22:08 | 03 აგვისტო, 2026 — უკრაინა
ზალუჟნი: "12 წელი ვუსმენდი ზღაპრებს გაწევრიანებაზე - უკრაინა ნატო-ში არასდროს იქნება"
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა და ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივის არ სჯერა და მოუწოდა, ყურადღება უსაფრთხოების სფეროში სხვა ალიანსების განვითარებაზე გამახვილდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.
ვითარების არსი: ელჩმა სიტყვით გამოსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მაღალი რანგის დიპლომატების დისკუსიის დროს დაიწყო.
- „ძალიან კარგად ვიცნობ ნატო-ს. ალბათ 12 წელი პირადად ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები აგვეთვისებინა და ყოველწლიურად ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, ახლა გავწევრიანდებით ნატო-ში. მასში, სამწუხაროდ, არასდროს გავწევრიანდებით!“ - გაუსვა ხაზი გენერალმა ზალუჟნიმ.
- ზალუჟნის მიაჩნია, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ „შეუძლებელია იმ განვითარების დონით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს, შეუერთდე ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
დეტალურად: მან ასევე უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა ნატო-ს შესაძლებლობები, მიუხედავად მასში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წევრობისა.
- „დიდი ალბათობით, ნატო დარჩება იმავე სახით, როგორიც არის და დაახლოებით 12 წელი დასჭირდება, ისევე როგორც უკრაინას, რათა გადავიდეს სტანდარტებზე, რომელთა მიღწევაც აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაციის დონის ნახევარს მაინც გაუტოლდეს“ - განაცხადა მან.
- ამ შეფასების მიუხედავად, ზალუჟნიმ აღიარა, რომ „უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეისათვის ჯერ კიდევ არის ნატო-ს ქვეყნებში“, მათ შორის საჰაერო, სარაკეტო თავდაცვისა და კოსმოსური შესაძლებლობების სფეროში.
დიდი სურათი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, ზალუჟნის ეფექტურად მიაჩნია არა ნატო, არამედ სხვა გაერთიანებები.
- „უკრაინა... დაუკავშირდება ბლოკებსა და კავშირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდება. დიდი ალბათობით, საუბარი იქნება ევროპულ სამხედრო-უსაფრთხოების ბლოკზე“.