვილი აქვს შეამციროს მოძველებული შეიარაღების მარაგები, რათა ფინანსური რესურსები არსებული სისტემების მოდერნიზაციასა და შენარჩუნებაზე დახარჯოს.
სტრიქონებს შორის: დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვაშინგტონმა შეწყვიტა უკრაინის პირდაპირი სამხედრო დახმარება, რის გამოც კიევს მოუხდა სხვა პარტნიორების მხარდაჭერაზე დაყრდნობა ძირითადი შეიარაღების მისაღებად.
- თურქეთის მიერ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვა რეექსპორტის პროცედურის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.
- იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ ამერიკული კანონის თანახმად, კონგრესმა უნდა განიხილოს ამერიკულ შეიარაღებასთან დაკავშირებული ასეთი გარიგებები, თუ მიწოდების თავდაპირველი ღირებულება 14 მილიონ დოლარს აღემატება.
- თუ ორი კვირის განმავლობაში კონგრესი არ მიიღებს ერთობლივ რეზოლუციას, რომელიც კრძალავს რეექსპორტს, გადაცემა ავტომატურად იქნება დაშვებული.
დიდი სურათი: M39 ATACMS-ის პირველი რაკეტები უკრაინამ 2023 წლის შემოდგომაზე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მიიღო.
- 2024 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონმა კიევისთვის რაკეტების უფრო თანამედროვე ვერსიების მიწოდება დაიწყო, რომელთა მოქმედების რადიუსიც 300 კმ-მდეა. თავდაპირველად უკრაინას ATACMS-ის გამოყენება მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე შეეძლო, თუმცა 2024 წლის ნოემბერში აშშ-მა ნება დართო ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიც დაებომბათ.
- The Kyiv Independent წერს, რომ გასული წლის განმავლობაში უკრაინამ ATACMS მხოლოდ რამდენჯერმე გამოიყენა, რადგან ამ რაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. ხოლო ირანთან ომის შემდეგ ATACMS-ების დეფიციტი თავად აშშ-საც აქვს.