ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს
ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ.
„მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, - თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის სანაცვლოდ ბრიუსელი უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს პირობების დარღვევის და რუსული ნავთობის იმპორტის გაგრძელების უფლებას მისცემდა.
ვასილევის განცხადებით, ბულგარეთს მსგავსი შეღავათი სჭირდება, რადგან ამ დროისთვის ქვეყანას რუსული ნავთობის ჩასანაცვლებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია.
დღეს ბულგარეთში ნავთობის მთავარი მიმწოდებელი ნეფტოქიმ ბურგასის გადამამუშავებელი საწარმოა, რომელსაც რუსული ლუკოილი ფლობს.
ჯამში აღმოსავლეთბალკანური ქვეყანა რუსეთიდან მოხმარებული ნავთობის ნახევარს იღებს.
რუსულ ნავთობზე ემბარგოს ცალსახად ეწინააღმდეგება უნგრეთი.