ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი არმინ ლაშეტი გადადგომას აპირებს
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა არმინ ლაშეტმა მიანიშნა, რომ არჩევნებზე პარტიის ისტორიაში ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგის გამო გადადგომას აპირებს.
ქრისტიან-დემოკრატები მეორე ადგილზე გავიდნენ და 24.1% მიიღეს. მათ 2017 წელთან შედარებით 6.5 მილიონით ნაკლები ხმა მიიღეს.
პრეს-კონფერენციაზე ლაშეტმა თქვა, რომ პარტიაში შიდა დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერობიდან ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ პარტიამ ახალი ლიდერი ორჯერ აირჩია. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერობის კანდიდატები ცენტრისტი არმინ ლაშეტი და უფრო მემარჯვენე-კონსერვატორი ფრიდრიხ მერცი იყვნენ.
"საჭიროა პარტიის შიდა განახლება, მათ შორის თავმჯდომარის და პოლიტიკური საბჭოს", - აღნიშნა ლაშეტმა.
მისი თქმით, პარტიაში საჭიროა ახალი ადამიანები, ისინი ხელისუფლებაში იქნებიან თუ ოპოზიციაში.
ლაშეტმა განაცხადა ისიც, რომ მისი პარტია ისევ ღიაა მოლაპარაკებებისთვის მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატებთან.