26 სექტემბერს გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან ერთად ანგელა მერკელი თანამდებობას 16 წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვებს.
დიდი ალბათობით, 1957 წლის შემდეგ პირველად, ქვეყანას სამპარტიული სამთავრობო კოალიცია ეყოლება. ამდენად, იმასთან ერთად, თუ ვინ ჩაანაცვლებს ანგელა მერკელს, გერმანიის მომავლისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რომელი პარტიები მოხვდებიან სამთავრობო კოალიციაში.
გამოკითხვების თანახმად, ბუნდესტაგში ექვსი პარტია უნდა შევიდეს.
სტატიების ციკლში გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა მათგანს გაგაცნობთ და შემდეგ განვიხილავთ, რა შესაძლო კომბინაციები არსებობს მომავალი სამთავრობო კოალიციისათვის.
დღევანდელ სტატიაში კი მემარჯვენე ბანაკის პარტიებს წარმოგიდგენთ:
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი (CDU/CSU)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერაში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ქვეყნის მთავარი მემარჯვენე-ცენტრისტული ძალაა. გფრ-ში პირველი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ 72 წელი გავიდა, აქედან 52 წელი ქვეყანას სწორედ ქრისტიან-დემოკრატი კანცლერი ედგა სათავეში.
ტრადიციულად, ქრისტიან-დემოკრატები (CDU) არჩევნებზე თავის “და” პარტიასთან, ქრისტიან-სოციალურ კავშირთან (CSU) ერთად გამოდიან.
ქრისტიან-სოციალური კავშირი, ფაქტობრივად, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბავარიული ფრთაა, რომელიც მხოლოდ ამ ოლქში იღებს მონაწილეობას. თავის მხრივ, ქრისტიან-დემოკრატები ბავარიაში არჩევნებში არ მონაწილეობენ და მხარს CSU-ს უჭერენ, ბუნდესტაგში კი ეს ორი პარტია უკვე ერთ ფრაქციას ქმნის.
ცვალებადი ქვეყნისა და ევროპის ფონზე, პარტია, რომელმაც მთავრობაში ყოფნის 52 წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ ხუთი კანცლერი გამოიცვალა, სტაბილურობისა და განგრძობითობის სიმბოლოდ იქცა. ამ ყველაფერს კი სხვადასხვა დროს განასახიერებდა პარტიის სამი ყველაზე გამორჩეული ლიდერი: კონრად ადენაუერი, რომელიც ქვეყანას 14 წლის განმავლობაში, 1949-იდან 1963 წლამდე მართავდა, რა დროსაც მეორე მსოფლიო ომისგან გაჩანაგებული ქვეყანა ევროპის წამყვან ეკონომიკად იქცა, რასაც თან ერთოდა ევროპული ინტეგრაციის ჩასახვა და განვითარება; ჰელმუტ კოლი, რომლის 16 წლიანი მმართველობის დროს (1982-1998) დაინგრა ბერლინის კედელი და ქვეყანა კვლავ გაერთიანდა, ამის პარალელურად კი ევროპული ინტეგრაცია გაღრმავდა, ძალაში შევიდა მაასტრიხტის ხელშეკრულება და შედგა შეთანხმება საერთო ევროპული ვალუტის შექმნაზე; და ანგელა მერკელი, რომელიც ასევე 16 წელია, რაც კანცლერის თანამდებობას იკავებს. მისი კანცლერობისას აღმოსავლეთ გერმანიის ფეხზე დასაყენებლად გაწეული და ისედაც მაღალი სოციალური ხარჯებით გადატვირთული ეკონომიკა კვლავ გაჯანსაღდა მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისისა და ევროზონის კრიზისის მიუხედავად, რომლებიდანაც მერკელის მთავრობამ ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით გამოიყვანა. Მმართველობის ამ პრაგმატულ და მშვიდ სტილს თან ახლდა ისეთი თამამი გადაწყვეტილებები, როგორებიც იყო ატომურ ენერგიაზე უარის თქმა 2011 წელს და მილიონზე მეტი ახლო აღმოსავლელი მიგრანტის მიღება 2015 წელს.
50-იანებიდან 90-იანების ბოლომდე ქრისტიან-დემოკრატებს ფედერალურ არჩევნებში 40%-ზე ნაკლები არ მიუღიათ. საპარლამენტო რესპუბლიკისათვის უჩვეულოდ მაღალი რეიტინგისა და განსხვავებული სოციალური ჯგუფების მობილიზების უნარის გამო, ქრისტიან-დემოკრატებს, სოციალ-დემოკრატებთან ერთად “სახალხო პარტიად” მოიხსენიებდნენ.
ვითარების შეცვლა 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, როცა პოლიტიკურ ველზე ახალი პარტიები გამოჩნდნენ. ფრაგმენტაციის შედეგად დიდი პარტიების რეიტინგიც შემცირდა. 1998 წლიდან ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგი 40%-ს ჩამოცდა, გამონაკლისი მხოლოდ 2013 წელი იყო, როცა პარტია ანგელა მერკელის მეთაურობით მესამედ გავიდა არჩევნებზე და ხმათა 41.5% აიღო. მომდევნო არჩევნებზე კი ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერა 32.9%-მდე შემცირდა.
