10-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სი ძინფინგი საჯაროდ გამოჩნდა
10-დღიანი კარანტინის დასრულების შემდეგ ჩინეთის ლიდერი პირველად გამოჩნდა საჯაროდ. აქამდე სი ძინფინგის ბოლო საჯარო აქტივობა უზბეკეთში გამართული შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ქვეყნების სამიტი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცენტრალური აზიიდან დაბრუნების შემდეგ, სი ძინფინგი ჩინეთში მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად 2-კვირიან კარანტინში იმყოფებოდა.
ჩინეთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს მკაცრი საკარანტინო წესები - საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულები არიან 7 დღე სასტუმროში გაატარონ, რასაც სახლის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის 3 დღე მოსდევს.
საჯარო აქტივობის შეწყვეტის მიუხედავად სი ძინფინგი კვლავ დომინირებდა ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიების გამოშვებებში, გაზეთის წინა ფურცლებზე და ინტერნეტ მედიაში.
სამშაბათს, 27 სექტემბერს სი ძინფინგმა გახსნა მასშტაბური გამოფენა, რომელიც მისი ხელმძღვანელობის წლებში ქვეყნის მიღწევებს ეძღვნება. პეკინში გახსნილ გამოფენაზე წარმოდგენია 6 000 მეტი ექსპოზიცია, რომელიც ჩინეთის უახლოესი ისტორიის საკვანძო მომენტებს ასახავს.
სი ძინფინგის ყველა საჯარო აქტივობა ამ პერიოდში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე და ისტორიული ყრილობის მოახლოებას უკავშირდება, რომელიც სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს. ყრილობაზე სი ძინფინგი შეეცდება დაარღვიოს პოს-მაოისტურ ჩინეთი ჩამოყალიბებული წესები, რომელიც ლიდერს მმართველობის 2 ხუთწლიანი ვადით ზღუდავს.
მაღალი ალბათობით ყრილობა სი ძინფინგის კანდიდატურას მყარი უმრავლესობით დაუჭერს მხარს.
უკვე აპრილიდან ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სი ძინფინგის მმართველობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების ციკლის ჩვენება დაიწყო, სახელწოდებით "ჩინეთი გასულ დეკადაში".
მიმდინარე კვირას კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობამ ყრილობის დელეგატთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას 2 296 დეპუტატი მიიღებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თითოეული დელეგატის შერჩევაში აქტიურად მონაწილეობდა თავად სი ძინფინგი.