სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD)
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოქმედი პარტიაა. მუშათა გაერთიანება, რომელიც მალევე სოციალ-დემოკრატიულ პარტიად გარდაიქმნა, 1863 წელს დაარსდა. სოციალ-დემოკრატები ერთმანეთს დღემდე ამხანაგით მიმართავენ. პოლიტიკური ორგანიზაცია ფეხს იმდენად სწრაფად იკრებდა, რომ გერმანიის იმპერიის დაარსებიდან მალევე ოტო ფონ ბისმარკმა პარტიას საქმიანობა აუკრძალა. ამისდა მიუხედავად, სოციალ-დემოკრატების პოპულარობა მაინც იზრდებოდა და უკვე 1918 წელს, როცა ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, კანცლერის თანამდებობაზე პირველი სოციალ-დემოკრატი, ფრიდრიხ ებერტი მოხვდა.
ვაიმარის რესპუბლიკის არასტაბილურობას, როცა კანცლერები თანამდებობაზე ერთი წელი იშვიათად ძლებდნენ, ნაცისტური რეჟიმის დამყარება და სოციალ-დემოკრატების ხელახალი რეპრესიები მოჰყვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი SPD-მ კვლავ აღადგინა საქმიანობა და 1949 წელს, ომის შემდეგ ჩატარებულ პირველ არჩევნებზე, მეორე ადგილზე გავიდა 1.8%-იანი ჩამორჩენით. ამ არჩევნების შედეგად, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი გახდა, რომელიც თანამდებობაზე 14 წელი დარჩა და ეკონომიკურ ბუმს დაუდო სათავე. ამ ფონზე, სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მკვეთრ მემარცხენე პარტიად რჩებოდნენ, მიყოლებით მარცხდებოდნენ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებთან. შედეგად, 1959 წელს პარტიამ გადაწყვიტა, ანტი-კაპიტალისტური შეხედულებები მოეთოკა და სოციალ-დემოკრატიული იდეალებისთვის საბაზრო ეკონომიკის პირობებში ებრძოლა.
SPD ხელისუფლების სათავეში 1969 წელს, ახალგაზრდული გამოსვლებისა და განახლების მზარდი მოთხოვნის ფონზე დაბრუნდა კანცლერ ვილი ბრანდტის ხელმძღვანელობით. მისმა მთავრობამ, ქრისტიან-დემოკრატების 19 წლიანი მმართველობის დროს დაგროვილი დოვლათის წყალობით, გაიზარდა სოციალური, ჯანდაცვისა და განათლების ხარჯები. თუმცა ბრანდტის მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად საგარეო პოლიტიკა მიიჩნევა. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი აღმოსავლეთის პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ გერმანიამ წამოიწყო ფორმალური ურთიერთობები აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან, პირველ რიგში კი აღმოსავლეთ გერმანიასთან.
განახლებული პოლიტიკა წარსულის ახლებურ გააზრებასაც მოიცავდა. ამის გამოსახატად, 1970 წელს ვილი ბრანდტმა ვარშავაში, ვარშავის გეტოს აჯანყების მემორიალთან დაიჩოქა. იმ წელს ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა გერმანიის კანცლერი წლის ადამიანად დაასახელა, მომდევნო წელს კი მან ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში.
ვილი ბრანდტი ვარშავის გეტოს აჯანყების მემორიალთან
ვილი ბრანდტმა თანამდებობა 1974 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა, რომ მისი უახლოესი მრჩეველი და მეგობარი შტაზის აწვდიდა ინფორმაციას. ბრანდტი თანამდებობაზე გფრ-ს მეორე სოციალ-დემოკრატმა კანცლერმა, ჰამბურგელმა ჰელმუტ შმიდტმა შეცვლა.
შმიდტი, რომელიც პრაგმატული, არაიდეოლოგიური პოლიტიკით იყო ცნობილი, ამბობდა, რომ “ვისაც ხედვები აწუხებს, ექიმს უნდა გაესინჯოს”. მის დროს სოციალ-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების კოალიციას ბრანდტის მთავრობის კურსი არ შეუცვლია, მთავარი გამოწვევა კი მიმდინარე კრიზისებთან გამკლავება იყო.
1982 წელს სოციალ-დემოკრატებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე უთანხმოების გამო, 13 წლიანი კოალიცია დაიშალა და ხელისუფლების სათავეში ჰელმუტ კოლის მეთაურობით ქრისტიან-დემოკრატები დაბრუნდნენ. ჰელმუტ კოლი ქვეყანას 1998 წლამდე, უმნიშვნელოვანესი ცვლილებების დროს უძღვებოდა, SPD-მ კი მასთან ზედიზედ ოთხი არჩევნები წააგო.
ახალი ცენტრი
1998 წელს კოლის 16 წლიანი მმართველობა სოციალ-დემოკრატებმა გერჰარდ შრიოდერის მეთაურობით დაასრულეს. SPD-სთან ერთად, ისტორიაში პირველად, მთავრობაში მწვანეთა პარტია მოხვდა.
გერჰარდ შრიოდერი, 90-იანების სხვა სოციალ-დემოკრატი ლიდერების კვალდაკვალ, მესამე გზის მიმდევარი პოლიტიკოსი იყო. თუ ბრიტანეთში ტონი ბლერი საკუთარ პოლიტიკურ პროექტს ახალ ლეიბორისტებს ეძახდა, გერჰარდ შრიოდერმა თავისი პარტიის სლოგანად ახალი ცენტრი აიღო. 2002 წელს სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების კოალიცია მთავრობაში დარჩა და სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი იმ საკამათო რეფორმებს, რომელთა აჩრდილი SPD-ს დღემდე მოჰყვება.
90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში გერმანიის ეკონომიკა მაღალი სოციალური ხარჯებითა და ახლად შემოერთებული აღმოსავლეთის შემწეობით იმდენად იყო გაჩანაგებული, რომ მას ევროპის ავადმყოფს ეძახდნენ. შიდაპარტიული წინააღმდეგობის მიუხედავად, 2003 წელს გერჰარდ შრიოდერმა საფუძველი ჩაუყარა რეფორმების პაკეტს, რომელიც Agenda 2010-ის სახელითაა ცნობილი. რეფორმები მოიცავდა სახელმწიფო შემწეობების შეკვეცას, საგადასახადო შეღავათებს, თანამშრომლების აყვანისა და დათხოვნის წესების გამარტივებასა და საპენსიო ასაკის გაზრდას. Agenda 2010-ის ყველაზე საკამათო ნაწილი ჰარც IV-ის სახელითაა ცნობილი, რაც უმუშევრობის დახმარების მიმღებებს უბიძგებს, დაბალანაზღაურებად სამუშაოს დათანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შემწეობის მიმღებს სანქციებს აკისრებს.
გერჰარდ შრიოდერი - გერმანიის კანცლერი (1998-2005)
მიუხედავად იმისა, რომ Agenda 2010-ს ბუნდესტაგის ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი, შრიოდერი შიდაპარტიულ ბუნტს ვერ გადაურჩა. SPD-ს გამოეყო რეფორმების მოწინააღმდეგე მემარცხენე ფრთა პარტიის ძველი ლიდერის, ოსკარ ლაფონტენის მეთაურობით. 2005 წლის მაისში SPD გერმანიის ყველაზე დასახლებული მიწის, ნორდრაინ-ვესრფალიის არჩევნებში დამარცხდა, სადაც 1966 წლიდან ადგილობრივ მთავრობას სოციალ-დემოკრატი ედგა სათავეში. მეორე დღეს შრიოდერმა გამოაცხადა, რომ სექტემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართებოდა.
სექტემბრის არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა ქრისტიან-დემოკრატებზე 4 მანდატით ნაკლები აიღეს. შრიოდერს თანამდებობიდან გადადგომა მოუწია და ის გერმანიის პირველმა ქალმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჩაანაცვლა. რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, როცა ანგელა მერკელმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბუნდესტაგს პირველად მიმართა, მან გერჰარდ შრიოდერს Agenda 2010-ის შემოღებისას გამოჩენილი სიმტკიცისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამ რეფორმების წყალობით, გერმანიის სოციალური სისტემა ახალი ეპოქას გარდაქმნილი ხვდებოდა.
მერკელის ჩრდილქვეშ
ჰელმუტ კოლის მსგავსად, სოციალ-დემოკრატები ანგელა მერკელმაც ზედიზედ ოთხ არჩევნებში დაამარცხა. თუმცა მისი მენტორისგან განსხვავებით, აქედან სამჯერ, მერკელს სწორედ სოციალ-დემოკრატებთან მოუხდა კოალიციის შეკვრა. ეს წლები სოციალ-დემოკრატიული პარტიისთვის რთული გამოდგა - ანგელა მერკელის ჩრდილქვეშ პარტია კრიტიკის ქვეშ იყო არაპოპულარულ საკითხებზე კომპრომისზე წასვლის გამო, ამ დროს კი სოციალ-დემოკრატების ლობირებული ცვლილებებისთვის ქულებს ისევ მერკელი იწერდა.
ამ ფონზე პარტიას მხარდაჭერის გაზრდა არ გამოსდიოდა - ამას, ერთი მხრივ, ანგელა მერკელი და მეორე მხრივ, შრიოდერის რეფორმების მძიმე მემკვიდრეობა ართულებდა. შედეგად, 2009 წლის არჩევნებზე სოციალ-დემოკრატებმა გფრ-ს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს (23%) და მთავრობის გარეთ დარჩნენ. 2013 წლის არჩევნებზე პარტიის შედეგი მცირედით, 2.7%-ით გაუმჯობესდა, თუმცა ამჯერად სოციალ-დემოკრატები მერკელის მთავრობაში დაბრუნდნენ.
2017 წლის საარჩევნო კამპანიის დასაწყისი სოციალ-დემოკრატებისთვის იმედისმომცემი გამოდგა. პარტიამ კანცლერობის კანდიდატად მარტინ შულცი წარადგინა, რომელიც იქამდე ბრიუსელში საქმიანობდა და გერმანელი ამომრჩევლისთვის არც ისე ცნობილი იყო.
მისი წარდგენისთანავე სოციალ-დემოკრატების რეიტინგი გაიზარდა და 2017 წლის დასაწყისში შულცის მიერ მერკელის ჩანაცვლება გამორიცხული არ ჩანდა. SPD-ს უცბად გაზრდილ რეიტინგს გერმანულმა მედიამ შულცის ეფექტი უწოდა, რომელიც მოკლევადიანი გამოდგა - ზედიზედ სამ რეგიონულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ კვლავ ქრისტიან-დემოკრატები გაიჭრნენ წინ გამოკითხვებში. თუმცა იქამდე, გაზრდილი რეიტინგით შეგულიანებული შულცი საჯაროდ აცხადებდა, რომ სოციალ-დემოკრატები მერკელს კოალიციას აღარ შეუკრავდნენ.
საბოლოოდ, სოციალ-დემოკრატებმა 2017 არჩევნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დაბალი მხარდაჭერა (20.5%) მიიღეს. თავდაპირველად, ისინი კვლავაც გამორიცხავდნენ, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან კოალიციაში დარჩებოდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, სოციალ-დემოკრატები მაგიდას მიუბრუნდნენ, მარტინ შულცმა კი თქვა, რომ ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა. შულცს უმალ საკუთარი სიტყვები გაახსენეს, როცა წლის დასაწყისში მერკელთან კოალიციას გამორიცხავდა. შედეგად, მას მინისტრის სავარძელზე უარის თქმა და პარტიის ლიდერობიდან გადადგომა მოუწია, სოციალ-დემოკრატები კი კოალიციაში მნიშვნელოვანი დათმობის - ფინანსთა მინისტრის პორტფელის სანაცვლოდ დარჩნენ. ფინანსთა მინისტრი ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი გახდა.
არა ოლაფს, კი ოლაფს
კოალიციაში გაძლიერებულ პოზიციას ის ფაქტი არ შეუცვლია, რომ სოციალ-დემოკრატები ღრმა კრიზისში იყვნენ. პირველ რიგში, საკმაოდ დიდი იყო წინააღმდეგობა კოალიციაში დარჩენის მიმართ, განსაკუთრებით კი პარტიის მემარცხენე ფრთაში. სკეპტიკოსები თვლიდნენ, რომ მერკელთან კოალიციაში დარჩენილ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას განახლების შანსი არ ჰქონდა და ქრისტიან-დემოკრატების ჩრდილქვეშ მხარდაჭერას ვერ გაზრდიდა.
მართლაც, 2017 წლის არჩევნების შემდეგ სოციალ-დემოკრატების ისედაც რეკორდულად დაბალი რეიტინგი კიდევ უფრო ქვევით წავიდა. ამხანაგებს ვერც ისტორიაში პირველი ქალი ლიდერის, ანდრეა ნალესის არჩევამ უშველა და 2018 წლის შემოდგომაზე პარტია, რომელიც თავის ზენიტში ხმების 45%-ზე მეტს იღებდა, გამოკითხვებში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა ქრისტიან-დემოკრატების, მწვანეებისა და ალტერნატივა გერმანიისთვის შემდეგ.
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, სადაც SPD-მ ხმების 15.8% მიიღო, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 11.5%-ით ნაკლები იყო, ანდრეა ნალესმა თანამდებობა დატოვა. ამ დროისთვის სოციალ-დემოკრატების რეიტინგი ერთ გამოკითხვაში 11%-მდე დაეცა.
ახალი ლიდერის არჩევნებში ფავორიტებად ცენტრისტი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი და მისი მეწყვილე, ბრანდენბურგელი კლარა გეივიცი მიიჩნეოდნენ. მოულოდნელად, პარტიის წევრებმა ახალ ლიდერებად მემარცხენე ფრთის წარმომადგენლები და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი პოლიტიკოსები, ბუნდესტაგის წევრი სასკია ესკენი და ნორდრაინ-ვესტფალიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნორბერტ ვალტერ-ბორიანსი აირჩიეს.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები სასკია ესკენი და ნორბერტ ვალტერ-ბორიანსი
ამხანაგებს ახალმა ლიდერებმა და მათმა მემარცხენე კურსმაც ვერ უშველა - მომდევნო თვეების განმავლობაში სოციალ-დემოკრატები გამოკითხვებში კვლავ მეოთხე ადგილზე იყვნენ. ამ ფონზე, ორი გამოუცდელი აუტსაიდერიდან არც ერთი განხილულა კანცლერობის კანდიდატად. საარჩევნო კამპანიის ფრონტის წინა ხაზზე სოციალ-დემოკრატებს საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოცდილი და პარტიაში ფესვგადგმული პოლიტიკოსი სჭირდებოდათ. არჩევანი ოლაფ შოლცზე შეჩერდა - კაცზე, რომელიც ცხრა თვით ადრე პარტიის ლიდერის არჩევნებში დამარცხდა.
აგვისტოდან აგვისტომდე
აგვისტო, 2020: არჩევნებამდე 13 თვით ადრე სოციალ-დემოკრატების მიერ ოლაფ შოლცის კანცლერობის კანდიდატად წარდგენას ბევრი ირონიით შეხვდა - რთული წარმოსადგენი იყო, როგორ შეიძლებოდა კანცლერობის იმედი ჰქონოდა 15%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიის კანდიდატს.
ამ დროისთვის სოციალ-დემოკრატები გამოკითხვებში მესამე ადგილზე იყვნენ. პანდემიის შედეგად, ქრისტიან-დემოკრატებს რეიტინგი 35%-ზე მეტად გაეზარდათ, მწვანეები კი მათ 15-20%-ით მოსდევდნენ.
იანვარი, 2021: მომდევნო რამდენიმე თვეში ბევრი არაფერი შეცვლილა - ქრისტიან-დემოკრატები პირველზე, შემდეგ მწვანეები მათზე ორჯერ დაბალი მხარდაჭერით და მესამეზე სოციალ-დემოკრატები. როგორც ჟურნალი Spiegel-ი იუწყება, 2021 წლის იანვარში ოლაფ შოლცი ამბობდა, რომ გარდამტეხი მომენტი აგვისტოს ბოლოს, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დადგებოდა, როცა გერმანელები შვებულებებიდან დაბრუნდებოდნენ და იმაზე დაიწყებდნენ ფიქრს, თუ ვის უნდა დაეკავებინა 16 წლის შემდეგ ანგელა მერკელის თანამდებობა.
აგვისტო, 2021: აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევებში სოციალ-დემოკრატები პირველ ადგილზე იყვნენ. მათი რეიტინგი წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. ქრისტიან-დემოკრატები ისტორიაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, 20%-ზე ჩამოვიდნენ. მწვანეები, რომელთა ლიდერსაც რამდენიმე თვით ადრე გაკანცლერებას უწინასწარმეტყველებდნენ, მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ.
ამხანაგი ანგელა მეორე
ჰამბურგში, პროტესტანტულ გარემოში გაზრდილმა ოლაფ შოლცმა პოლიტიკაში ფეხი 80-იან წლებში აიდგა, როცა სოციალ-დემოკრატების ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. იმ დროისთვის შოლცი გამოკვეთილი მემარცხენე იყო, წერდა კაპიტალისტური ეკონომიკის დამარცხებაზე და აკრიტიკებდა “აგრესიულ, იმპერიალისტურ NATO-ს”.
ახალგაზრდა ოლაფ შოლცი
90-იანებში ოლაფ შოლცმა იურიდიულ საქმიანობას მიჰყო ხელი. ახლა ის ამ პერიოდს პოლიტიკურ დეტოქსს უწოდებს. ამ პერიოდში ოლაფ შოლცი ჰამბურგის ადგილობრივ პოლიტიკაში შევიდა, 1998 წელს კი, როცა მისი პარტია მთავრობაში დაბრუნდა, ის უკვე ბუნდესტაგში მოხვდა.
ბერლინში შოლცმა პარტიულ იერარქიაში აღზევება დაიწყო და 2002 წელს ის სოციალ-დემოკრატების გენერალური მდივანი გახდა. ამ დროისთვის ოლაფ შოლცს ახალგაზრდობის დროინდელი შეხედულებებიდან ბევრი აღარაფერი შერჩენოდა - ერთ დროს კაპიტალიზმთან ხმალამოღებული მებრძოლი ახლა შრიოდერის ზემოხსენებულ რეფორმებს იცავდა. სწორედ ამ დროს მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში - მშვიდი, ტექნოკრატული და რობოტული შთაბეჭდილების გამო გაზეთმა Die Zeit-მა მას შოლცომატი (წარმოებულია მისი გვარისა და Automat-ის შეერთებით, რაც გერმანულად მანქანა-დანადგარს ნიშნავს) შეარქვა.
2005 წელს შოლცი ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარე გახდა, ორ წელიწადში კი შრომითი და სოციალური საკითხების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2009 წლის შემდეგ, როცა სოციალ-დემოკრატები მთავრობის გარეთ დარჩნენ, შოლცმა გადაწყვიტა, ჰამბურგის პოლიტიკას დაბრუნდებოდა.
ქალაქს, სადაც სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა ტრადიციულად მაღალი იყო, 2001-დან 2011 წლამდე ქრისტიან-დემოკრატები მართავდნენ. ოლაფ შოლცმა მიზნად დაისახა, რომ 2011 წელს გასამართ არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების მხარდამჭერები მოემხრო. ქალაქში, სადაც სოციალ-დემოკრატებს ქვეყნის სხვა ნაწილებზე მეტად ზომიერი და პრაგმატული მხარდამჭერები ჰყავდათ, შოლცი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მთავრობაში უპარტიო პროფესიონალებს დანიშნავდა, სოციალ-დემოკრატების რეკლამები კი ისეთ ადამიანებს უმიზნებდნენ, ვინც ტრადიციულად ამხანაგების მხარდამჭერი არ იყო.
შედეგად, ოლაფ შოლცმა პარტიის მხარდაჭერა 14%-ით გაზარდა და სოციალ-დემოკრატებმა 2011 წლის არჩევნებში 48%-ზე მეტი მიიღეს, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ ქალაქი მარტო ემართათ. ოთხი წლის შემდეგ შოლცმა და მისმა პარტიამ ხმების 45.6% მიიღეს და სამი მანდატი დააკლდათ უმრავლესობამდე.
ჰამბურგში ოლაფ შოლცი ზომიერ, პრაგმატულ კურსს მიჰყვებოდა. მისი მმართველობისას დაბალანსდა ქალაქის ბიუჯეტი, აშენდა ელბის ფილარმონია, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა, გაფართოვდა ქალაქის პორტი და დაჩქარდა საბინაო მშენებლობები.
შოლცის მმართველობის სტილი ძლიერი და აქტიური ხელმძღვანელობით გამოირჩევა. როგორც მასთან დაახლოებულები ამბობენ, დეტალებში მუდამ ღრმად ჩახედულ შოლცს მუდამ ურჩევნია, საქმე სწრაფად და რვიანზე გაკეთდეს, ვიდრე ათიანზე და უფრო დიდი ხანი დასჭირდეს. თანაპარტიელები იმასაც ამბობენ, რომ ჰამბურგის მერობისას შოლცმა კაბინეტი თავის დამქნევებით გაავსო.
ასეთი თავდაჯერება კი ხან ეფექტურია, ხანაც - დამღუპველი. 2017 წელს შოლცი გაფრთხილებების მიუხედავად იწრმუნებოდა, რომ ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტი უპრობლემოდ ჩატარდებოდა. ძნელი სათქმელია, რამდენი მაღაზიის ჩამსხვრეული ვიტრინა გამთლიანდებოდა ან რამდენი დამწვარი მანქანა აღდგებოდა ფენიქსივით მას შემდეგ, რაც ოლაფ შოლცმა შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა.
ბერლინში ფინანსთა მინისტრად დაბრუნების შემდეგ შოლცის ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იყო. შოლცმა, რომელიც პოლიტიკური კარიერის განმავლობაში გერმანიის ხელმომჭირნე ორთოდოქსიიდან გადახვევის მომხრე არასდროს ყოფილა, პანდემიის ზარალთან გასამკლავებლად 750 მილიარდ ევროიან პაკეტს გაუწია ზედამხედველობა.
“ეს ბაზუკაა, რაც საქმეს დასჭირდა. ყველა იარაღი გადმოვალაგეთ, რაც გვქონდა, რათა გვეჩვენებინა, რომ საკმარისად ძლიერები ვართ ნებისმიერი სახის ეკონომიკურ გამოწვევის გადასალახად, რაც [პანდემიამ] შეიძლება წარმოშვას”, - თქვა ოლაფ შოლცმა რეკორდული მასშტაბის პაკეტზე.
კანცლერობის მთავარი პრეტენდენტობისთვის ოლაფ შოლცს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია - ის უბრალოდ მშვიდად უყურებდა, როგორ უშვებდნენ მისი კონკურენტები მიყოლებით შეცდომებს.
იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის დასაწყისში SPD ჯერ ისევ მესამე ადგილზე იყო გამოკითხვებში, ოლაფ შოლცის რეიტინგი პარტიისას ბევრად აღემატებოდა. იმ ფონზე, როცა კანცლერობის ქრისტიან-დემოკრატი და მწვანე კანდიდატები საზოგადოების ნდობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ, ოლაფ შოლცის შეთავაზებამ, რაც მერკელის შემცვლელად გამოცდილ, დეტალებში ჩახედულ და სტაბილურ პოლიტიკოსს გულისხმობდა, ნაყოფის გამოღება დაიწყო. სოციალ-დემოკრატებმა ჯერ მწვანეებს გადაუსწრეს, ივლისში კი გერმანელებმა ნახეს ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი, რომელიც ტრაგედიის ფონზე იცინოდა და ოლაფ შოლცი, რომელიც იმავე დღეს წყალდიდობით დაზარალებულებთან ჩავიდა და ადგილობრივებს 300 მილიონიან დახმარების პაკეტს დაჰპირდა.
მალე აგვისტოს ბოლოც დადგა. გერმანელებმა შვებულებიდან დაბრუნება და იმაზე ფიქრი დაიწყეს, ვის უნდა ჩაენაცვლებინა ანგელა მერკელი. ოლაფ შოლცის პირადი რეიტინგი უკვე პარტიულ განწყობებსაც გადასწვდა და სოციალ-დემოკრატები გამოკითხვებში პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.
ოლაფ შოლცი
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური სპექტრის ფრაგმენტაციის გარეშე, სოციალ-დემოკრატებისთვის ამჟამინდელი რეიტინგი წარმატებად ძნელად ჩაითვლებოდა. თუ ახლა ისინი გამოკითხვებს 25%-ით ლიდერობენ, წლების წინ იგივე მაჩვენებელი პარტიისთვის კრახად ჩაითვლებოდა.
მეორე მხრივ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, 63 წლის შოლცის წარმატების ფორმულა იმაშია, რომ ამ ეტაპისთვის მან მერკელის თანაპარტიელებზე უკეთ დაარწმუნა გერმანელები, რომ მერკელის კურსის საუკეთესო გამგრძელებელი თავადაა. ეს კი მისი გაწონასწორებული, უემოციო პოზის, ტექნოკრატიული, არაიდეოლოგიური მიდგომებისა და გამოცდილების (განსაკუთრებით, კრიზისების მართვაში) დამსახურებაა.
ოლაფ შოლცი კრიზისულ პერიოდში გერმანელებს სტაბილურობასა და განგრძობითობას სთავაზობს, სწორედ იმას, რისი სიმბოლოც აქამდე ანგელა მერკელი იყო. ერთხელ, როცა მის უემოციობაზე ჰკითხეს, ოლაფ შოლცმა უპასუხა: „მე კანცლერობა მსურს, ცირკის დირექტორობა კი არა.” კამპანიისას შოლცმა ყურადღება მერკელის ცნობილი ხელის ჟესტისა და არანაკლებ ცნობილი ფრაზის, „თქვენ მე მიცნობთ”, გამეორებითაც მიიქცია.
ამდენად, შოლცი ზუსტად ერგება თანამედროვე გერმანელი ამომრჩევლის გემოვნებას, რომელიც მმართველის ტექტნოკრატიულ სტილს განსაკუთრებით აფასებს და ქარიზმამ, შეიძლება, დააფრთხოს კიდეც.
პარტიის პროგრამაც შესაბამისია - ოლაფ შოლცი ამომრჩეველს განგრძობითობას ჰპირდება სოციალ-დემოკრატიული ელემენტებით. მისი კამპანიის სამი მთავარი შინაარსობრივი მიმართულება მერკელის მთავრობის მიერ შემოღებული მინიმალური ხელფასის საათში 12 ევრომდე გაზრდა, პენსიების ზრდა და წელიწადში 400 ათასი ახალი სახლის აშენებაა.
სხვა მემარცხენე პარტიებთან შედარებით, სოციალ-დემოკრატების ეს დაპირებები მოზომილად და არაამბიციურად გამოიყურება. ამასთან, გერმანელ ამომრჩევლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც გარემოს დაცვაა, სოციალ-დემოკრატების პროგრამა ქრისტიან-დემოკრატებისგან დიდად საერთოდ არ განსხვავდება. და თუ სხვა მემარცხენე პარტიები მიიჩნევენ, რომ ქვეყანამ სოციალური და ინფრასტრუქტურული ხარჯები ვალის ზრდის ფასად უნდა გაზარდოს, ოლაფ შოლცი თვლის, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასალახად გამოჩენილი ხელგაშლილობის შემდეგ, ქვეყანა კვლავ ბიუჯეტის დაბალანსებასა და ვალის შემცირებაზე ზრუნვას უნდა დაუბრუნდეს.
აღსანიშნავია, რომ პარტიის მემარცხენე ლიდერები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შიდაპარტიულ არჩევნებში შოლცი დაამარცხეს, კამპანიის დროს თითქმის არ ჩანან, ერთ-ერთმა მათგანმა კი საერთოდ ეთერში შესვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უარი თქვა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობაზე.
ამგვარად, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, ოლაფ შოლცი კანცლერობის მთავარ ფავორიტად გვევლინება. თუმცა იმას, თუ საით წავა გერმანია არჩევნების შემდეგ, პირველ ადგილზე გასულ პარტიაზე არანაკლებ ის განსაზღვრავს, თუ ვინ აღმოჩნდება მმართველ კოალიციაში. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი ასეთი მწვანეთა პარტია იქნება.
მწვანეები
მწვანეები გერმანული პოლიტიკისთვის შედარებით ახალგაზრდა პარტიას წარმოადგენენ. თუ სოციალ-დემოკრატიული პარტია მუშების უფლებების დასაცავი ორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა, მწვანეები 1960-იანი და 70-იანი წლების პაციფისტური, ეკოლოგისტური, ფემინისტური და ანტი-ბირთვული მოძრაობებიდან აღმოცენდნენ.
70-იანებში დასავლეთ გერმანიაში იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები ამერიკული ბალისტიკური და ბირთვული რაკეტების წინააღმდეგ. ამ ანტი-ისტებლიშმენტური პროტესტის მონაწილეები საკუთარ თავს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას მიაკუთვნებდნენ და შედეგად, 1980 წელს რეგიონული მოძრაობების გაერთიანების შედეგად მწვანეთა პარტია ჩამოაყალიბეს.
იმავე წელს პარტიამ ბუნდესტაგის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმათა 1.5%-ით ბარიერის გალახვამდე ბევრი დააკლდა. 1983 წლის ვადამდელ არჩევნებში მწვანეების მხარდაჭერა 5.6%-მდე გაიზარდა და ისინი ისტორიაში პირველად მოხვდნენ ბუნდესტაგში.
ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოებში გადანაცვლებამ მწვანეები ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა - უნდა შესულიყო თუ არა ანტი-ისტებლიშმენტური, სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული მწვანეთა პარტია სამთავრობო კოალიციებში, რაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გარდაუვალ კომპრომისებს გულისხმობდა? 1982 წელს გამართულ ორ რეგიონულ არჩევნებში, ჰამბურგსა და ჰესენში, იმის გამო, რომ ადგილობრივ პარლამენტში მწვანეები მოხვდნენ, კოალიციური მთავრობები ვერ ყალიბდებოდა.
მწვანეები ამ დროს ორ ბანაკად გაიყვნენ. რადიკალური ფრთა, რომელთაც Fundis (მომდინარეობს ფუნდამენტალისტებისგან) უწოდეს, მთავრობებში შესვლის წინააღმდეგი იყო. ზომიერი ფრთა, ზედმეტსახელად Realos (მომდინარეობს რეალისტებისგან), რომელიც ჰესენელი დეპუტატის და წარსულში რევოლუციური მემარცხენე ორგანიზაციების წევრის, იოშკა ფიშერის გარშემო გაერთიანდა, კოალიციურ მთავრობებში მონაწილეობის მომხრე იყო.
იოშკა ფიშერი ჰესენის გარემოს დაცვის მინისტრად დამტკიცებისას ფიცს დებს, 1985
საბოლოოდ, 1985 წლისთვის ბალანსი რეალისტების მხარეს გადაიხარა - ჰესენში მწვანეები ისტორიაში პირველ კოალიციურ მთავრობაში შევიდნენ სოციალ-დემოკრატებთან. იოშკა ფიშერი ჰესენის გარემოს დაცვის მინისტრი გახდა, ფიცი კი ჯინსებსა და ნაიკის კედებში გამოწყობილმა დადო, რაც გერმანიაში დღევანდელი სტანდარტებითაც ძალიან უჩვეულო საქციელი იქნებოდა. იქამდე რამდენიმე თვით ადრე ფიშერმა ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატ ვიცე-სპიკერს ამგვარად მიმართა: „თქვენის ნებართვით, ბატონო პრეზიდენტო, პრო*ი ბრძანდებით.”
1987 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე პარტიის რეიტინგი თითქმის 3%-ით გაიზარდა, გაერთიანების შემდეგ კი დასავლელი მწვანეები აღმოსავლურ პარტიას, გაერთიანება 90-ს შეუერთდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობს პარტიის დღევანდელი ოფიციალური სახელი - გაერთიანება 90/მწვანეები. 1990 წლის არჩევნებზე, რომელიც პირველი იყო გაერთიანების შემდეგ, დასავლელმა მწვანეებმა ბარიერი ვერ გადალახეს, აღმოსავლელებმა კი ბუნდესტაგში რვა დეპუტატის გაყვანა შეძლეს.
რეალპოლიტიკა
90-იანების ბოლოს მწვანეებისთვის მორიგი გარდამტეხი მომენტი დადგა - 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატები არჩევნებში სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდნენ, მწვანეები კი SPD-სთან ერთად პირველად აღმოჩნდნენ ქვეყნის ხელისუფლებაში, იოშკა ფიშერი (დიახ, ის იოშკა ფიშერი) კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი გახდა.
ამ დროისათვის მწვანეებთან ერთად მათი ამომრჩეველიც გაიზარდა - მწვანეთა ამომრჩევლები, რომლებიც ერთ დროს ჰიპები იყვნენ, ახლა უკვე საშუალო კლასის ურბანულ პროფესიონალებად ქცეულიყვნენ. პარტიისა და მისი ამომრჩევლის დაღვინების შედეგი იყო, რომ იოშკა ფიშერი, რომელიც 30 წლით ადრე ფრანკფურტის ქუჩებში ექსტრემისტ მემარცხენე თანამოაზრეებთან ერთად პოლიციელებს თავს ესხმოდა, 1999 წელს გამართულ ყრილობაზე მწვანეებს NATO-ს კოსოვოს ოპერაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ფიშერმა თანაპარტიელების დარწმუნება შეძლო, რაც 20 წლით ადრე წარმოუდგენელი იქნებოდა. თავად იოშკა ფიშერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2005 წლამდე შეინარჩუნა, სანამ მწვანეებმა ანგელა მერკელის მთავრობის ოპოზიციაში გადაინაცვლეს.
იოშკა ფიშერს მწვანეთა პარტიის ყრილობაზე, კოსოვოში ინტერვენციაზე მსჯელობისას საღებავი შეასხეს, 1999
2009 წლიდან მწვანეებს არჩევნებზე ორი ლიდერი უძღვება. აქედან ერთი ქალია, მეორე კაცი და ტრადიციულად, ერთი რეალისტების ფრთიდანაა, მეორე კი ფუნდამენტალისტების. მწვანეების რეიტინგი 2011 წელს, ფუკუშიმას კატასტროფის ფონზე განსაკუთრებით გაიზარდა. სწორედ ამ დროს ბადენ-ვიურტემბერგის მიწაში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მწვანე მინისტრ-პრეზიდენტი აირჩიეს. თუმცა მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელის მთავრობამ ბირთვული ენერგიის მოპოვებაზე უარი თქვა, მწვანეების რეიტინგი კვლავ შემცირდა.
2017 წლის ჩათვლით პარტია ბუნდესტაგში უპრობლემოდ შედიოდა, თუმცა სამთავრობო კოალიციაში აღარ მოხვედრილა. აღსანიშნავია, რომ ამ წელს პარტიის სათავეში თურქი წარმოშობის პოლიტიკოსი, ჩემ იოზდემირი იდგა. ეს პირველი შემთხვევა იყო გერმანიის ისტორიაში, როცა ბუნდესტაგში შესულ პარტიას ახლო აღმოსავლელი წარმოშობის ლიდერი ჰყავდა. გასაკვირი არაა, რომ იოზდემირი სწორედ მწვანეების ლიდერი იყო, რადგან სხვებთან შედარებით ამ პარტიის კანდიდატებს შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების წილი გაცილებით მაღალია.
კვლავ სამთავრობო კოალიციისკენ
2017 წლის არჩევნების შემდეგ ქრისტიან-დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებსა და მწვანეებს შორის სამპარტიული კოალიციის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები შედგა, თუმცა წარუმატებლად. ამ დროიდან მწვანეთა პარტიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რაც ორი მიზეზით იყო განპირობებული:
ერთი მხრივ, მერკელის ჩრდილქვეშ მოქცეული სოციალ-დემოკრატები კვლავაც ვერ ახერხებდნენ ვითარების გარდატეხას და მათი რეიტინგი სულ უფრო და უფრო უარესდებოდა, რაც უფრო თანამედროვე, სიახლის შემომტან მემარცხენე-პარტიაზე აჩენდა მოთხოვნას. მეორე მხრივ კი გერმანული საზოგადოებისთვის გარემოს დაცვითი საკითხები კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა. 2018 წელს შვედეთში დაწყებული მოსწავლეთა პარასკევის გაფიცვები 2019 წლიდან გერმანიაშიც გავრცელდა. ამ საკითხის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა მწვანეთა რეიტინგზე დადებითად აისახა.
2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე, სადაც სოციალ-დემოკრატები 11%-იანი დანაკარგით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდნენ, მეორეზე მწვანეები გავიდნენ. მათ ხმების 20%-ზე მეტი აიღეს და დიდი ქალაქების უმეტესობაში გაიმარჯვეს, მათ შორის ბერლინში, ჰამბურგსა და მიუნხენში.
ამ ფონზე მწვანეები მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცნენ. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ზოგიერთ გამოკითხვაში პირველ ადგილზეც კი იყვნენ.
პარტია ახალი გამოწვევის წინაშე დადგა - ისტორიულად მაღალი რეიტინგის გამო, მწვანეებს შანსი გაუჩნდათ, მათი ლიდერი 2021 წლის არჩევნების შემდეგ გერმანიის კანცლერი გამხდარიყო. მაგრამ რომელი? 2017 წელს პარტიამ ორი თავმჯდომარე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის გარემოს დაცვის მინისტრი რობერტ ჰაბეკი და ბრანდენბურგელი დეპუტატი ანალენა ბერბოკი აირჩია. კანცლერობის კანდიდატი კი ერთი უნდა ყოფილიყო.
მწვანეთა პარტიის ლიდერები რობერტ ჰაბეკი და ანალენა ბერბოკი
თავდაპირველად ფავორიტად რეალისტების ფრთის წარმომადგენელი რობერტ ჰაბეკი მიიჩნეოდა, რომელმაც პოლიტიკაში წასვლამდე ხუთი რომანი დაწერა და ინგლისურიდან უ.ბ. იეიტსი და ტედ ჰიუზი თარგმნა. იმის მიუხედავად, რომ ჰაბეკს ეროვნულ პოლიტიკაში მწირი გამოცდილება ჰქონდა და მისი საქმიანობა მშობლიურ შლეზვიგ-ჰოლშტაინს დიდად არ სცდებოდა, მას ლიდერად არჩევისთვის პარტიაში უკვე კარგად იცნობდნენ. თუ 2017 წელს პარტიის თანალიდერად ბერბოკის კანდიდატურას წევრების 64%-მა დაუჭირა მხარი, ჰაბეკმა ხმების 81% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ წელს პარტიის შიდა ბანაკის წევრებს შორის ბალანსი მოირღვა, რადგან ბერბოკი, ჰაბეკის მსგავსად, რეალისტების ბანაკიდანაა.
მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებშიც ჰაბეკის პირადი რეიტინგი ბერბოკისას აღემატებოდა, ამ უკანასკნელმა შეძლო, რომ მწვანეების კანცლერობის პირველი კანდიდატის პრეტენდენტად საკუთარი თავი ექცია. 2018 და 2019 წლებში ანალენა ბერბოკი საღამოს თოქ-შოუებში ყველა სხვა გერმანელ პოლიტიკოსზე ხშირად იყო მიწვეული. გარდა ამისა, ჰაბეკისგან განსხვავებით, ბერბოკის პოლიტიკური საქმიანობა ბერლინსა და დედაქალაქის მომიჯნავე ქალაქს, პოტსდამს არ სცდებოდა, რის გამოც პარტიაში მოკავშირეების შეძენა უკეთ შეეძლო.
ამდენად, 2021 წლის აპრილში მწვანეთა პარტიამ ისტორიაში პირველად წარადგინა კანცლერობის კანდიდატი - 40 წლის ანალენა ბერბოკი. მისი წარდგენა დაემთხვა ქრისტიან-დემოკრატების შიდა განხეთქილებას კანცლერის კანდიდატის შესახებ, რის შედეგადაც მმართველი პარტიის თითქმის 20%-იანმა უპირატესობამ კლება დაიწყო და შედეგად, მწვანეები ზოგიერთ გამოკითხვაში პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.
ანალენა ბერბოკის და მწვანეების თაფლობის თვე დიდხანს არ გაგრძელებულა - მწვანეების რეიტინგი ჯერ ბერბოკის არადეკლარირებულმა შემოსავლებმა, შემდეგ კი ბიოგრაფიაში აღმოჩენილმა უზუსტობებმა და გერმანული პოლიტიკისთვის კარგად ნაცნობმა ჭირმა, პლაგიატის სკანდალმა იმსხვერპლა. მაისის ბოლოს გაირკვა, რომ ანალენა ბერბოკს დეკლარაციაში 25 ათას ევროიანი დამატებითი შემოსავალი არ შეუტანია. მწვანეებს, რომლებიც გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას, ამ ამბის გამო დიდი კრიტიკა შეხვდათ. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანალენა ბერბოკის CV-ში მითითებული იყო, რომ ის სხვადასხვა დროს კვლევითი ორგანიზაციის, გერმანიის მარშალის ფოდნის და გაეროს დევნილთა სააგენტოს წევრი იყო. არც ერთ ამ ორგანიზაციას წევრები არ ჰყავს. მწვანეებმა განმარტეს, რომ მარშალის ფონდისგან ბერბოკი წარსულში სტიპენდიას იღებდა, გაეროს დევნილთა სააგენტოს კი ფულს სწირავდა. ამას უკვე მოჰყვა მითქმა-მოთქმა ანალენა ბერბოკის წიგნის შესახებ - აღმონდა, რომ მის მიერ დაწერილ წიგნში არაერთი ნაწილი სხვის ნაწერებს წააგავდა, ისე, რომ წყაროები მითითებული არ ყოფილა.
რამდენიც არ უნდა ედავათ მწვანეებს, რომ არც ერთ ამ ამბავს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, ფაქტია, რომ ამ უზუსტობებით პარტიისა და მისი კანდიდატის რეიტინგი დაზიანდა. ივნისში მწვანეებს გამოკითხვებში ქრისტიან-დემოკრატებმა გადაასწრეს, ზაფხულის მიწურულს კი სოციალ-დემოკრატებმაც.
იმის მიუხედავად, რომ დღეს მწვანე კანცლერის ხილვის შანსები უკიდურესად დაბალია, მწვანეების ამჟამინდელი რეიტინგი მაინც იმაზე მაღალია, რაც პარტიას ბუნდესტაგის არჩევნებში ოდესმე აუღია. ეს კი მათ მნიშვნელოვან როლს ანიჭებს - ბოლო გამოკითხვების არითმეტიკის გათვალისწინებით, ახალი სამთავრობო კოალიცია მწვანეების გარეშე ძნელად წარმოსადგენია.
ბუნებრივია, მწვანეების მთავარი შინაარსობრივი აქცენტი გარემოს დაცვას უკავშირდება. პარტიას სურს, მწვანე ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში 500 მილიარდი ევრო დაიხარჯოს, რის მისაღწევადაც მწვანეები, ერთი მხრივ, საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას და მეორე მხრივ, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდას ემხრობიან.
მწვანეები ასევე მიიჩნევენ, რომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გადასახადი, რომელიც ამჟამად ტონაზე 25 ევროს შეადგენს, 60 ევრომდე უნდა გაიზარდოს, რაც, ბუნებრივია, საწვავის ფასის ზრდასაც გამოიწვევს. გამონაბოლქვის შესამცირებლად პარტიას ასევე უნდა, რომ ავტობანებზე სიჩქარის შეზღუდვა გაჩნდეს, ხოლო 2030 წლიდან საწვავის ძრავიანი ავტომობილების წარმოება აიკრძალოს. ამასთან, მწვანეები ითხოვენ, რომ დაჩქარდეს სხვა გარემოსდაცვითი ზომების აღსრულება, როგორებიცაა ქვანახშირის ენერგიის წარმოების შეწყვეტა თუ სათბურის აირების გამონაბოლქვის შემცირება.
მიუხედავად იმისა, რომ მწვანეები ამ არჩევნების შედეგად მთავრობას, დიდი ალბათობით, ვერ გაუძღვებიან, ეს კამპანია მათთვის მაინც გარდამტეხია. მათი რეიტინგის ზრდის ფონზე პარტიამ სცადა, რომ ნიშურ იმიჯზე საბოლოოდ ეთქვა უარი და უფრო ფართო ელექტორატზე გასულიყო. ამისათვის მწვანეებმა ლექსიკის ადაპტაციაც სცადეს და მათ მეტყველებაში სიტყვა სამშობლო გაჩნდა. შეცვლილია მწვანეების შეხედულებები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებითაც - პარტია სხვებთან შედარებით მკაცრ პოლიტიკას ემხრობა ჩინეთისა და რუსეთის მიმართ და ჰუმანიტარული მიზნებისთვის სამხედრო ძალის გამოყენებასაც არ ეწინააღმდეგება. ამდენად, გასული წლები და წინასაარჩევნო კამპანია ერთს მოწმობს - მწვანეები მთავრობაში დასაბრუნებლად ემზადებიან.
მემარცხენე პარტია (DIE LINKE)
მემარცხენე პარტია 2007 წელს სოციალისტური ერთიანობის პარტიისა (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი კომუნისტური პარტია) და სოციალ-დემოკრატებიდან წამოსული მემარცხენეების გაერთიანებით დაარსდა.
1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ უკვე ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის კომპარტიაში შემორჩენილმა ლიდერებს სურდათ, რომ რეფორმირებული პარტია გაერთიანებული გერმანიის პოლიტიკური სპექტრის ნაწილი გამხდარიყო.
1990 წლის მარტში ჩატარებულ აღმოსავლეთ გერმანიის სახალხო პალატის თავისუფალ არჩევნებში ისინი დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის (PDS) სახელით გამოვიდნენ და 16.4%-ით მესამე ადგილი დაიკავეს. დეკემბერში კი გაერთიანების შემდეგ ბუნდესტაგის პირველი არჩევნები ჩატარდა, სადაც მათ აღმოსავლეთის კვოტით 17 მანდატი მიიღეს.
სხვა მემარცხენე პარტიებს - სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს - კომუნისტების მემკვიდრეებთან საქმის დაჭერა არ სურდათ. თუმცა ეს ტაბუ მალე დაირღვა - 1998 წელს დემოკრატიული სოციალიზმის პარტია აღმოსავლეთის ახალ მიწაში, მეკლენბურგ-ფორპრომერნში სოციალ-დემოკრატებთან შევიდა კოალიციაში. 2002 წელს ამ ორმა პარტიამ ბერლინის მთავრობაც ჩამოაყალიბა.
მიუხედავად იმისა, რომ PDS მომდევნო წლებში აღმოსავლეთში სტაბილურ მხარდაჭერას ინარჩუნებდა, დასავლეთში პარტიამ ფეხი ვერ მოიკიდა. 2002 წელს პარტიამ ბუნდესტაგის არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა და ბერლინში მხოლოდ ორი მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი გაგზავნა.
2002 წლის არჩევნების შემდეგ მემარცხენე ბანაკში დიდი ძვრები დაიწყო - გერჰარდ შრიოდერის მთავრობის ზემოხსენებული Agenda 2010-ის სახელით ცნობილი რეფორმების პაკეტით უკმაყოფილების გამო, სოციალ-დემოკრატიული პარტია მემარცხენე ფრთის დიდმა ნაწილმა დატოვა. SPD-ს ზურგი აქციეს პროფკავშირებმაც.
გერმანიის ყველაზე ძველი მოქმედი პარტიიდან წამოსულმა მემარცხენეებმა 2004 ახალი პლატფორმა შრომა და სოციალური სამართლიანობა - საარჩევნო ალტერნატივა (WASG) დააარსეს, რომელიც 2005 წელს პარტიად გარდაიქმნა. თავდაპირველად, WASG მარგინალურ პარტიად რჩებოდა და ისეთი პირი უჩანდა, რომ ბუნდესტაგში მოხვედრის შანსი არ ექნებოდა.
2005 წელს, როცა სოციალ-დემოკრატები ნორდრაინ-ვესფტფალიის არჩევნებში დამარცხდნენ და გერჰარდ შრიოდერმა შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები დანიშნა, PDS-მა და WASG-მა გადაწყვიტეს, არჩევნებზე ერთად გამოსულიყვნენ.
ივნისში პარტიას მომავალი ლიდერი და იმ დროისთვის ყველაზე გამორჩეული ფიგურა, ოსკარ ლაფონტენი შუერთდა, რომელიც 90-იანებში სოციალ-დემოკრატების ლიდერი და კანცლერობის კანდიდატი იყო და პარტია შრიოდერის კურსით უკმაყოფილების გამო დატოვა, იმისდა მიუხედავად, რომ 1998-99 წლებში მის კაბინეტში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე იყო.
მემარცხენე პარტიის ლიდერები ოსკარ ლაფონტენი და გრეგორ გიზი
ლაფონტენი, რომელიც პოლიტიკურ სცენაზე 70-იანი წლებიდან ჩანდა, კომუნისტების მემკვიდრეებისთვის ნამდვილი ხსნა იყო, როგორც დასავლეთ გერმანელი ამომრჩევლისა და მედიისთვის კარგად ცნობილი პოლიტიკური ლიდერი.
ბუნდესტაგის 2005 წლის არჩევნებზე პოლიტიკური გაერთიანება მემარცხენე პარტია PDS-ის სახელით გავიდა და 8.7%-ით მეოთხე ადგილი დაიკავა, გაასწრო რა იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იოშკა ფიშერის მწვანეთა პარტიას.
2007 წელს უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური პარტია, რომელსაც მემარცხენე პარტია ეწოდა. მისი პირველი ლიდერები აღმოსავლელი გრეგორ გიზი და დასავლელი ოსკარ ლაფონტენი გახდნენ. შემდეგ არჩევნებზე, 2009 წელს, პარტიის მხარდაჭერა 11.1%-მდე გაიზარდა, 2013 წელს კი 8.6%-მდე შემცირდა.
2014 წელს თიურინგიის მიწაში მემარცხენე პარტიიდან ისტორიაში პირველი მინისტრ-პრეზიდენტი, ბოდო რამელოვი აირჩიეს. სამთავრობო კოალიციაში მემარცხენეების გარდა სოციალ-დემოკრატები და მწვანეები შევიდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ სოციალ-დემოკრატებში ამ საკითხზე თავდაპირველად განხეთქილება წარმოიშვა, პარტიის წევრების 70%-მა კოალიციაში შესვლას მხარი დაუჭირა.
“ის, რომ სოციალ-დემოკრატებზე მემარცხენე გამძლე პარტიის ჩამოყალიბება მოხერხდა, ჩემთვის, ერთმნიშვნელოვნად, გაერთიანების წარმატებაა,” - თქვა ბოდო რამელოვმა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში 1990 წელს, გაერთიანების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა და კომუნისტების მემკვიდრე პარტიას შეუერთდა.
2021 წლის არჩევნებისთვის პარტიას ყოფილი კომპარტიელი დიტმარ ბარჩი და ჰესენელი ჯანინ ვისლერი უძღვებიან. მწვანეების მსგავსად, მემარცხენე პარტიაც ორ ბანაკადაა გაყოფილი - შედარებით ზომიერები, ბარჩის ჩათვლით, მიიჩნევენ, რომ პარტია კომპრომისების სანაცვლოდ მომდევნო სამთავრობო კოალიციაში მოხვედრას უნდა ეცადოს, როცა მემარცხენე ფრთაში, რომელსაც ვისლერი მიეკუთვნება, ფიქრობენ, რომ მემარცხენეები მინიმალურ დათმობებზე უნდა წავიდნენ.
მემარცხენე პარტიის ლიდერები ჯანინ ვისლერი და დიტმარ ბარჩი
ამათგან ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატოა - ჯანინ ვისლერმა 13 სექტემბერს თქვა, რომ ნატო უნდა დაიშალოს და ახალი კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსი უნდა შეიქმნას, რომელშიც რუსეთიც შევა. თუმცა კითხვაზე, „ბაიდენი თუ პუტინი?”, პასუხისგან თავი დიტმარ ბარჩმაც შეიკავა.
შიდა საკითხებში პარტიას სოციალ-დემოკრატებზე და მწვანეებზე მემარცხენე პოზიციები უჭირავს. თუ სოციალ-დემოკრატებს მინიმალური ხელფასის 12 ევრომდე გაზრდა სურთ, მემარცხენეები 13 ევროიანი მინიმალური ხელფასისა და 30 საათიანი სამუშაო კვირის შემოღებას ითხოვენ.
მათ ასევე სურთ, შეტრიალდეს შრიოდერის დროს შემოღებული რეფორმები, გაიზარდოს პენსიები, შემცირდეს საპენსიო ასაკი და მინიმუმ 1200 ევრომდე გაიზარდოს უმუშევრობის დახმარება. პარტია ასევე ემხრობა ქონების გადასახადის შემოღებას, გარემოს დაცვით პოლიტიკაში კი მემარცხენეები მწვანეებზე უფრო ამბიციურ მიზნებს ისახავენ.
მემარცხენე პარტიას, რომლის მხარდაჭერა ძირითადად კვლავ ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაშია კონცენტრირებული, ამჟამად დაახლოებით 6%-იანი რეიტინგი აქვს. გამორიცხული არაა, პარტია ბუნდესტაგში ვერ მოხვდეს, თუმცა ამის შანსი ნამდვილად მცირეა. მიუხედავად იმისა, მოხვდება თუ არა მემარცხენე პარტია მომავალ სამთავრობო კოალიციაში, ფაქტია, რომ დიტმარ ბარჩის და პარტიის სხვა ყოფილი კომუნისტების მისია შედგა - მემარცხენე პარტიასთან კოალიცია, მათ შორის ეროვნულ დონეზე, დიდი ხანია, ტაბუ აღარაა, განსხვავებით AfD-სგან, რომელთანაც ყოველგვარ ალიანსზე საუბარს ყველა სხვა პარტია გამორიცხავს.