სწორედ 2017 წელს განაცხადა ანგელა მერკელმა, რომ ეს მისთვის ბოლო საპარლამენტო ციკლი იქნებოდა და 2021 წლის არჩევნების შემდეგ კანცლერის თანამდებობას დატოვებდა. საკუთარი მემკვიდრისათვის გზის გასაკაფად, მერკელმა 2018 წელს ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა და მისი შემცვლელის ასარჩევად არჩევნები დაინიშნა, სადაც გადაწყვეტილება პარტიის 1000 დელეგატს უნდა მიეღო.
სწორედ ამ არჩევნებისთვის დაუბრუნდა პოლიტიკას ფრიდრიხ მერცი, მერკელის ძველი მეტოქე, რომელმაც 2002 წელს, შიდაპარტიულ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, ანგელა მერკელს ბუნდესტაგში ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაუთმო. ამის შემდეგ მერცი პარტიის მმართველობას ნელ-ნელა ჩამოსცილდა და 2009 წელს პოლიტიკაც დატოვა. დაბრუნებისას მისი მთავარი გზავნილი ქრისტიან-დემოკრატებისთვის გამოკვეთილი იდეოლოგიური პროფილის დაბრუნება იყო, რაც სოციალურ კონსერვატიზმსა და ეკონომიკურ ლიბერალიზმს გულისხმობდა.
ფრიდრიხ მერცი
უთვისებო ქალი
მაშ, რაში მდგომარეობდა ანგელა მერკელის დოქტრინა, რასაც მერცი დაუპირისპირდა? საქმე იმაშია, რომ თავისი მმართველობისას, ანგელა მერკელი მუდამ ერიდებოდა გამოკვეთილ იდეოლოგიური პოზიციას. მისი გადაწყვეტილებები ხშირად მიდიოდა პარტიული ლოგიკის წინააღმდეგ და პირდაპირი გაგებით, სხვა პარტიების პროგრამებიდან იყო აღებული. მისი ამოცანა პირველ რიგში ის იყო, რომ გაჰყოლოდა საზოგადოებრივ კონსენსუსს და არა საკუთარი პარტიის მხარდამჭერების სურვილებს.
Ამგვარად, ანგელა მერკელი ახერხებდა, რომ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფრაგმენტაციის მიუხედავად, მის პარტიას ფართო მხარდაჭერა შეენარჩუნებინა, რისი გასაღებიც საკუთარი თავის საზოგადოებრივი კონსენსუსის განსახიერებად წარმოჩენა იყო. აბა, რაღა საჭიროა მწვანეთა პარტია, თუ ატომურ ენერგიაზე მერკელი იტყვის უარს? ვის სჭირდება სოციალ-დემოკრატები, თუ მინიმალურ ხელფასს მერკელიც შემოიღებს?
იმის მიუხედავად, რომ მერკელმა ასეთი ნაბიჯებით ოთხჯერ შეძლო არჩევნების მოგება, ამ მიდგომას ერთი პრობლემა აქვს - ის იქამდე მუშაობს, სანამ ამომრჩეველი კონსენსუსით კმაყოფილია. კონსენსუსით უკმაყოფილება კი 2010-იანი წლების დასაწყისიდან 2017 წლამდე იზრდებოდა და მისი მთავარი განმასახიერებელი ახლად გაჩენილი პარტია, “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) იყო, რომელზეც ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ.
ეს პარტია სწორედ იმათი მხარდაჭერის მოპოვებისთვის იბრძოდა, ვინც მერკელის “უთვისებო” კურსს იწუნებდა და დანარჩენ პარტიებს მისგან დიდად ვერ ასხვავებდა, ამათგან დიდი ნაწილი კი წარსულში სწორედ ქრისტიან-დემოკრატებს უჭერდა მხარს. შედეგად, 2017 წელს ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერა 41.5%-დან 32.9%-მდე შემცირდა, AfD-მ კი ხმების 12.7% მიიღო.
ფრიდრიხ მერცი ქრისტიან-დემოკრატების წევრებს ჰპირდებოდა, რომ გამოკვეთილი იდეოლოგიის დაბრუნებით, პარტია გაუცხოებულ ამომრჩეველს და ძველ დიდებას დაიბრუნებდა. მერცს პარტიის ლიდერობისთვის მერკელის რჩეული, პარტიის იმჟამინდელი გენერალური მდივანი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი დაუპირისპირდა, რომელიც კანცლერის კურსის გამგრძელებლად მიიჩნეოდა. საბოლოოდ, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა პარტიის ლიდერი 2019 წელს მცირე სხვაობით გამარჯვების შემდეგ.
ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი და ანგელა მერკელი
თუმცა კრამპ-კარენბაუერის ხანა პარტიისთვის წარუმატებელი გამოდგა. ევროპარლამენტისა და რეგიონულ არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგების - ისევე როგორც რამდენიმე კონტრავერსული განცხადებისა და გამოკითხვებში დაბალი რეიტინგის ფონზე - მან 2020 წლის ბოლოს თქვა, რომ პარტიის ლიდერის თანამდებობას დატოვებდა.
ხელახალ არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღო ფრიდრიხ მერცმა. ამჯერად მას გერმანიის ყველაზე დასახლებული მიწის, ნორდრაინ-ვესტფალიის მინისტრ-პრეზიდენტი, არმინ ლაშეტი დაუპირისპირდა. ლაშეტი, კრამპ-კარენბაუერის მსგავსად, პარტიის ზომიერ ფრთას მიეკუთვნებოდა და მერცის წინააღმდეგ მერკელის რჩეულად სწორედ ის მიიჩნეოდა. ამ შემთხვევაშიც ზომიერმა კანდიდატმა გაიმარჯვა მცირე სხვაობით.
კაცი, რომელიც კანცლერი უნდა ყოფილიყო
ერთი შეხედვით, არმინ ლაშეტი მერკელის გზის სათანადო გამგრძელებელს ჰგავს, რადგან მასავით ზომიერ ფრთას მიეკუთვნება, თავს არიდებს მკაფიო იდეოლოგიურ პოზიციებს და კანცლერის მხარეს იკავებს კრიტიკულ მომენტებში, როგორიც, მაგალითად, 2015 წლის მიგრანტების კრიზისია.
სინამდვილეში კი მერკელსა და ლაშეტს შორის დიდი პიროვნული განსხვავებებია - თუ მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში, პროტესტანტი ღვთისმსახურის ოჯახში გაიზარდა, საფრანგეთისა და ბელგიის საზღვრის პირას გაზრდილი ლაშეტი ერთ დროს კათოლიკური გაზეთის რედაქტორი იყო. განსხვავებულია მათი ტემპერამენტი - თუ მერკელი თავშეკავებული და ცივია, ლაშეტი ლაღი ხასიათის პატრონი და თავისი მხარის ყოველწლიური კარნავალის დიდი მოყვარულია.
წლის დასაწყისში, როცა ლაშეტი პარტიის ლიდერი გახდა, მისი გზა კანცლერის კაბინეტამდე გაკაფული ჩანდა. ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც კრამპ-კარენბაუერის დროს 25%-მდე ჩავიდნენ გამოკითხვებში, პანდემიის შემდეგ 40%-საც კი აღწევდნენ. მწვანეები და სოციალ-დემოკრატები კი ახლოსაც არ ჩანდნენ - მათი რეიტინგი 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა.
2021 წლის დასაწყისში, ლაშეტის გალიდერების შემდეგ, ვითარებამ შეცვლა დაიწყო. თავდაპირველად, ქრისტიან-დემოკრატებს მწვანეები წამოეწიენ, რომელთაც კანცლერობის კანდიდატად ანალენა ბერბოკი წარადგინეს.
სწორედ ამ დროს დადგა პირველი გადამწყვეტი მომენტი ქრისტიან-დემოკრატების კამპანიაში. პარტიის გაუარესებული რეიტინგის ფონზე უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ იქნებოდა კანცლერობის საერთო კანდიდატი - CDU-ს ლიდერი არმინ ლაშეტი თუ ბავარიული CSU-ს ლიდერი მარკუს ზიოდერი, რომელიც, გამოკითხვების თანახმად, ლაშეტზე გაცილებით პოპულარული იყო. ამისდა მიუხედავად, 20 აპრილისთვის პარტიის ლიდერების ვიწრო წრე ლაშეტის კანდიდატურაზე შეჯერდა და ამგვარად გაგრძელდა წინასაარჩევნო კამპანია.
აქედან მალევე მწვანეების ანალენა ბერბოკის კანდიდატურას ჩრდილი მიადგა მის ბიოგრაფიაში უზუსტობებისა და მის წიგნში აღმოჩენილი პლაგიატის გამო. ამის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატების უპირატესობა კვლავ გაიზარდა და არმინ ლაშეტის გაკანცლერება კვლავ გარდაუვალი ჩანდა.
სწორედ ამ ფონზე დადგა მეორე გარდამტეხი მომენტი ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ივლისის შუაში დასავლეთ გერმანიასა და ბენილუქსს წყალდიდობა დაატყდა თავს, რომელსაც მარტო გერმანიაში 196 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად კი სწორედ ის მხარე დაზარალდა, რომელსაც არმინ ლაშეტი მართავს.
ქრისტიან-დემოკრატებში ფიქრობდნენ, რომ ეს მოვლენები, ისევე როგორც პანდემია, მათ რეიტინგზე დადებითად აისახებოდა, თუმცა არმინ ლაშეტმა ადვილად დაამტკიცა, როგორ ცდებოდნენ მისი თანაპარტიელები: 14 ივლისს, როცა ლაშეტის მხარეში ჩასული ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოდიოდა და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებდა, კამერებმა აღბეჭდეს, როგორ ხარხარებდა მის უკან მდგომი არმინ ლაშეტი.
პრეზიდენტ შტაინმაიერის უკან მდგარი არმინ ლაშეტი იცინის
ამის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგის შეუქცევადი ვარდნა დაიწყო, თუმცა ერთი განსხვავებით - მწვანეების მაგივრად მათ სოციალ-დემოკრატებმა გადაასწრეს. პარტია, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გამოკითხვებში 40%-ს აღწევდა, სექტემბრის დასაწყისისთვის 20%-დე ჩამოვიდა, რაც ქრისტიან-დემოკრატებისთვის აქამდე წარმოუდგენელი კატასტროფა იყო.
ბუნებრივია, რამდენადაც უადგილო არ უნდა ყოფილიყო არმინ ლაშეტის სიცილი პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე, ამხელა დაღმასვლის საფუძველი მხოლოდ ეს ვერ გახდებოდა. ლაშეტის წინდაუხედაობამ ზედაპირზე ამოიტანა ის პრობლემები, რომლებიც მის კამპანიას თავიდანვე ერთოდა და რის გამოც რთული წარმოსადგენია, რომ ვითარება კვლავ მის სასარგებლოდ შეტრიალდება.
აგვისტოს შუაში ლაშეტთან ინტერვიუს ჩასაწერად ჟურნალ Focus-ის ჟურნალისტი მივიდა. ჟურნალისტმა კანცლერობის კანდიდატს ჰკითხა, მერკელის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში პირველს რა საკითხებს მიაქცევდა ყურადღებას. ლაშეტმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ქვეყნის დიგიტალიზაციისკენ სწრაფი სვლა.
ბუნდოვანია, არა?
შემდეგ ლაშეტმა თქვა, რომ სურს, ქვეყანამ გარემოს დაცვისთვის დასახულ მიზნებს ისე მიაღწიოს, რომ მის ინდუსტრიას საფრთხე არ შეექმნას.
არც შამფური, არც მწვადი.
- “მესამე?” - ჰკითხა ჟურნალისტმა.
ლაშეტმა თავიდან ტუჩზე იკბინა, შემდეგ დაფიქრდა და შორს გაიხედა, მერე კი ჟურნალისტს უპასუხა: “პირველი ასი დღის პროგრამას მალე წარვადგენთ!”
არმინ ლაშეტმა კამპანიის დასაწყისშივე არასწორად გათვალა ის გზა, რომელიც კანცლერობამდე უნდა გაევლო. მისი წარმოდგენით, ყველაფერი მარტივად უნდა გამოსულიყო - ჯერ მერცს მოუგებდა და პარტიის ლიდერი გახდებოდა, შემდეგ ქრისტიან-დემოკრატები ზიოდერის ამბიციებს მოთოკავდნენ და ლაშეტი კანცლერობის კანდიდატი გახდებოდა, საიდანაც ბერლინამდე აღარაფერი იყო დარჩენილი.
ლაშეტს სათანადოდ არ უზრუნია იმაზე, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვებინა და კარგად დაერწმუნებინა ამომრჩეველი, თუ რატომ იყო სწორედ ის მერკელის მემკვიდრეობის საუკეთესო კანდიდატი.
მის მიდგომას შეიძლება ემუშავა წინა საუკუნეში, როცა ამომრჩევლის ბმა პარტიებისადმი ბევრად მყარი იყო. დღეს კი გერმანელებს არ გასჭირვებიათ, ტრაგედიის ფონზე მოხითხითე ლაშეტისთვის ზურგი ექციათ მისი სოციალ-დემოკრატი, ლიბერალი, მწვანე თუ ულტრა-მემარჯვენე მეტოქეების სასარგებლოდ.
რთულ მდგომარეობაში ლაშეტი აქამდეც არაერთხელ ყოფილა. 2017 წელს, როცა ნორდრაინ-ვესტფალიაში არჩევნები ტარდებოდა, ლაშეტის ქრისტიან-დემოკრატები სოციალ დემოკრატებს არჩევნებამდე სამი კვირით ადრე 9%-ით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ლაშეტმა არჩევნები მაინც მოიგო. რთული სათქმელია, შეძლებს თუ არა იმავეს დღეს. ფაქტი კი ისაა, რომ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ქრისტიან-დემოკრატები სოციალ-დემოკრატებს 5-6%-ით ჩამორჩებიან.
თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP)
ლიბერალური თავისუფალი დემოკრატების პარტია, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარიჟრაჟზე შეიქმნა 1948 წელს. 1950-იანი წლებიდან 90-იანების ბოლომდე თავისუფალ დემოკრატებს გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში საკვანძო როლი ჰქონდათ.
ამ პერიოდში ბუნდესტაგში ძირითადად სამი პარტია ხვდებოდა: “სახალხო პარტიები” - ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები უმეტესად ჯამში ხმების 80%-ზე მეტს აგროვებდნენ და თავისუფალი დემოკრატების რეიტინგი 6%-დან 12%-მდე მერყეობდა, სწორედ თავისუფალ დემოკრატებზე იყო დამოკიდებული თუ ვინ გახდებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი - არც ერთ დიდ პარტიას ცალკე არ ჰყოფნიდა მანდატები უმრავლესობისთვის, ამიტომაც აუცილებელი იყო კოალიცია თავისუფალ დემოკრატებთან.
ამდენად, 1949-იდან 1998 წლამდე თავისუფალი დემოკრატები მთავრობის გარეთ მხოლოდ შვიდი წლით იყვნენ. თავდაპირველად, ისინი ოთხჯერ შევიდნენ კოალიციურ მთავრობაში ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად, ვიდრე ლიბერალები 1966 წელს გადასახადების გაზრდის გამო შექმნილი უთანხმოების გამო კოალიციიდან გავიდოდნენ. 1969-იდან 1982 წლამდე თავისუფალი დემოკრატები სოციალ-დემოკრატებთან იყვნენ კოალიციაში, ვიდრე იმჟამინდელი ლიდერის, ჰანს-დიტრიხ გენშერის მეთაურობით კვლავ გამოვიდოდნენ სამთავრობო კოალიციიდან და კვლავ ქრისტიან-დემოკრატებს შეეკვრებოდნენ.
ჰანს-დიტრიხ გენშერი და ჰელმუტ კოლი
თავისუფალმა დემოკრატებმა საკვანძო როლი 90-იანების ბოლოს დაკარგეს, როცა ისტორიაში პირველად მთავრობაში მწვანეთა პარტია მოხვდა სოციალ-დემოკრატ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად.
ლიბერალები შვიდი წლით მთავრობის გარეთ დარჩნენ, ვიდრე 2009 წლის არჩევნებში ხმების რეკორდულად მაღალი წილი (14.6%) მიიღეს გიდო ვესტერველეს, ერთ-ერთი პირველი ღიად გეი გერმანელი პოლიტიკოსის მეთაურობით. შედეგად, თავისუფალი დემოკრატები მერკელის ქრისტიან-დემოკრატებთან აღმოჩნდნენ კოალიციაში.
თუმცა აღმასვლას მკვეთრი დაღმასვლა მოჰყვა - არჩევნებიდან მალევე ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რის გამოც პარტიის მთავარი დაპირება საგადასახადო რეფორმის შესახებ შეუსრულებელი დარჩა.
2013 წლის არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ისტორიაში პირველად ვერ გადალახეს 5%-იანი ბარიერი და ბუნდესტაგს გარეთ დარჩნენ.
ერთი კაცის შოუ
რთული მდგომარეობიდან პარტია ამჟამინდელმა ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა ამოიყვანა. ის პარტიის ლიდერი 2013 წელს გახდა და 2017 წელს შეძლო, რომ თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერა 4.9%-იდან 10.7%-მდე გაეზარდა.
წარმატების მიზეზი, პირველ რიგში, თავად ლინდნერია - გერმანიაში ხშირად ხუმრობენ, რომ FDP ერთი კაცის პარტიაა. მართლაც, ბოლო წლებში ის პარტიის, ფაქტობრივად, ერთადერთ თვალსაჩინო ლიდერად იქცა.
2017 წლის კამპანიისას ლინდნერი ხშირად საუბრობდა განახლებაზე, თუმცა ეს პიროვნებებს მეტად ეხებოდა, ვიდრე შინაარსს. ამისდა მიუხედავად, პარტიისთვის ტრადიციულ სალაპარაკო თემებს, როგორიცაა გადასახადების შემცირება და პრივატიზება, ლინდნერმა თანამედროვე გამოწვევებიც დაუმატა, როგორიც ციფრული ინფრასტრუქტურის განახლება და განათლების რეფორმა იყო.
კრისტიან ლინდნერი თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო პოსტერზე
2017 წელს მიღწეულ წარმატებას კრიზისული პერიოდი მოჰყვა. არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატები აცხადებდნენ, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციას აღარ განაახლებდნენ. შედეგად, დაიწყო წინასწარი მოლაპარაკებები ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს შორის. მოლაპარაკებების ბოლო ღამეს ჟურნალისტებთან გამოსულმა ლინდნერმა თქვა, რომ “არასწორად მართვას სჯობს, არ მართო”. ამ ფრაზით მან საზოგადოებას უთხრა, რომ მისი პარტიისთვის მიუღებელი იყო შესაძლო კოალიციის პირობები.
მთავრობის გარეთ დარჩენისთვის ყველაზე დიდი ფასი სწორედ თავისუფალმა დემოკრატებმა გადაიხადეს. მედიის ნაწილმა მოლაპარაკებების ჩაშლა მათ დააბრალა, ოპონენტებმა კი თავისუფალი დემოკრატებისგან უმწიფარი და ჩამოუყალიბებელი იმიჯის შექმნა სცადეს. შედეგად, ეს პარტიის რეიტინგზეც აისახა და თავისუფალი დემოკრატები გამოკითხვებში ერთნიშნა ციფრებზე ჩამოვიდნენ.
დაღმასვლა და აღმასვლა
გასულ საპარლამენტო ვადაში მეორე და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი პარტიას 2020 წლის თებერვალში დაატყდა თავს. აღმოსავლეთ გერმანიის მიწაში, თიურინგიაში ადგილობრივი არჩევნები 2019 წლის ბოლოს გაიმართა, თუმცა თებერვლამდე სამთავრობო კოალიცია ვერ შეიკრა.
5 თებერვალს, მრავალი ცდის შემდეგ, კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართა ადგილობრივ პარლამენტში. მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ამჯერად მთავრობის ჩამოყალიბება მოხერხდა, მთავრობის სათავეში კი თიურინგიის პარლამენტში ზუსტად 5%-ით მოხვედრილი თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, თომას კემერიხი აღმოჩნდა.
კემერიხის არჩევა კი იმან განაპირობა, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა და ულტრა-მემარჯვენე AfD-მ. ამ უკანასკნელის გამოჩენიდან ეს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა იყო, როცა პარტიამ რაიმე კოალიციაში მიიღო მონაწილეობა - ულტრამემარჯვენეებთან ალიანსი გერმანიაში ტაბუა.
შედეგად, თავისუფალი დემოკრატები და კემერიხი უმალ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვნენ. კრიტიკა მოდიოდა უკლებლივ ყველა პარტიიდან, თავისუფალი დემოკრატების წევრების ჩათვლით. მომხდარი მკაცრად დაგმო ანგელა მერკელმა, ქრისტიან-დემოკრატების მაშინდელ ლიდერს, ანეგრეტ-კრამპ კარენბაუერს თავის მართლება მოუხდა - როგორ აღმოჩნდა მისი პარტია ამ გაუგებრობაში.
კემერიხმა ორი დღის შემდეგ თქვა, რომ თანამდებობიდან წავიდოდა, თუმცა მის პარტიას ამან ვერ უშველა. თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერა თითქმის განახევრდა და ბევრ გამოკითხვაში 5%-მდე იყო ჩამოსული.
კრიზისული ციკლის მიუხედავად, პარტია წლევანდელ არჩევნებს გაუმჯობესებულ ფორმაში ხვდება, რასაც ორი მთავარი მიზეზი აქვს:
პირველი არმინ ლაშეტია. მისი არაპოპულარობის გამო, მემარჯვენე-ცენტრისტი ამომრჩევლების ნაწილმა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს ზურგი აქცია და თავისუფალ დემოკრატებს მიემხრო. როგორც ჟურნალ Focus-ისთვის ჩატარებული კვლევა აჩვენებს, თუ არმინ ლაშეტის პირობებში თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერა 13%-ია, ქრისტიან-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი CSU-ს ლიდერი მარკუს ზიოდერი რომ ყოფილიყო, ლიბერალები 6%-ზე ჩამოვიდოდნენ.
მეორე, რამაც თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერის ზრდა განაპირობა, მთავრობის პანდემიის პოლიტიკის კრიტიკა იყო. თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას ზედმეტად მკაცრი ზომების მიღებაში ადანაშაულებდნენ და განსაკუთრებით სამოქალაქო უფლებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
“პანდემიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როცა საქმე სამოქალაქო უფლებებს ეხება, შეგიძლიათ თავისუფალ დემოკრატებს ენდოთ. ამ უჩვეულო სიტუაციამ ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმის დეფორმაცია გამოიწვია”, - თქვა კრისტიან ლინდნერმა პარტიის კონფერენციაზე 2021 წლის მაისში.
ამგვარად, თავისუფალი დემოკრატები 2021 წლის არჩევნებს ლიბერალურ დღის წესრიგში თავდაჯერებულნი ხვდებიან ლოზუნგით - “გასაკეთებელი არასდროს ყოფილა ამდენი”.
თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად უნდა შემცირდეს მოგების გადასახადი, უძრავი ქონებისა და აღმოსავლეთ გერმანიის სოლიდარობის გადასახადები კი საერთოდ უნდა გაუქმდეს. პარტია ასევე ემხრობა უმუშევრობის შემწეობის შეზღუდვას და საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების შემცირებას.
2017 წლის მსგავსად, თავისუფალი დემოკრატები კვლავ ამახვილებენ ყურადღებას ციფრულ პოლიტიკაზე და პირადი მონაცემების დაცვის უკეთეს მექანიზმებზე. მათი აზრით, საჭიროა შეიქმნას ციფრული გარდაქმნის სამინისტრო, ხოლო ციფრული ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად სახელმწიფომ საკუთარი აქციები უნდა გაყიდოს ფოსტიდან და ტელეკომიდან.
სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს პარტია საკუთარი იდეების ხორცშესხმას იმ პირობებში, როცა მისი ბუნებრივი პარტნიორი, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი სულს ღაფავს.
ლიბერალები წელს კვლავ შეეცდებიან, თავიანთი საკვანძო როლი დაიბრუნონ მმართველი კოალიციის შექმნაში. მოხვდებიან თუ არა ახალ სამთავრობო კოალიციაში და რა შეიძლება, კომპრომისის სახით მიიღონ ან დათმონ, უკვე სხვა პარტიების შედეგებსა და მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, რისი გამოცდილებაც თავისუფალმა დემოკრატებმა ოთხი წლის წინ მიიღეს.
ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)
მემარჯვენე-პოპულისტური პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის 2013 წელს დააარსეს ევროკრიტიკოსმა კონსერვატორმა ინტელექტუალებმა. ევროზონის კრიზისის შემდეგ, ისინი ითხოვდნენ, რომ გერმანიას ევრო დაეტოვებინა და გერმანულ მარკაზე დაბრუნებული. ამასთან, მათთვის სასტიკად მიუღებელი იყო ის, რომ გერმანიას რაიმე სახის დახმარება გაეწია კრიზისით დაზარალებული სამხრეთული ქვეყნების, პირველ ყოვლისა, საბერძნეთისათვის.
2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიას ბუნდესტაგში მოსახვედრად სულ ცოტა დააკლდა - AfD-მ ხმების 4.7% აიღო და ამგვარად, ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
იმისდა მიუხედავად, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის მაშინ პარლამენტს გარეთ დარჩა, პირველი ევრო-სკეპტიკური პარტიის გამოჩენა, რომელიც კინაღამ ბუნდესტაგშიც მოხვდა, 2013 წლის არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი მოვლენა იყო.
სერფინგი ლტოლვილების ტალღაზე
2013 წელს მოვლენების სწრაფი და მოულოდნელი განვითარება მოჰყვა. AfD სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა ადგილობრივ არჩევნებში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ გერმანიის ოლქებში. თანდათან ევროს საკითხი უკანა პლანზე გადავიდა და წინ ისეთმა თემებმა წამოიწია, როგორიც ემიგრაცია, ისლამის როლი გერმანულ საზოგადოებაში და გერმანიის წარსულის გააზრება.
ამ ცვლილებების კულმინაცია 2015 წელს შედგა - პარტიის თავდაპირველი ლიდერი, ბერნდ ლუკე ყრილობაზე 40 წლის ფრაუკე პეტრისთან დამარცხდა, რის შემდეგაც ლუკემ პარტია მალევე დატოვა.
ლუკეს მოწინააღმდეგეების აზრით, ის ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობდა ევროპულ საკითხს და უგულებელყოფდა ისეთ თემებს, რომლებსაც პარტიისთვის რეგიონულ არჩევნებში წარმატება მოჰქონდა. ასეთები კი - როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ - შემოსული ლტოლვილების მზარდი რაოდენობა და მულტიკულტურული საზოგადოება იყო.
ბერნდ ლუკე და ფრაუკე პეტრი
“ინტეგრაციის დიდი პრობლემები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ისლამის მსგავსი რელიგია სახელმწიფოს იმგვარად ისახავს, რაც სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ევროპაში ვიცნობთ”, - თქვა 2015 წელს პარტიის კონფერენციაზე ახლად არჩეულმა ლიდერმა, ფრაუკე პეტრიმ.
ამგვარად, ეკონომიკური საკითხების გამო შექმნილი პარტიის მთავარ თემად ორ წელიწადში მიგრაცია იქცა. სწორედ ამ დროს, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი შედიოდა ახლო აღმოსავლეთიდან.
საიმიგრაციო ტალღის პარალელურად AfD-ს რეიტინგი გაორმაგდა და 2015 წლის ბოლოს უკვე 10%-ს მიაღწია. 2014 წელს ევროპარლამენტში შესვლის შემდეგ, პარტია თანდათანობით გერმანიის ყველა მიწის საკანონმდებლო ორგანოში ხვდებოდა, გამოკითხვებში კი სულ უფრო და უფრო უკეთეს შედეგებს აჩვენებდა.
მარჯვნისაკენ
AfD-ს ასეთ სწრაფ აღმასვლასთან გამკლავება გაუჭირდა. 2017 წელს სააშკარაოზე გამოვიდა დაპირისპირება შიდა პარტიულ ფრაქციებს შორის. ამ დროისათვის, პარტიაში სამი ბანაკი იყო ჩამოყალიბებული: პირველი პრაგმატიკოსებისგან შედგებოდა, ვისაც პარტიის შელახული იმიჯის გაწმენდა და სამომავლოდ, სამთავრობო კოალიციებისკენ გზის გაკვალვა სურდათ. მეორე ბანაკს ულტრა-ნაციონალისტები წარმოადგენდნენ, რომელთა ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი პარტიის თიურინგიის ფრთის ოდიოზური ლიდერი, ბიორნ ჰიოკე იყო. მათ ზურგს უმაგრებდა პარტიის მხარდამჭერთა დიდი ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიის ოლქებიდან, სადაც AfD-ს მხარდაჭერა ყველაზე მაღალია. მესამე ჯგუფში პოპულისტები შედიოდნენ, რომელთაც, მართალია, ულტრანაციონალისტები დიდად გულზე არ ეხატებოდათ, თუმცა მხარდამჭერების საამებლად მათკენ გადაიხარნენ.
2017 წლის დასაწყისში ბიორნ ჰიოკემ ბერლინის ჰოლოკოსტის მემორიალს “სირცხვილის მონუმენტი” უწოდა. მისი თქმით, გერმანია “ხსოვნის სულელურმა პოლიტიკამ დააკოჭლა”, რაც “180 გრადუსით უნდა შეცვლილიყო”. ფრაუკე პეტრიმ თიურინგელი თანაპარტიელის გამონათქვამები მკაცრად დაგმო და მათ “არასანქცირებული”, ხოლო თავად ჰიოკეს “პარტიის ტვირთი” უწოდა.
პეტრის კარგად ესმოდა, რომ თუ ჰიოკესნაირ ფიგურებს ვერ მოთოკავდა, პარტია სამუდამოდ მარგინალად დარჩებოდა. მან მალევე მოითხოვა ბიორნ ჰიოკეს პარტიიდან გარიცხვა. ამასთან, პეტრის სურდა, რომ 2017 წლის აპრილში გასამართ ყრილობაზე პარტიას პროგრამაში ანტირასისტული მუხლი ჩაეწერა.
კიოლნში გამართული ყრილობა ფრაუკე პეტრისთვის სრული კრახი გამოდგა - მისი ინიციატივა ანტი-რასისტული მუხლის შესახებ თანაპარტიელმა მეტოქეებმა მასხრად აიგდეს, დამსწრეებმა კი მისი სტრატეგია მთლიანად მოისროლეს. პეტრიმ შუა ყრილობისას დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა და მალევე თქვა, რომ სექტემბერში გასამართ არჩევნებში პარტიას აღარ გაუძღვებოდა.
ამის შემდეგ AfD-ს ლიდერები პოპულისტური ბანაკის წევრები - პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდერ გაულანდი და ლესბოსელი ბანკირი, ალის ვაიდელი გახდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ შიდა დაპირისპირების ფონზე პარტიის რეიტინგი შემცირებული იყო, სექტემბერში გამართულ არჩევნებზე AfD-მ ხმების 12.7% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა, რაც რამდენიმე პროცენტით აღემატებოდა იქამდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს. ამის სავარაუდო მიზეზი ის იყო, რომ საზოგადოებაში პარტიის დემონიზების და გამარგინალების გამო, მათი მხარდამჭერების ნაწილი არ ამბობდა, ვისთვის აპირებდა ხმის მიცემას.
2017 წლის არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა ფრაუკე პეტრიმ - შიდა პარტიული გადატრიალებით პარტიის სათავეში მოსული საქსონიელი თავადაც იმავეს ემსხვერპლა. ამის შედეგად პოპულისტური და ულტრა-ნაციონალისტური ჯგუფების გავლენა კიდევ უფრო გამყარდა. რა თქმა უნდა, ბიორნ ჰიოკე პარტიიდან არავის გაურიცხავს - მას კიდევ არაერთი სკანდალი ჰქონდა წინ. ამათგან ყველაზე გამორჩეული კი მისი 2019 წლის გამონათქვამები იყო იმიგრაციის შესახებ. ჰიოკეს თქმით, გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმიგრაციით იმდენად იზარალა, რომ “თითქოს კიდევ ერთი ომი წააგო”.
ორი წლის წინანდელის მსგავსად, ჰიოკეს ამ გამონათქვამსაც მოჰყვა შიდაპარტიული განხეთქილება. პარტიის ასობით წევრმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც მის დასჯას ითხოვდნენ. ამჯერადაც, პარტიის დანარჩენი ლიდერები ჰიოკეს წინააღმდეგ არ წავიდნენ და წერილს ხელი არ მოაწერეს - როგორც პარტიაში ამბობდნენ, დასავლეთ გერმანიაში მოგებული ერთი ხმა აღმოსავლეთში დაკარგულ ათს უდრიდა. შედეგად, AfD კიდევ არაერთმა წევრმა დატოვა, თუმცა განაწყენებულთა დიდი ნაწილი დასავლეთ გერმანიიდან იყო, აღმოსავლეთის ოლქებში კი პარტიის მხარდაჭერა არ შემცირებულა.
იმის გამო, რომ 2017 წელს ორი ყველაზე დიდი პარტია, ქრისტიან-დემოკრატები და სოციალ-დემოკრატები, მთავრობაში დარჩნენ, მესამე ადგილზე გასული ალტერნატივა გერმანიისთვის ბუნდესტაგში ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა გახდა. ამის გამო მათი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვეულებად ქცეული სკანდალები ამაზე დიდ გავლენას ვეღარ ახდენდა.
სტაგნაცია
ამისდა მიუხედავად, 2021 წლის არჩევნებს AfD მაინც სტაგნაციის ფაზაში ხვდება. ულტრა-ნაციონალისტების მოძლიერების ფონზე პარტიიდან გადინებული ინტელექტუალური რესურსის გამო AfD-ს ზრდის პოტენციალი დაკარგული აქვს. პარტიის რეიტინგი პანდემიის შემდეგ შემცირდა - ამ პერიოდში ალტერნატივა გერმანიისთვის რადიკალური კრიტიკით გამოვიდა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ.
პარტიის წევრები - მათ შორის ლიდერი ალის ვაიდელი - ხშირად იყენებენ ფრაზა “კორონა-დიქტატურას”, როცა შეზღუდვებზე საუბრობენ. AfD მთავრობას “შიშის პოლიტიკის” გამო აკრიტიკებს და უკვე თვეებია მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა შეზღუდვა.
ამასთან, AfD-ს არაერთი წევრი აცრის მოწინააღმდეგეების აქციებსაც უერთდებოდა, იმისდა მიუხედავად, რომ თავიდან პარტია მთავრობას ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო აკრიტიკებდა. პარტიის პროგრამაში წერია, რომ ალტერნატივა გერმანიისთვის არ ემხრობა აცრის არაპირდაპირ დავალდებულებას და მოითხოვს, სასწრაფოდ გაუქმდეს ნიღბის ტარების ვალდებულება.
AfD-ს ლიდერები - ალის ვაიდელი და ტინო ხრუპალა
პანდემიის გარდა, AfD-ს რადიკალიზაცია გარემოს დაცვითი საკითხებისადმი გამოთქმულ მოსაზრებებშიც ვლინდება. იმ ფონზე, როცა ამომრჩევლის ყველაზე დიდი ნაწილისთვის კლიმატის ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ხოლო პარტიები ერთმანეთს “მწვანე ტრანზიციის” ამბიციურ მიზნებში ეცილებიან, AfD-ში მიაჩნიათ, რომ გლობალური დათბობა ბუნებრივი პროცესია და მასში ადამიანის ხელი არ ურევია. პარტია ემხრობა ნახშირორჟანგის გადასახადის გაუქმებას და გამონაბოლქვის შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებს “თავისუფლებისთვის საფრთხის შემცველად” მიიჩნევს.
პარტიის პროგრამაში ასევე წერია, რომ ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს, აღდგეს “ფიზიკური ბარიერები” გერმანიის საზღვრებზე და ლტოლვილებს ოჯახების გერმანიაში ჩაყვანა სრულად აეკრძალოთ.
როგორც 2020 წლის დასაწყისში თიურინგიაში გამოჩნდა, დღეს “ალტერნატივა გერმანიისთვის” სრულად დემონიზებულია - მათთან ალიანსზე ლაპარაკს ვერავინ ბედავს, განსხვავებით მემარცხენე პარტიისგან, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის კომპარტიის პირდაპირი მემკვიდრეა.
იმის მიუხედავად, რომ გასული წლების განმავლობაში AfD-ს ულტრამემარჯვენე ფლანგი განუწყვეტლივ ძლიერდებოდა, რადიკალიზაციის ამხელა მასშტაბი მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო.
პარტიის ამჟამინდელი კურსით უკმაყოფილებას ზოგიერთი ლიდერი საჯაროდაც არ მალავს, თუმცა ძნელი სავარაუდოა, რომ შიდა პარტიულ დაპირისპირებაში ამჯერად მაინც გაიმარჯვებს ზომიერი ფლანგი. ასეთ პირობებში ალტერნატივა გერმანიისთვის სტაგნაციისთვისაა განწირული - მათი ამჟამინდელი მხარდაჭერა აჩვენებს, რომ მათ სტაბილური ამომრჩეველი მართლაც ჰყავთ, თუმცა ზრდის პოტენციალი უკიდურესად შეზღუდულია.