21:00 | 11 ივლისი, 2026 — აშშ
უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტები, შესაძლოა, გერმანიაში აწარმოონ - Reuters
უკრაინის არმიის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ამერიკული რაკეტების წარმოება, სავარაუდოდ, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დაიწყება.
ვითარების არსი: სააგენტო Reuters-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ განიხილება გერმანიის ვარიანტი.
- გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს კიევს რაკეტების წარმოების პროცესის დაჩქარებაში, არის გერმანია, რომელმაც შექმნა საკუთარი საწარმოო ჯაჭვი PAC-2 ტიპის რაკეტებისთვის.
- მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განაცხადა, რომ ახალი რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში ან ევროპის სხვა ქვეყანაში დამზადდება, რადგან ეს უფრო უსაფრთხო ვარიანტია.
- პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ომის დასრულების შემდეგ წარმოება, შესაძლოა, უკრაინაში გადაიტანონ.
სტრიქონებს შორის: 8 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზიას, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან.
- "ამგვარად, ვეღარ იწუწუნებთ, რომ საკმარისად არ გაძლევთ," - უთხრა ტრამპმა ზელენსკის ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრის დასაწყისში.
- "მოდი ასე ვთქვათ: თვითონ დაამზადეთ," - თქვა ტრამპმა. "კომპანიისთვის ამის შესახებ ჯერ არ გვითქვამს, მაგრამ ყველაფერი კარგად გვარდება." ამჟამად ამ თანამედროვე ანტიბალისტიკურ საჰაერო თავდაცვის რაკეტას ამერიკული კომპანია Raytheon აწარმოებს.
დიდი სურათი: უკრაინას რამდენიმე თვეა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების დეფიციტი აქვს, რის გამოც, ის რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებას ვერ ახერხებს. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელიწადში ამ სისტემის მხოლოდ 500 რაკეტა იწარმოება.
- 6 ივლისს, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 29 ბალისტიკური რაკეტიდან ვერცერთის ჩამოგდება ვერ შეძლო, რადგან უკრაინაში Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების სერიოზული დეფიციტია.
- "ბალისტიკური რაკეტები რომ ჩამოაგდო, უნდა გქონდეს რითიც ჩამოაგდებ. სისტემები - საკმარისია, საჭიროა რაკეტების მუდმივი მოწოდება. რუსები იყენებენ იმ ფაქტორს, რომ უკრაინაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, PAC2 და PAC3 ტიპის საზენიტო რაკეტების სერიოზული დეფიციტი შეიმჩნევა, ამიტომ რუსები მეტად კონცენტრირდებიან ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებზე." - აღნიშნა იგნატმა.