წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებიდან 5 წლის შემდეგ, პრეზიდენტ ერდოღანის შანსი გაიგრძელოს მმართველობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის შეაჩეროს ქვეყნის ეკონომიკური დაღმასვლა, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო. ამ წლიდან მოყოლებული თურქეთი ყველა ძირითადად ინდექსში მკვეთრ რეგრესს განიცდის - ყოველწლიურად მცირდება დასაქმების, თანასწორობის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები.
საპრეზიდენტო არჩევნები 2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეზე გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ეკონომიკური რეცესიისა და კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბოლო სამი წლის განმავლობაში ერდოღანის მხარდამჭერთა რიცხვი განუხრელად მცირდება.
სხვა გამოკითხვებით თურქეთის მმართველი კოალიცია მცირედით ჩამორჩება შესაძლო ოპოზიციურ ალიანსს, მიუხედავად ამისა ერდოღანის პარტია კვალავ ინარჩუნებს მყარ მხარდაჭერას არაურბანულ მოსახლეობასა და ე.წ. მუშათა კლასში - საშუალო შემოსავლის მქონე კონსერვატორული შეხედულებების მოსახლეობაში.
2020 წელს თურქეთი იყო ერთ-ერთი უშვიათესი გამონაკლისი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ეკონომიკური კლება თავიდან აიცილა, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისიდან თავი იჩინა გასულ წლებში დაგროვილმა პრობლემა. მათ შორის ინფლაციამ, რომელიც ამ დროისთვის 20%-ს აღწევს. საყურადღებოა, რომ ინფლაციის ზრდა ძირითადად პირველადი მოხმარების და საკვების ფასების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.
თუ გავითვალისწინებთ ერდოღანის პირად რეიტინგს და ქვეყნის გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას არჩევნებში მმართველი ძალის გამარჯვება რთული წარმოსადგენია - მსოფლიო ბანკის შეფასებით, მხოლოდ გასულ წელს 1.5 მილიონი თურქი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ერდოღანის ელექტორალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს მზარდი ეკონომიკური უთანასწორობაც - ეს ტენდენცია 2011 წელს დაიწყო, თუმცა 2013 წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რითიც პრაქტიკულად სრულად დაიკარგა 2006-2010 წლებში მიღწეული პროგრესი.
გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე მეტყველებს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლებიც, რომლის მიხედვითაც 2013 წლის შემდეგ ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იკლებს - თუ კი 2013 წელს თურქეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12 582 დოლარს შეადგენდა, წინა წლის მიხედვით მაჩვენებელი მცირედით აღემატება 8 000 დოლარს.
განვითარების ათწლეული
თანამედროვე თურქეთის ყველაზე დღეგრძელი მმართველის რეჯეფ თაიპ ერდოღანის მიერ დაარსებულმა პარტიამ არჩევნებში 2002 წელს გაიმარჯვა. გამარჯვებას წინ უძღოდა თურქეთის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. სწორედ მუდმივი რეცესიების დამარცხებისა და უკეთესი ცხოვრების დაპირებით გაიმარჯვა ერდოღანის პარტიამ.
მაშინ ჯერ კიდევ პრემიერმინისტრ ერდოღანის მიერ ინიცირებულმა რეფორმებმა და დასავლეთთან ეკონომიკურმა დაახლოევებამ თურქეთში განვითარებისა და გამდიდრების ათწლეულს ჩაუყარა საფუძველი.
მკვეთრად შემცირდა სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, ინფლაცია, რომელიც რამდენიმე წლით ადრე სამნიშნა მაჩვენებელს აღწევდა 5%-მდე შემცირდა. სტალიბური გახდა ლირის კურსი, რამაც უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებში თურქეთის ეკონომიკის მიმართ ნდობა გაზარდა.
მკვეთრად გაიზარდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი. პარალელურად გაუმჯობესდა ურთიერთობები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, რამაც თურქეთის ფისკალური პოლიტიკის შერბილების საშუალება, რამაც თავის მხრივ ქვეყანას თავისუფალ ეკონომიკაზე რბილი გადასვლის შესაძლებლობა წარმოშვა.
2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა თურქეთიც დააზარალა, თუმცა ამავდროულად ქვეყანამ მიიღო მრავალი ინვესტორი, რომელიც კრიზისის შემდეგ ახალ შესაძლებლობებს განვითარებად ეკონომიკებში ეძებდა.
