აშშ-მ სირიაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ კიდევ ერთი ლიდერი მოკლა
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოხდა.
უპილოტო საფრენი აპარატით მოკლული მაჰერ ალ-აგალი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ხუთეულში შედიოდა.
„ალ-აგალი ერაყის და სირიის გარეთ ისლამური სახელმწიფოს ქსელის გაძლიერებაზე იყო პასუხისმგებელი“, - წერია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
უწყების თანახმად, ოპერაციას მშვიდობიანებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ორგანიზაცია თეთრი ჩაფხუტების ინფორმაციით, თავდასხმისას შესაძლოა კიდევ ერთი პირი დაიღუპა.
„მისი ლიკვიდაცია ისლამური სახელმწიფოს უნარებს, დაგეგმოს და განახორციელოს ტერორისტული აქტები, მნიშვნელოვნად დაასუსტებს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
თებერვალში აშშ-ს ლიდერობით ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი რეიდი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშის ლიკვიდაცია მოხდა.
2019 წელს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გაანადგურეს ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.
დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაცია, რომელიც ერთ დროს ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებდა, დაღმასვლის ფაზაში შევიდა.
თუმცა ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა დაჯგუფებები რეგიონში მყიფე პოლიტიკური და უსაფრთხოების ფონის გამო დროდადრო აქტიურდებიან.