გერმანელმა მწვანეებმა კოალიციური მოლაპარაკებების ფორმალურად დაწყებას მხარი დაუჭირეს
გერმანიის მწვანეთა პარტიის კონგრესმა მხარი დაუჭირა პოლიტიკური ძალის სოციალ-დემოკრატებთან და თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციაში შესვლას.
70 დელეგატიდან მხოლოდ 2 იყო ამ ტიპის კოალიციაში შესვლის წინააღმდეგი, ერთმა კი თავი შეიკავა.
"ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვითამაშოთ გადამწყვეტი როლი პროგრესის მთავრობაში. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ შეგვიძლია ამ პასუხისმგებლობის აღება", - ნათქვამია ტვიტერზე გავრცელებულ პარტიის განცხადებაში.
თუკი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, გერმანიაში ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატები 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში გადავლენ. კანცლერობის კანდიდატი მოქმედი ფინანსთა მინისტრი, პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცია.
მწვანეების ლიდერებმა ანალენა ბერბოკმა და რობერტ ჰაბეკმა პარტიის წევრებს მოუწოდეს მხარი დაეჭირათ კოალიციაში შესვლისთვის, რადგან პარტია უზრუნველყოფს "ინვესტირებას კლიმატის დაცვაში, კვლევაში, განათლებასა და დიგიტალიზაციაში."
"თუ გვინდა რამე შევცვალოთ, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ შემდეგ დეკადაში მხარს დავუჭერთ, ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ მომავლის დიდ მიზნებზე", - თქვა მწვანეების ლიდერმა ანალენა ბერბოკმა.