იაფი საერთაშორისო კრედიტების ხარჯზე თურქეთში სამშენებლო ბუმი დაიწყო, რამაც ეკონომიკური ზრდა განაპირობა, რის შედეგადაც ერდოღანის პარტიამ მიყოლებით რვაჯერ მოიგო არჩევნები.
ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლამდე თურქეთში ახალშობილების სიკვდილიანობის მაჩვენებლებით სირიის დონეზე იყო, დღეს კი მაჩვენებელი დაახლოებით დღევანდელი ესპანეთის დონეზეა.
ძალაუფლების კონსოლიდაცია და საერთაშორისო იზოლაცია
ამ პერიოდში ერდოღანი დაუმარცხებელი იყო, თუმცა ყველაფერი 2013 წელს სტამბოლის ერთ-ერთ პარკში დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლებით შეიცვალა. საპროტესტო აქციები მალევე მოედო თურქეთის უმსხვილეს ქალაქებს, რასაც ხელისუფლებამ უხეში ძალით და დარბევებით უპასუხა.
ამასთანავე დაიწყო კრიზისი განვითარებად ეკონომიკებში, მათ შორის პრობლემებმა იჩინა თავი თურქეთშიც. თურქეთის ეკონომიკური სასწაულის ბოლო წერტილად 2013 წელი უნდა მივიჩნიოთ, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, სწორედ ამ წლიდან დაიწყო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შემცირება.
ამავე წელს დაიწყო თურქეთიდან უცხოური ინვესტიციების გადინებაც, რაც ლირის გაუფასურებაში და თურქეთის მოქალაქეების მსიყდველობითი უნარის მკვეთრ გაუარესებაში გადაიზარდა.
2013 წელს სტამბოლის გეზი პარკში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე ერდოღანის სასტიკი პასუხი მოულოდნელი იყო ბევრისთვის არამხოლოდ თურქეთში, არამედ საერთაშორისო არენაზეც.
პროტესტების სასტიკი დარბევებისა და ამის შემდეგ დაწყებული პოლიტიკური პროცესების შედეგად ქვეყნის ესტებლიშმენტში მხოლოდ ერდოღანის პარტია დარჩა, თუმცა ასევე გაჩნდა ნიშნები, რომ პარტია კარგავდა პოპულარობას.
ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება თურქეთში ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო, თუმცა ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა 2016 წელს მომხდარი წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რამაც ერდოღანს ძალაუფლების კონსოლიდაციის არნახული შესაძლებლობები მისცა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა.
მკვეთრად გაიზარდა ცენტრალიზაცია და შემცირდა მედიის თავისუფლების ხარისხი, ერდოღანის პარტიამ სრული ძალაუფლება მიიღო, სწორედ ამით იყო განპირობებული მძიმე შეცდომები. პარტიმ დაკარგა საზოგადოების მოთხოვნებზე ადეკვატური რეაგირების უნარი და შექმნა ყამირი ნიადაგი ინსტიტუციონალური კორუფციისთვის.
სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შანსი კიდევ უფრო შემცირდა ნაციონალური რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგადაც თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადდა. ამგვარად ბოლო წლების განმავლობაში თითქმის სრულად მოირღვა ძალაუფლების დაყოფისა და ბალანსის მექანიზმები.
გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე განხეთქილება დაიწყო მმართველ პარტიაშიც - 2016 წლიდან დღემდე ოპოზიციაში აღმოჩნდა არაერთი პოლიტიკოსი, რომელიც წინა წლებში ერდოღანის მოკავშირედ მიიჩნეოდა.
ძალაუფლების სრული კონსოლიდაციისა და გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გაძლიერდა წნეხი ეროვნული ბანკზე. ეკონომიკურ პრობლემებში მთავარ დამნაშავედ ერდოღანმა და მისმა თანამოაზრეებმა სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტები გამოაცხადეს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამჯერ შეიცვალა, თუმცა ამან ვერ გამოასწორა ლირისი კურსი, რომელიც 2013 წლის შემდეგ დოლართან მიმართებით 75%-ით არის გაუფასურებული.
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გართულებული ურთიერთობები დასავლეთთან და განსაკუთრებით აშშ-სთან, ბოლო წლებში სულ უფრო ღრმავდა განცდა, რომ თურქეთი უფრო და უფრო შორდება დასავლეთს.