ისრაელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო გაიხსნა

ე.წ. აბრაჰამის შეთანხმების ხელმოწერიდან 10 თვის შემდეგ, ისრაელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო გაიხსნა. აბრაჰამის შეთანხმება ისრაელსა და რიგ არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას ითვალისწინებდა. 

შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა - არასრული ერთი წლის განმავლობაში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ხელშეკრულებას. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩო თელ-ავივის საფონდო ბირჟის შენობაშია განთავსებული. საელჩოს ოფიციალური გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის სიმბოლოა. 

გასულ კვირებში საამიროებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი. ლაპიდი პირველი ისრაელელი მინისტრი გახდა, რომელიც საამიროებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. 

თელ-ავივში საელჩოს გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ისრაელში მოჰამად ალ-ხაჯა და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. ორივე მათგანმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას. 

"ჩვენ გვსურს აბრაჰიმის შეთანხმებას უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდეს, რომელთაც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია სურთ",- განაცხადა ჰერცოგმა.

 

მსგავსი სიახლეები