ახალი ამბები

11:11 | 05 აგვისტო, 2026 — რუსეთი

ზელენსკი: კიევზე რუსეთის თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 44 კი - დაშავდა. მან პარტნიორებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება.

ვითარების არსი: "ამ დროისთვის ცნობილია 44 დაშავებულის შესახებ კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად. კიდევ 17 ადამიანი, სამწუხაროდ, დაიღუპა. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს." - აღნიშნა მან.

  • ზელენსკის თქმით, შეტევის ძირითადი სამიზნე სამოქალაქო საწარმოების სასწყობო ფართები გახდა. ასევე, რუსებმა დარტყმები მიაყენეს ინფრასტრუქტურასა და რკინიგზის სადგურს. შეტევის ობიექტებს შორის პრეზიდენტმა დაასახელა ლუდის მწარმოებელი კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკა.

სტრიქონებს შორის: ასევე, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ანტიბალისტიკურ რაკეტებს შეეძლოთ დაღუპულთა სიცოცხლის გადარჩენა და პარტნიორებს მოუწოდა, ნუ გააჭიანურებენ მათ მოწოდებას.

  • "პარტნიორებს, რომლებიც არ არიან მზად უფრო აქტიურად დაეხმარონ ახლა უკრაინის საჰაერო თავდაცვას, შეუძლიათ დაეხმარონ ახალი სანქციებით. რუსული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ბალისტიკურ იარაღს აწარმოებენ, სანქციების ქვეშ არ ექცევა. საჭიროა ახალი ნაბიჯები G7-ის, ევროკავშირისა და ყველას მხრიდან, ვინც მხარს უჭერს სიცოცხლის დაცვას. მადლობა მათ, ვინც მზადაა სწორედ ასე დაგვეხმაროს." - თქვა მან.

დიდი სურათი: 5 აგვისტოს ღამეს რუსულმა ჯარებმა უკრაინას 24 ბალისტიკური რაკეტით, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 115 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 98 დრონი გაანადგურეს.

  • ამავდროულად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო.

კონტექსტი: უკრაინის ხელისუფლება უკვე თვეებია საუბრობს, რომ Patriot-ის საჰერო თავდაცვის სისტემის რაკეტების დეფიციტზე.

  • 29 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტები სთხოვა, რათა ქვეყანამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების მოგერიება შეძლოს.
  • ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი უკრაინას დაპირდა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა 31 ივლისს განაცხადა, რომ "დარწმუნებული არ არის," მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.
  • "ეს უაღრესად მძლავრი იარაღია და… ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, ვის ვაძლევთ ლიცენზიას. ჩვენ, ფაქტობრივად, არ გავცემთ აღჭურვილობის ლიცენზიებს." - აღნიშნა ტრამპმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე