რატომ არის არგენტინაში წლიური ინფლაცია 50%-ზე მეტი
წარმოგიდგენია ყოველ ჯერზე სუპერმარკეტში წახვიდე კვირის მარაგისათვის და ფასები აწეული დაგხვდეს?
„სტატისტიკისა და აღწერის ეროვნული ინსტიტუტის“ უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ეს ხდება მათ თავს, ვინც არგენტინაში ცხოვრობს და თანაარსებობს წლიურ 52.1% ინფლაციასთან ერთად.
თუ არ ჩავთვლით ვენესუელის ჰიპერინფლაციას, არგენტინა ამ მხრივ რეგიონში პირველ ადგილზეა.
ოქტომბრის ფასთა ინდექსის თანახმად, ლათინური ამერიკის მესამე ეკონომიკას თითქმის ხუთჯერ დიდი ინფლაცია აქვს, ვიდრე რეგიონის ყველაზე დიდ სახელმწიფოს - ბრაზილიას (11%) და რვაჯერ მეტი, ვიდრე სიდიდით მეორე ეკონომიკას - მექსიკას (6.2%).
ხარჯები, რომელიც ყოველ კვირას საშუალოდ 1%-ით იზრდება, არგენტინელების შემოსავლებს აჩანაგებს და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც სიღარიბის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა და ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 42-50%-ს შეადგენს.
_______________________
მაღალი ინფლაცია ახალი არაა არგენტინისთვის. თუ ბევრ სხვა ქვეყანაში თვიური 4%-მდე ინფლაცია უჩვეულოა და ზოგჯერ წლიურიც კი ვერ აღწევს ამდენს, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, არგენტინაში ფასები თავბრუდამხვევად იზრდებოდა.
ყველაზე უარესი იყო 1989 წლის ჰიპერინფლაცია, როდესაც ფასები 3000%-ზე მეტად გაიზარდა, რასაც რაულ ალფონსინის ხელისუფლების მარცხი მოჰყვა. ამ უკანასკნელს უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიის დაბრუნება (დიქტატურის შემდეგ) და პესოს მიმოქცევაში ჩაშვება, რაც დღესაც გამოიყენება.
90-იან წლებში „კონვერტირებადობამ“ ადგილობრივი ვალუტა დააკავშირა დოლართან, რამაც ინფლაცია გააქრო, მაგრამ ეს პროცესი 2001 წლის დეკემბერში დასრულდა საბანკო დეპოზიტებთან დაკავშირებული “კორალიტოს“ კატასტროფით.
ამან გამოიწვია ძალადობრივი პროტესტი და პრეზიდენტ ფერნანდო დე ლა რუას გადადგომა („კორალიტო“ იყო იმ ზომების ერთობლიობა, რომელიც 2001 წელს მიიღო მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა დომინგო კავალომ, რათა შეეჩერებინა ბანკებიდან დოლარში არსებული ანაბრების გატანა და ამიტომ გაყინა მომხმარებელთა ანგარიშები. თავად ეს სიტყვა ნიშნავს საქონლისთვის საჭირო შემოღობილ სივრცეს - მას არგენტინაში საბავშვო მოედნის მნიშვნელობაც აქვს და მიანიშნებს დაწესებულ შეზღუდვებზე).
საუკუნის დასაწყისში ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა განაახლა ინფლაციის ციკლი, რომელმაც ხელახლა აჩქარება პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის მმართველობის მეორე ვადის დროს დაიწყო და 50%-იან ბარიერს პრეზიდენტ მაურისიო მაკრის (2015-2019) მანდატის დასრულებისას გადასცდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს, პანდემიის გამო ეკონომიკის ზრდის ტემპი შეფერხდა, ინფლაცია 36%-მდე შემცირდა. წელს წლიურმა მაჩვენებელმა 52% შეადგინა და ბევრი ეკონომისტის პროგნოზით 2022 წელს ის უფრო მაღალი იქნება.
რატომ ასე მაღალი?
რატომ გრძელდება ეს პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში არგენტინაში, როცა იგი რეგიონის არცერთ სხვა ქვეყანას არ ეხება?
ორთოდოქსი ეკონომისტების აზრით, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ძირითადი მიზეზი მარტივია: ქვეყანა სისტემატურად ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე უნდა ხარჯავდეს.
სტატისტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2003-2008 წლებში არ ყოფილა ფისკალური დეფიციტი (ამ პერიოდში ყველაზე მაღალი იყო საერთაშორისო ფასები ნედლეულზე, რაც შემოსავალზეც აისახა).
და არც ისეა, რომ არგენტინას მცირე გადასახადები ჰქონდეს, უფრო პირიქით: მსოფლიო ბანკის მიხედვით ქვეყანა იმ სახელმწიფოთა რიცხვშია, რომელსაც ეკონომიკაში მაღალი საგადასახადო წნეხი აქვს.
მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, შემოსავლები არაა საკმარისი სახელმწიფო ხარჯების დასაფარად და მთავრობა ფინანსირებისათვის ორ გზას მიმართავს - ვალის აღებას და ფულის ემისიას.
პირველმა არგენტინა დეფოლტამდე ან ვალების გადახდის შეწყვეტამდე (9 ჯერ) მიყვანა, რამაც ქვეყანას გაურთულა კრედიტების მიღება იმ პროცენტებში, რითაც მისი მეზობლები სარგებლობდნენ.
ამ შეზღუდვამ ქვეყანა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა მეორე ვარიანტზე და გაზარდა ფულის მასა - ფულის ბეჭდვა (ან როგორც ეკონომისტები უწოდებენ „ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა“).
ეს არის ემისია, რომელმაც ორთოდოქსული შეხედულებით, გამოიწვია ინფლაცია.
მიმდინარე ინფლაციური ციკლი
ეკონომიკური საკონსულტაციო ფირმა „Eco go”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარინა დალ პოჟეტომ (Marina Dal Poggetto) BBC-ის განუმარტა თუ რატომაა, ვენესუელის გამოკლებით, არგენტინა ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს მაღალი ინფლაციის პრობლემა.
„80-იან წლებში ბევრ ლათინოამერიკულ ქვეყანას აწუხებდა ინფლაცია და 90-იან წლებში ყველამ - არგენტინის ჩათვლით - მოძებნა მისი დაძლევის სქემა“, - განაცხადა მან.
მაგრამ საუკუნის დასაწყისში „სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებით, არგენტინამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წელში გაემართა ვალუტა და შეენარჩუნებინა ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.“
„რეგიონში ყველა დანარჩენმა სახელმწიფომ ისარგებლა დოლარის გლობალური დევალვაციით და ნედლეულზე არსებული მაღალი ფასებით, რაც ლათინური ამერიკის ეკონომიკას ჰქონდა 2000-იან წლებში, რათა ეს დაეკავშირებინათ თავიანთ ვალუტებთან მომგებიანი პროცენტებით. ასე რომ, მათ დააფასეს და შექმნეს თავიანთი ვალუტები“, - აღნიშნა პოჟეტომ.
მისივე თქმით, არგენტინას, რომელიც მოდიოდა 2001 წლის კრიზისიდან, მუდმივად ჰქონდა საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლის ნახევარს შეადგენდა.
ნესტორ კირშნერის მთავრობამ (2003-2007) „მოკლევადიან პრიორიტეტზე“ გააკეთა აქცენტი და იაფი პესო შეინარჩუნა, რათა ის უფრო კონკურენტუნარიანი ყოფილიყო, რამაც ქვეყანას რამდენიმე წლის განმავლობაში „ჩინური ტემპებით“ (ძალიან მაღალი) ზრდის საშუალება მისცა.
“ამ უპრეცედენტო საბიუჯეტო პროფიციტით - ამბობს დელ პროჟეტო - კირშნერის მთავრობა შევიდა ექსპანსიურ პოლიტიკურ სცენარში, რასაც თან ახლდა შემოსავლების აგრესიული გადანაწილება.“
მიუხედავად იმისა, რომ როდესაც მისი შემცვლელი და მეუღლე, ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი (2007-2015) შეუდგა მოვალეობის შესრულებას, სოიოს ბუმი შესუსტდა (სოიო არგენტინის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია) და „დოლარები ამოიწურა“, არგენტინამ განაგრძო ხარჯების ზრდა და 2009 წელს გასავალმა შემოსავალს გადააჭარბა.
კირშნერების პერიოდში ხელფასი გაიზარდა 50%-ით და დაემატა 3 მლნ. პენსიონერი (გაორმაგდა საერთო რაოდენობა), რომლებსაც არ ჰონდათ შესაბამისი შენატანები, რაც ეკონომისტის აზრით „არასტაბილური იყო.“
„მიუხედავად იმისა, რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 19 დან 34 პუნქტამდე მოიმატა, კირშნერების ექპანსიური ფისკალური პოლიტიკის წყლობით სახელმწიფო ხარჯი მშპ-სთან 25 დან 41 მდე გაიზარდა“, - ამბობს პოჟეტო.
ამან გამოიწვია „მაკროეკონომიკის დიდი გაუარესება“, რასაც თან ახლდა გაცვლითი კურსის ჩამორჩენა და ინფლაცია, რომელიც 2006 წელს ორნიშნა გახდა.
ამ საუკუნეში ერთადერთი არაკირშნერისტული მთავრობა იყო მაურისიო მაკრის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში ინფლაციის შედეგად გამოწვეული სახალხო უკმაყოფილების გამო მოვიდა. იგი პირველი ორი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა დიდ სახელმწიფო ხარჯებს, მაგრამ ფულის ბეჭდვის ნაცვლად ვალდებულებების დასაფარად იღებდა ვალებს.
ამან 2017 წელს, მცირე ხნით შეანელა ინფლაცია. მაგრამ ოფშორულმა საინვესტიციო ფონდებმა - რომლებმაც მაღალი პროცენტით შეიძინეს მაკრის მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები - მძიმე ეკონომიკური კრიზისი შექმნეს.
2018 წელს გაცვლითმა კურსმა გამოიწვია პესოს „მეგა დევალვაცია“, რაც ავტომატურად გადავიდა ფასებზე. ინფლაცია ერთ წელიწადში გაორმაგდა და თითქმის 48%-ს მიაღწია.
2019 წელს მაკრი არჩევნებში დამარცხდა. მისი მანდატის დასრულებისას ინფლაცია უკანასკნელი ორი დეკადის მაქსიმუმზე - 53,83%-ზე ავიდა.
გარდა ამისა, მაკრიმ ქვეყანა დატოვა ახალ სასესხო კრიზისში. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სესხი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ბოლომდე ვერ იქნა მიღებული, თუმცა ქვეყანა მძიმე ტვირთით დარჩა და თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არგენტინამ შეიძლება ახალი დეფოლტი მიიღოს.
თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, როცა 2020 წლის მარტში დაიწყო პანდემია. კრედიტების გარეშე დარჩენილი ალბერტო ფერნანდესის მთავრობა იძულებულია მიმართოს ემისიას, რათა შეამსუბუქოს სანიტარული და ეკონომიკური კრიზისი.
მთავრობის გადაწყვეტილებამ, შემოეღო მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი კარანტინი, აიძულა ცენტრალური ბანკი, დაებეჭდა რეკორდული რაოდენობის ბანკნოტები, რამაც დამატებითი ინფლაციური ზეწოლა გამოიწვია.
დოლარის პრობლემა
მაღალი ფულადი ემისიის გარდა არგენტინას აქვს კიდევ ერთი თავისებურება, რაც ფასების ზრდაზე ახდენს გავლენას.
მუდმივად გაუფასურებულმა ვალუტამ და პესოში საპროცენტო განაკვეთებმა - რომლებიც ისტორიულად, ინფლაციაზე დაბალია - აიძულა არგენტინელები დაზოგონ დოლარში და იფიქრონ დოლარზე.
მაგრამ იმის გამო, რომ არგენტინა ვერ წარმოქმნის საკმარის მწვანე ბანკნოტებს, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, მთავრობა აკონტროლებს კაპიტალს, რაც ცნობილია „გაცვლითი ხაფანგების“ სახით.
ეს წარმოქმნის კიდევ ერთ ფენომენს - გაცვლით “ნაპრალს“ რომელიც ზეწოლაა ინფლაციაზე.
ოფიციალურ ბაზარზე დოლარის ყიდვის შეუძლებლობას - გარდა იმისა, რომ იგი შეზღუდულია თვეში 200 აშშ დოლარის სახით ერთ ადამიანზე - ახლავს საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც დღეს 65%-ს აღწევს. კომპანიები და ის ადამიანები, ვისაც დაზოგვა სურთ, მიმართავენ პარალელურ ბაზრებს, რომელსაც არაოფიციალურად „ლურჯი ბაზარი“ ეწოდება.
პესოს მიერ წარმოქმნილი უნდობლობის გათვალისწინებით, ბევრი არგენტინელი "ლურჯი დოლარის" განაკვეთს განიხილავს, როგორც ეტალონს ტრანზაქციების განხორციელებისას - როგორიცაა ქირის გადასახადი ან სამშენებლო, ელექტრონული პროდუქტების და ავტომობილების შეძენა.
ამის გამო, როდესაც საბაზრო დოლარის ფასი ოფიციალურ დოლარზე საკმაოდ მაღალია - როგორც ახლა, როდესაც "ნაპრალი" ერთსა და მეორეს შორის 100%-ს აღწევს - ეს იწვევს ზოგიერთი ფასის ზრდას პესოში და წარმოშობს განცდას, რომ ადგილობრივი ვალუტა გაუფასურებულია.
ეს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც დალ პოჟეტო ამტკიცებს, „ეკონომიკაში ბევრი ფასია, რომლებიც ოფიციალურ დოლარის კურსს უფრო შეესაბამება ვიდრე ლურჯს“.
„დოლარის ოფიციალური კურსის გაუფასურების შემთხვევაში, ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნებოდა“, - გვაფრთხილებს ის.
მონოპოლიები
მაგრამ მთავრობა და ჰეტეროდოქსული ეკონომისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ფასების ზრდას არ იწვევს არც ფულადი საკითხი და არც გაცვლითი კურსის „ნაპრალი“, არამედ „ძალაუფლების კონცენტრირებული ჯგუფები“.
„ინფლაცია მრავალმიზეზიანია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ თქვენ გაქვთ ეკონომიკის კონცენტრირებული სექტორები, განსაკუთრებით კვების წარმოებასა და დისტრიბუციაში, რასაც აქვს ფასების განსაზღვრის უნარი“, - განუცხადა BBC-ის გენერალ სარმიენტოს ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარმა და დოცენტმა ალან სიბლისმა.
„ეს სექტორები შემოსავალს აფიქსირებენ დოლარში, რადგან მათი უმეტესობა უცხოურია. ასე რომ, მათ უნდათ, რომ შეეძლოთ დოლარის გადარიცხვა მიუხედავად კურსისა“, - ამბობს ის.
სიბლისის განმარტებით, “ისინი ადგენენ ფასებს პესოში, რადგან შეუძლიათ და ეს ძალიან უწყობს ხელს ინფლაციას“.
“ამავე მოსაზრებით, ალბერტო ფერნანდესის მთავრობამ, ადგილობრივ ბაზარზე ფასის შესამცირებლად, შეზღუდა ხორცის ექსპორტი, რამაც გამოიწვია მეცხოველეობის წარმოების შემცირება (მსგავსი მეთოდი კირშნერების ხელისუფლებამ ადრეც გამოიყენა).
საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებამდე რამდენი დღით ადრე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, მთავრობამ მიმართა ფასების გაყინვის პოლიტიკას - “ეს ინსტრუმენტი კრისტინა კირშნერის მმართველობის დროს გამოიყენებოდა”, - აცხადებს სიბილისი.
მისივე თქმით, შიდა ვაჭრობის სამინისტრომ ოქტომბრის ბოლოს გამოსცა დადგენილება, რომელიც 2022 წლის იანვრამდე, 1400-ზე მეტ მასობრივ სამომხმარებლო პროდუქტზე აწესებს მაქსიმალური ფასებს.
“მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ღონისძიება მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციამ, ქალაქ ბუენოს აირესის მთავრობის მეთაურმა, ორაციო როდრიგეს ლარეტამ - რომელიც მაკრის პოლიტიკურ მემკვიდრედ ითვლება - განაცხადა, რომ ეკონომიკის კონცენტრირებული სექტორები ინფლაციური პრობლემის ნაწილია.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ მონოპოლიებზე, რათა იყოს რეალური კონკურენცია, მონოპოლიები არ უწყობს ხელს ინფლაციის შემცირებას“, - აღნიშნავს მკვლევარი.
ბორბალი, რომელიც არ ჩერდება
იმ დისკუსიებს მიღმა, რომელიც ეხება არგენტინაში ინფლაციის მიზეზებს, არის რაღაც, რაზეც, როგორც ჩანს, ყველა თანხმდება: საკითხი ეხება ძალიან რთულად დასამუხრუჭებელ პროცესს.
ისინი აღნიშნავენ, რომ დიდი პრობლემაა ინფლაციური ინერცია, რომელიც ყველას აიძულებს ფასები წარმოქმნან ჩავლილ ინფლაციაზე დაყრდნობით.
საკონსულტაციო ფირმა EconViews-ის ანგარიშის თანახმად, „ინფლაციის ძირითადი ბირთვის სულ მცირე 40% განპირობებულია გასული თვის ინფლაციით“.
„ისინი მიდრეკილნი არიან კონტრაქტების და ქირის შეთანხმების ინდექსირებისაკენ. პროფკავშირები მოლპარაკებებს მართავენ ხელფასების წლიურ გაზრდასთან დაკავშირებით - გვიხსნის სიბილსი - არსებობენ ადამიანები, რომლებიც, ყოველი შემთხვევისთვის, ყოველთვიურად აძვირებენ ფასებს x პროცენტით. რადგან როდესაც არ იცი რა მოხდება, ამ საშუალებით იცავ თავს.“
მისივე განმარტებით, სწორედ ეს „ინერციული“ ქცევები აიძულებს ინფლაციას „თვითგავრცელებას.“
ალან სიბილისი: “როგორ აჩერებთ ამ მანკიერ ციკლს? მთავრობისთვის და მათთვის, ვისაც აქვს ჰეტეროდოქსული ხედვა: მეტი სახელმწიფო ჩარევით. სამაგიეროდ, ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ბევრი ეკონომისტი, როგორიცაა დალ პოჟეტო, მიიჩნევენ რომ გამოსავალი არის ძირითადი პრობლემის გამოსწორება, ანუ ხარჯების შემცირება.
აქ საქმე ისაა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ისე, რომ დარტყმა არ მიადგეს ისედაც გათელილ მოსახლეობას, ისე რომ არ წარმოიშვას მართვითი კრიზისი - რაც მოხდა სხვა ქვეყნებში, როცა გადაწყვიტეს ხარჯების შეკვეცა (მაგ. კოლუმბია და ეკვადორი).
ყოველთვის ვამბობ, პრობლემა ისაა, რომ ყველანი ვთანხმდებით, საჭიროა ხარჯების შემცირება, მაგრამ ყველანი ვართ თანახმა იმაზეც, რომ ეს „შემცირება სხვამ განახორციელოს“.
ესპანურიდან თარგმნა გოგი გაფრინდაშვილმა
ორიგინალი: https://bit.ly/3pTiW5q