ახალი ამბები

13:08 | 08 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

უკრაინის საოკუპაციო ზონაში თავისუფლების დონე ჩრდილოეთ კორეაზე დაბალია - FM

ნულოვანი პოლიტიკური უფლებები, ცენზურა, საიდუმლო პატიმრობები ადვოკატისა და ექიმის გარეშე და დეპორტაციის მუდმივი საფრთხე - გამოცემა Politico უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასალას ავრცელებს, რომელიც ავტორიტეტულ ორგანიზაცია Freedom House-ს ეყრდონობა.

ვითარების არსი: მასალის თანახმად, Freedom House-მა ზედიზედ მეორე წელია უკრაინის ოკუპირებული აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონები მსოფლიოში ყველაზე არათავისუფალ ადგილად დაასახელა - თავისუფლების დონით ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ სუდანსა და ღაზის სექტორსაც კი გადაუსწრო.

დეტალურად: ადგილობრივი მოსახლეობა კრემლის უმკაცრესი კანონმდებლობის სამიზნეა, რაც მოიცავს:

  • რუსეთის მოქალაქეობის თავსმოხვევას გადარჩენისა და საბაზისო სერვისების მიღების სანაცვლოდ;

  • რეჟიმის იარაღს პოლიტიკური დისიდენტებისა და რელიგიური უმცირესობების გასანადგურებლად;

  • მოსახლეობის ტოტალურ თვალთვალს, ინდოქტრინაციასა და ქონების უკანონო ჩამორთმევას.

ანგარიშის თანახმად, მოსკოვი მიზანმიმართულად ცვლის რეგიონის ეთნიკურ შემადგენლობას უკრაინული იდენტობის წასაშლელად და პოლიტიკური ბალანსის გადასახრელად.

  • ადგილობრივ სკოლებში რუსიფიკაცია მიმდინარეობს, უკრაინული ენის გამოყენება თუ სიმპათიის გამოხატვა "ექსტრემიზმად" ითვლება, ხოლო რუსეთის ცენტრალური და აღმოსაველთი რეგიონებიდან მოსახლეობის ჩასახლება წახალისებულია, რაც კულტურული გენოციდის ნიშნებს ატარებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ოკუპანტ ძალას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ცვლილებების შეტანას პირდაპირ უკრძალავს.

  • მიუხედავად ამისა, კრემლი ამტკიცებს, რომ ეს მიწები "რუსეთის ნაწილია" და საერთაშორისო ნორმებს სრულად უგულებელყოფს.

რას ამბობენ: გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლიდან რუსეთმა უკრაინის მოქალაქეთა უფლებების შემზღუდველი სულ მცირე 16 კანონი და ბრძანებულება მიიღო

  • "ეს ოკუპაცია რეპრესიების, ჩაგვრისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე დოკუმენტირებული სისტემაა მსოფლიოში, რადგან მისი დიდი ნაწილი საჯარო სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული. ეს არის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის სისტემური მიდგომა".
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე