NYT: ყირიმში მომხდარი აფეთქებების უკან ელიტური უკრაინული ქვედანაყოფი დგას

დღეს დილით, ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რაიონში რუსეთის სამხედრო საწყობების აფეთქების უკან უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფი დგას. ინფორმაციას ამის შესახებ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, New York Times ავრცელებს

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია ოკუპანტებთან ბრძოლის ასიმეტრიულ ტაქტიკას მიყვება, რაც რაოდენობრივად აღმატებული მოწინააღმდეგის წერტილოვანი მაგრამ მტკივნეული დარტყმებით დასუსტებას გულისხმობს. 

"უკრაინული დაზვერვის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით გვითხრა, რომ ჯანკოიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი მტრის ზურგში მოქმედი უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფია",- ნათქვამია გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში. 

ყირიმში მომხდარ ინციდენტზე უკრაინის ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ, თუმცა ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა და მისმა მრჩეველმა ამაზე მიანიშნეს. 

დღეს დილით, ჯანკოიში მდებარე რუსეთის არმიის შეიარაღების საწყობზე მოულოდნელად ცეცხლი გაჩნდა, რასაც მოგვიანებით დეტონაცია მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, მწყობრიდან გამოვიდა ახლოს მდებარე სარკინიგზო კვანძი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შემთხვევას მიზანმიმართული დივერსია უწოდეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დაზიანებულ სარკინიგზო კვანძს აქტიურად იყენებდნენ ოკუპანტები შეიარაღების გადასატანად და აფეთქების მახლობლად განლაგებული იყო საზენიტო დანადგარებიც. 

9 აგვისტოს ყირიმში საკის აეროდრომზე რამდენიმე დიდი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც განადგურდა რუსეთის რამდენიმე გამანადგურებელი და სხვა ტიპის ავიაცია.

31 ივლისს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე განხორციელდა შეტევა დრონით, რის შედეგადაც დაშავდა 10-მდე ადამიანი.  

მსგავსი სიახლეები