-

შედეგები 

როგორც ბოლო ერთი თვის გამოკითხვებით მოსალოდნელი იყო, 25.7%-ით არჩევნებში პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატები გავიდნენ. ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების კავშირი (CDU/CSU) მეორე ადგილზეა 24.1%-ით, მესამეზე კი მწვანეები არიან 14.8%-ით, მათ 11.5%-ით თავისუფალი დემოკრატები  მოსდევენ. “ალტერნატივა გერმანიისთვისხმების 10.3%-ით მეხუთე ადგილზე გავიდა. მემარცხენე პარტია, იმის მიუხედავად, რომ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა (მათ 4.8% მიიღეს), ბუნდესტაგში მაინც ხვდება - გერმანული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ პარტიის კანდიდატები მინიმუმ სამ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებენ, მაშინ 5%-იანი ბარიერი აღარ მოქმედებს - მემარცხენეებმა 26 სექტემბერს ზუსტად სამ მაჟორიტარულ ოლქში მოიგეს. 

 

გამარჯვებულები და დამარცხებულები 

განსხვავებით საპრეზიდენტო არჩევნებისგან, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია, საპარლამენტო სისტემებში, მითუმეტეს, თუ პროპორციული საარჩევნო წესი მოქმედებს, ვითარება უფრო ჩახლართულია - სანამ პარტიებს შორის კოალიციაზე მოლაპარაკებები არ დასრულდება, ნაადრევია იმის თქმა, ვინ მოიგო და ვინ წააგო 

გერმანელებმა ეს მშვენივრად იციან - ასე, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1976 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა 48.6%-ით მოიგეს. ნებისმიერ საპარლამენტო სისტემაში, ნებისმიერი პარტიისთვის, ეს შესაშური წარმატება იქნებოდა, თუმცა გერმანიაში 1976 წელს ქრისტიან-დემოკრატები მაინც ოპოზიციაში დარჩნენ, ხოლო მთავრობაში - სოციალ-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიცია შედგა. 

მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო მარტივად იყო - ბუნდესტაგში სამი პარტია ხვდებოდა და ყველაფერი მათ შორის უნდა გარკვეულიყო. ახლა, როდესაც ბუნდესტაგში ექვსი პარტიაა და მომავალი კოალიცია, დიდი ალბათობით, სამპარტიული იქნება, საქმე უფრო რთულადაა. 

ამ ეტაპზე გამარჯვებულებს და დამარცხებულებს ის განსაზღვრავს, ვინ რა კარტით ხვდება კოალიციურ მოლაპარაკებებს. შევეცდებით, პარტიების მიღებული შედეგები წმინდა არითმეტიკული თვალსაზრისის გარდა, ამ ჭრილში გავაანალიზოთ. 

 

სოციალ-დემოკრატები 

არჩევნების საღამოს მთავარი გამარჯვებულები, ერთმნიშვნელოვნად, სოციალ-დემოკრატიული პარტია და პირადად მათი კანცლერობის კანდიდატი, ოლაფ შოლცი არიან. მათი შედეგი 5.2%-ით მეტია იმასთან შედარებით, რაც პარტიამ 2017 წლის არჩევნებზე მიიღო. თავის მხრივ, 2017 წლის შედეგი სოციალ-დემოკრატებისთვის ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიისთვის 25.7% წარმატებად ძნელად ჩაითვლებოდა, რომ არა გერმანული პოლიტიკური სპექტრის ფრანგმენტაცია - წლევანდელზე დაბალი ხმების წილი სოციალ-დემოკრატებმა გფრ- ისტორიაში მხოლოდ ორჯერ, 2009 და 2017 წლებში მიიღეს. 

გუშინდელი შედეგი მათთვის მაინც შთმბეჭდავია - სოციალ-დემოკრატები ორიოდ წლის წინ გამოკითხვებში სულ რაღაც 11%-ზე, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყვნენ. აღმასვლის მთავარი მიზეზი მათი კანცლერობის კანდიდატი, ოლაფ შოლცია. იმათგან, ვინც 26 სექტემბრის არჩევნებზე პარტიას ხმა მისცა, 48% ამბობს, რომ ოლაფ შოლცი რომ არა, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

სოციალ-დემოკრატებმა ხმების ყველაზე დიდი წილი უშუალო კონკურენტებს, ქრისტიან-დემოკრატებს წაართვეს. დაახლოებით 12 მილიონი ამომრჩევლიდან, ვინც წელს SPD- მისცა ხმა, თითქმის ორმა მილიონმა წინა არჩევნებზე მერკელის პარტიას დაუჭირა მხარი, საპირისპიროდ კი დაახლოებით ნახევარი მილიონი მოიქცა. შოლცის პარტიამ ბევრი ისეთიც გადმოიბირა, ვინც წინა არჩევნებზე მემარცხენე პარტიას მისცა ხმა - ასეთი ჯამურად 640 ათასზე მეტი ამომრჩეველია. ასევე, სოციალ-დემოკრატებმა ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მიიღეს იმათგან, ვინც წინა არჩევნებზე არ ყოფილა. 

ამგვარად, პირველ ადგილზე გასული ოლაფ შოლცი კოალიციურ მოლაპარაკებებს კანცლერობის მთავარი პრეტენდენტის როლში ხვდება. თუმცა, გარანტირებული არაფერია - მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მას მოუწევს სხვა პარტიების, პირველყოვლისა, მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების იმაში დარწმუნება, რომ კოალიციის შეკვრა სწორედ მასთან ღირს. 

 

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი 

მთავარ ისტორიულ მეტოქესთან შედარებით, ქრისტიან-დემოკრატების ბანაკში ვითარება დიამეტრულად განსხვავებულია - 24.1% პარტიისთვის კატასტროფული, ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგია 

წინა არჩევნებზე პარტიამ თითქმის 9%-ით მეტი მიიღო. გფრ- ისტორიაში კი აქამდე ყველაზე ცუდი შედეგი ქრისტიან-დემოკრატებს 1949 წელს ჰქონდათ, როცა ომის შემდეგ პირველი არჩევნები ჩატარდა და პოლიტიკური სპექტრის კონტურები გამოკვეთილი არ იყო - მაშინ მათ ხმების 31% მიიღეს, პირველ ადგილზე გავიდნენ და კონრად ადენაუერი კანცლერი გახდა. 

გუშინდელ არჩევნებზე ქრისტიან-დემოკრატებმა ხმები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით დაკარგეს: 2017 წელს მიღებული 15 მილიონზე მეტი ხმიდან 1.5 მილიონზე მეტი სოციალ-დემოკრატების, 900 ათასზე მეტი მწვანეების, დაახლოებით ნახევარი მილიონი კი თავისუფალი დემოკრატების სასარგებლოდ წავიდა 

ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ქრისტიან-დემოკრატების დიდი პრობლემა - საკუთარი ამომრჩევლის გადაბერება. 2017 წლის ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერების 7.2% ამ არჩევნებისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ახალი ამომრჩევლებიდან და 18-დან 24 წლამდე გერმანელებიდან პარტიას მხოლოდ 10%-მა მისცა ხმა. 

თუ სოციალ-დემოკრატების შემთხვევაში წარმატების მთავარი მიზეზი ოლაფ შოლცი იყო, ქრისტიან-დემოკრატებისთვის თავიანთი კანცლერობის კანდიდატი კრახის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია 

ქრისტიან-დემოკრატების ამომრჩევლის მხოლოდ 10% ამბობს, რომ არმინ ლაშეტი რომ არა, სხვა პარტიას მისცემდა ხმას. ამომრჩეველთა მხოლოდ 20% ამბობს, რომ კანცლერის პირდაპირი წესით არჩევა რომ შესძლებოდათ, ხმას ლაშეტს მისცემდნენ. შედარებისთვის, 45% ამბობს, რომ ხმას ოლაფ შოლცს მისცემდა. კითხვას, არის თუ არა კანცლერის თანამდებობისთვის შესაფერისი - არმინ ლაშეტის შემთხვევაში დადებითად გამოკითხულთა 27%-მა უპასუხა, ოლაფ შოლცის კი - 66%-მა. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქრისტიან-დემოკრატებისთვის ყველაფერი დაკარგული არაა. არითმეტიკულად, იამაიკის კოალიცია შესაძლებელია გუშინდელი შედეგების გათვალისწინებითაც. ეს ახალი კოალიციის ერთადერთი რეალისტური ვარიანტია, სადაც ქრისტიან-დემოკრატები ყველაზე დიდი პარტია იქნება. დრო გვიჩვენებს, რამდენად გამოიყენებენ ისინი ამ თუნდაც მცირე შანსს. 

 

მწვანეები 

ამ არჩევნებზე მწვანეები ერთდროულად გამარჯვებულებიც არიან და დამარცხებულებიც. გუშინდელი შედეგი პარტიის ისტორიაში ყველაზე დიდია, წინა არჩევნებთან შედარებით კი თითქმის 6%-ით მეტი 

18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში პარტია პირველ ადგილზეა, ახალ ამომრჩევლებში კი მეორეზე და თავისუფალ დემოკრატებს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება. მწვანეების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა დიდ ქალაქში, სადაც არაერთ ოლქში სწორედ მათმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ყველაზე მეტი ხმა - თითქმის მილიონი - მწვანეებმა ქრისტიან-დემოკრატებისგან წაიღეს. არანაკლებ ცოტა ამომრჩეველი წაართვეს მემარცხენე ბანაკს - ნახევარ მილიონამდე მემარცხენე პარტიას და დაახლოებით 250 ათასი სოციალ-დემოკრატებს. ამდენივე მიემხრო მათ თავისუფალი დემოკრატების ყოფილი მხარდამჭერებისგან. 

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ 2017 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდს, მწვანეთა შედეგი არც ისე შთამბეჭდავი შეიძლება ჩანდეს. ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ ისინი გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატებს ეცილებოდნენ პირველ ადგილს, პარტიის რეიტინგი 25-30%- აღწევდა და მათი ლიდერი ანალენა ბერბოკი მემარცხენე ფლანგიდან კანცლერობის მთავარი კანდიდატი იყო. გუშინდელი  შედეგებით კი მწვანეები მეორეადგილოსან ქრისტიან-დემოკრატებზე 10%-ით უკან აღმოჩნდნენ, აღარაა ლაპარაკი SPD-ზე, რითაც პირველ მწვანე კანცლერზე ოცნებაც შეუძლებელი გახდა. 

მნიშვნელოვანწილად, ეს შეუძლებელი თავად პარტიის კანდიდატმა გახადა, ქრისტიან-დემოკრატების მსგავსად. მწვანეების ამომრჩევლის მხოლოდ 6%-მა თქვა, რომ ბერბოკის გარეშე პარტიას ხმას არ მისცემდა. კითხვებზე, ვინაა კანცლერობისთვის შესაფერისი და ვის აირჩევდნენ კანცლერად პირდაპირი წესით, ანალენა ბერბოკს არათუ ოლაფ შოლცზე, არამედ არმინ ლაშეტზე უარესი შედეგები აქვს. წინა თვეების გამოკითხვებზე დაკვირვებით ჩანს, რომ მწვანეების პარტიული რეიტინგის კლება ბერბოკთან დაკავშირებულ სკანდალებს ემთხვეოდა. 

ამდენად, გუშინდელი არჩევნები მწვანეებისთვის ორაზროვნად შეიძლება შეფასდეს - ერთი მხრივ, ისტორიულად მაღალი შედეგით, პარტია, დიდი ალბათობით, მომდევნო სამთავრობო კოალიციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მეორე მხრივ კი ეს როლი კიდევ უფრო დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო. 2021 წლის არჩევნები პარტიისთვის ერთდროულად დიდი წარმატებაცაა და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაც. 

 

თავისუფალი დემოკრატები 

ლიბერალებისთვის 26 სექტემბრის არჩევნები ნამდვილად წარმატებული გამოდგა. ბოლო არჩევნების შემდეგ გადამხდარი კრიზისების ფონზე, 2020 წლის პირველ ნახევარში, თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი 5%-მდე დავარდა, რითაც პარტიას ბუნდესტაგს გარეთ დარჩენა ემუქრებოდა 

ამის მიუხედავად, ლიბერალებმა შეძლეს, 2017 წლის არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერა, მართალია  მცირედით, მაგრამ მაინც გაეუმჯობესებინათ - თითქმის 1%-ით. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პარტიის შედეგი ახალ ამომრჩეველში, რომელთა შორის ლიბერალები პირველ ადგილზე არიან 23%-ით. 18-24 წლამდე ახალგაზრდებში თავისუფალ დემოკრატებს მხოლოდ მწვანეები უსწრებენ 2%-ით, მათი მხარდაჭერა კი ამ ასაკობრივ ჯგუფში 9%-ით გაიზარდა. 

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანცლერობის კანდიდატი არ ყოფილა, ამ არჩევნებზე წარმოდგენილი პარტიების ლიდერებს შორის კრისტიან ლინდნერზე მაღალი პირადი მოწონების რეიტინგი მხოლოდ ოლაფ შოლცს აქვს. 

იმ პირობებში, როცა თავისუფალ დემოკრატებს 2017 წლის 5 მილიონი მხარდამჭერიდან მხოლოდ 40%-მა მისცა ისევ ხმა, პარტიამ შეძლო, რომ ქრისტიან-დემოკრატების ამომრჩევლებისგან ჯამურად ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მიემხრო, AfD-სგან 200 ათასზე, ხოლო მემარცხენე პარტიისგან 100 ათასზე მეტი. ამას დაემატა დაახლოებით 400 ათასი ახალი ამომრჩეველი და ჯამში თავისუფალმა დემოკრატებმა წელს 5.3 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს. 

გამყარებული პოზიციით თავისუფალი დემოკრატებს მომავალ კოალიციურ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ. დიდია იმის შანსი, რომ მწვანეებთან ერთად ლიბერალები ახალ მთავრობაშიც ამოყოფენ თავს 

ახლა მთავარი ისაა, ვინ იქნება ამ ორი პარტიის ძირითადი კოალიციური პარტნიორი - სოციალ-დემოკრატები, როგორც მწვანეებს ურჩევნიათ თუ ქრისტიან-დემოკრატები, როგორც თავისუფალი დემოკრატები ამჯობინებენ. არც ისაა გამორიცხული, ბოლოს ორივე სამთავრობო კაბინეტს გარეთ დარჩეს, ზუსტად ისე, როგორც 2017 წელს. 

 

ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) 

ამ არჩევნებმა დაადასტურა, რასაც რამდენიმე კვირის წინ AfD-ზე ვწერდით - პარტიის მხარდაჭერა დაახლოებით 10%-იან ნიშნულზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს ამდენი ერთგული ამომრჩეველი, თუმცა ზრდის პოტენციალი შეზღუდული აქვს 

ამის მიზეზი არსებული მხარდამჭერების გულის მოფხანაზე ორიენტირებული, რადიკალიზებული პოლიტიკაა, ნაცვლად იმისა, რომ AfD- საკუთარი ამომრჩევლების ბაზის გაფართოებაზე იფიქროს. ამ ჩაკეტილობამ ისიც გამოიწვია, რომ თითქმის ყველა წონიანი ლიდერი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობდა, დღეს პარტიიდან წასულია. 

2017 წელთან შედარებით, როცა მიგრანტების საკითხი კვლავ დუღდა, პარტიას ამომრჩევლების 2.3% მოაკლდა, რაც მილიონ ხმაზე მეტია. ამ ამომრჩევლებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით 250 ათასი, ამჯერად სოციალ-დემოკრატებს მიემხრო, 200 ათასზე მეტი - თავისუფალ დემოკრატებს, 350 ათასზე მეტი კი არჩევნებზე საერთოდ არ წავიდა ან ხმა მცირე პარტიებს მისცა. დადებითი ბალანსი AfD- მხოლოდ მემარცხენე პარტიასთან აქვს - ულტრა-მემარცხენეებისგან ულტრა-მემარჯვენეებმა 90 ათასი ამომრჩეველი მოიმხრეს. 

AfD- მხარდაჭერა კვლავინდებურად ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ოლქებშია თავმოყრილი - საქსონიისა და თიურინგიის ოლქებში ალტერნატივა გერმანიისთვის პირველ ადგილზეა. 

რა თქმა უნდა, AfD- რაიმე კონფიგურაციის კოალიციაში მოხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტია - ამას საერთოდ არავინ განიხილავს. 

 

მემარცხენე პარტია 

ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მემარცხენეები გუშინდელი დღის ყველაზე დიდი დამარცხებულები არიან 

წინა არჩევნებთან შედარებით მათი მხარდაჭერა ლამის განახევრდა და 5%-იან ბარიერს ჩამოსცდა. რომ არა ზუსტად სამი მოგებული მაჟორიტარული მანდატი, პარტია ბუნდესტაგს გარეთ რჩებოდა. მას შემდეგ, რაც მემარცხენეები ამ სახით გამოდიან არჩევნებზე, 4.8% ყველაზე ცუდი შედეგია. აქამდე ყველაზე დაბალი წილი მათთვის 8.6% იყო. 

