ახალი ამბები

14:02 | 27 ივლისი, 2026 — რუსეთი

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან 30 ათასი სამხედროს გაგზავნას ელის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30 ათასი სამხედროსა და ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების მისაღებად ემზადება.

ვითარების არსი: "ჩვენ ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს სურს მიიღოს კიდევ 30 ათასი სამხედრო ჩრდილოეთ კორეიდან: ივნისიდან მოყოლებული ვორონეჟის ოლქში მათ მისაღებად ემზადებიან. ასევე ჩრდილოეთ კორეა ემზადება რუსეთს გადასცეს ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარები." - აღნიშნა ზელენსკიმ.

  • მისი თქმით, რუსეთი ეხმარება ჩრდილოეთ კორეას ომის სწავლაში და სრულყოფს მის შეიარაღებას, ეს კი საფრთხეს უქმნის "აზიაში ყველას, ვინც ჩრდილოეთკორეული რაკეტების მოქმედების რადიუსში იმყოფება. ჩვენ ამას დავუპირისპირდებით."

სტრიქონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციის გაფართოებისთვის ემზადება.

  • "ჩვენ გვაქვს დაზვერვის დეტალური მოხსენებები რუსული გეგმების შესახებ შემოდგომისთვის. რა არ არის იქ, რუსულ გეგმებში, ეს არის მშვიდობა. სამწუხაროდ. ჯერჯერობით არ არის. პუტინი ამზადებს პირობებს მობილიზაციის გაფართოებისთვის. მისი დანაკარგების ციფრები თავისთავად მეტყველებს." - თქვა მან.
  • "ამ წლის არასრულ შვიდ თვეში რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში 221 ათასი ადამიანი შევიდა. მაშინ, როდესაც რუსების დანაკარგებმა იმავე პერიოდში თითქმის 225.5 ათასი შეადგინა, მათგან 131 ათასი - დაღუპული, თითქმის 93 ათასი - დაჭრილია, დაჭრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი მძიმეა, ვინაიდან რუსებს ძალიან ცუდი ფრონტალური სამედიცინო მომსახურება აქვთ. პუტინი ემზადება უბრალოდ წაიყვანოს ახალი რუსები ომში. ის ამას ნიღბავს სხვა სიტყვებით, სიგნალებით, მაგრამ ემზადება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ რუსეთზე საკმარისი ზეწოლის განხორციელება, რათა ამ აგრესიის შეწყვეტაზე ფიქრმა დაიწყოს დომინირება - ფიქრმა მშვიდობაზე და არა დამატებით მობილიზაციაზე." - აღნიშნა ზელენსკიმ.

დიდი სურათი: რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. ფხენიანი მოსკოვს აქტიურად ამარაგებს საბრძოლო მასალით, ბალისტიკური რაკეტებითა და სამხედრო ტექნიკით, სანაცვლოდ კი რუსეთისგან იღებს სარაკეტო-კოსმოსურ ტექნოლოგიებს, ენერგორესურსებსა და ფინანსურ მხარდაჭერას.

  • ამ პარტნიორობის ყველაზე კრიტიკული ნაწილი გახდა ჩრდილოეთკორეული რეგულარული ჯარების უშუალო ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში - კურსკის ოლქსა და ფრონტის სხვა სექტორებში ათასობით ჯარისკაცის გაგზავნა, რამაც ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო ალიანსი ახალ სიბრტყეში გადაიყვანა.

ასევე ნახე