მემარცხენე პარტია, პირველ რიგში, სხვა გერმანული მემარცხენე პარტიების აღმასვლამ იმსხვერპლა. 2017 წელს მათ დაახლოებით 4.3 მილიონი ხმა მიიღეს - წელს მათი 650 ათასამდე ამომრჩეველი სოციალ-დემოკრატების, 500 ათასამდე კი მწვანეების მხარეს გადავიდა 

გარდა ამისა, მემარცხენეებმა ხმები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დაკარგეს - 2017 წლის ამომრჩევლებიდან 500 ათასი არჩევნებზე ან არ ყოფილა, ან პატარა პარტიებს მისცა ხმა. მემარცხენე პარტიამ ხმები დაკარგა სამივე ცენტრიდან მარჯვნივ მდგომი პარტიის - ქრისტიან-დემოკრატების, თავისუფალი დემოკრატებისა და AfD- სასარგებლოდაც. შედეგად, ისინი 2.3 მილიონი ხმის ამარა დარჩნენ. 

მხარდაჭერის ასეთი მკვეთრი ვარდნის ფონზე მემარცხენეების მთავრობაში მოხვედრა უკვე გამორიცხულია 

არჩევნების დღემდე მომდევნო კოალიციის ერთ-ერთ რეალისტურ ვარიანტად სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და მემარცხენეების კოალიცია, იგივე R2G განიხილებოდა, არჩევნების შედეგებით კი ამ სამი პარტიის მანდატების ჯამი ბუნდესტაგში უმრავლესობას არ ყოფნის. მემარცხენეებისთვის ეს კონფიგურაცია მთავრობაში მოხვედრის ერთადერთი ვარიანტი იყო. 

 

რა მოხდება ახლა? 

დიდი ალბათობით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას თვეები დასჭირდება, იქამდე კი მერკელის მთავრობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას 

ზოგიერთი სხვა საპარლამენტო ქვეყნისგან განსხვავებით, გერმანიაში პარტიები ან მათი ლიდერები პრეზიდენტისგან მთავრობის ჩამოსაყალიბებელ მანდატს არ იღებენ - კოალიციური მოლაპარაკებები მთლიანად მათზეა დამოკიდებული. 

გუშინდელი შედეგებიდან გამომდინარე, კოალიციის ორი მეტად სავარაუდო კონფიგურაცია შუქნიშანი (სოციალ-დემოკრატები; მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები) და იამაიკაა (ქრისტიან-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები).  

სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს მიღებული მანდატებით უმრავლესობის შექმნა მარტოსაც შეუძლიათ, ამიტომ ის კონფიგურაციები, სადაც მათ მესამე პარტია ემატებოდათ, გამოირიცხება. 

ამ დროისთვის ოლაფ შოლციც და არმინ ლაშეტიც ამბობენ, რომ ახალი მთავრობის გაძღოლა თავად სურთ. თუმცა, სანამ დიდ პარტიებთან დასალაპარაკებლად მიუსხდებიან მაგიდას, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა გადაწყვიტეს, მოლაპარაკებები ერთმანეთში გამართონ. გერმანული არჩევნების ისტორიაში მცირე პარტიები ასეთ რამეს პირველად აკეთებენ 

ამდენად, ახლა ყველაფერი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შეძლებს მწვანეებისა და თავისუფალი დემოკრატების მოგებას. დიდი კოალიცია (სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები) ამჯერადაც ბოლო შესაძლებლობად განიხილება - რთული წარმოსადგენია, 8-წლიანი ერთობლივი მმართველობის შემდეგ, ამ ორ პარტიას ისევ უნდოდეთ მთავრობაში ერთად დარჩენა 

ამაზე დათანხმება განსაკუთრებით რთული ქრისტიან-დემოკრატებისთვის იქნება, რომლებსაც დიდი კოალიციის შემთხვევაში კანცლერის სავარძელზე უარის თქმა მოუწევთ. თუმცა, დაბალი ალბათობის მიუხედავად, გამორიცხული ახლაც არაა, ამ ორი პარტიის კოალიცია კიდევ ოთხი წლით, მოძლიერებული სოციალ-დემოკრატებით გაგრძელდეს. 

იქამდე კი ყველა შესაძლო კოალიციის ანალიზს შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მსგავსი სიახლეები