ჩინეთში კომპარტიის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბოლო 3 დღის განმავლობაში ჩინეთის სასამართლომ ერთდროულად რამდენიმე სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა - საქმეები ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზედა ეშელონის გავლენიან მაღალჩინოსნებს ეხებათ, მათ შორის არიან ყოფილი მინისტრები და უმსხვილესი ქალაქების პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელები. 

ჩინეთის მკვლევარების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიის მეოცე და ძალიან მნიშვნელოვან ყრილობამდე, რომელიც სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს, სი ძინფინგი ცდილობს პარტია საკუთარი ოპონენტებისგან გაწმინდოს. 

სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სუნ ლიუცენს. 

ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოჰყავთ - როგორც წერი ვერდიქტის გამოტანიდან 2 წლის შემდეგ, განაჩენი უვადო პატიმრობით იცვლება. 

მოსალოდნელია, რომ იგივე მოხდება ამ მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც. 

მიმდინარე კვირას გამოტანილი განაჩენები უფრო დიდი ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილია, რომელიც სი ძინფინგის ინიციატივით 2 წლის წინ დაიწყო და პარტიული რიგების საფუძვლიან წმენდას გულისხმობდა. 

მაღალი ალბათობით განაჩენების ამ დროს გამოცხადება კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის მოახლოებას უკავშირდება, რომელზეც სი ძინფინგი მაო ძედუნის შემდეგ უპრეცედენტო მესამე ვადით უნდა აირჩიონ. 

მიმდინარე ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სასჯელი დაეკისრა ჯამურად დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ სი ძინფინგმა თავის პირველ ვადაშიც მასშტაბური ანტკორუფციული კამპანია წამოიწყო და დადო პირობა, რომ "კორუფციას კომპარტიის ყველა დონეზე ამოძირკვავდა".

'დამღუპველი გავლენა'

სუნ ლიუცენისთვის გამოტანილ ვერდიქტში ნათქვამია, რომ მან სერიოზული ზიანი მიაყენა პარტიის ერთიანობას და მისი სასჯელი უვადო გათავისუფლების ან შეწყალების უფლებას არ აძლევს. 

სასამართლოს ცნობით ჩინოვნიკები წლების განმავლობაში იყენებდა თანამდებობას პირადი მიზნებისთვის და საფონდო ბირჟაზე მანიპულაციებისთვის, ასე 2005-2021 წლის შუალედში მიიღო 646 იუანის მოცულობის ქრთამი, რაც 91 მილიონი დოლარის ექვივალენტია. 

გარდა ამის სუნ ლიუცენს ბრალი ედება 2 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობა. 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროში, სადაც სუ ლიუცენი 2020 წლამდე მუშაობდა, ჯერ კიდევ იანვარში შედგა უწყების სხდომა, რომლის მონაწილეებმაც დადეს ფიცი, რომ სრულად ამოძირკვავდნენ სუ ლიუცენის პოლიტიკური ბანდის დამღუპველ გავლენას. 

"მას აღარ აქვს პოლიტიკური უფლებები, ხოლო მისი პირადი ქონება ექვემდებარება კონფისკაციას",- ნათქვამია სასამართლოს განაჩენში. 

ცოტა ხნით ადრე, 22 სექტემბერს ჩინეთის კიდევ ერთმა პროვინციულმა სასამართლომ კიდევ ერთი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა - ამჯერად განსასჯელთა სკამზე ჩინეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ფუ ჩენხუა აღმოჩნდა. 

ფუს ბრალი ედება ჯამურად 611 მილიონი დოლარის მოცულობით ქრთამის აღებაში და შეთქმულებაში მონაწილეობაში. განაჩენის მიხედვით, ბოლო 17 წლის განმავლობაში პეკინისა პოლიციის ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობზე მუშაობისას ფუ აქტიურად იღებდა ქრთამებს და საკუთარი გავლენით ვაჭრობდა. 

21 სექტემბერს მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჩინეთის პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის უმსხვილესი ქალაქების, შანხაის, შანსის და ჩუნცინის პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელებს. 

პოლიტიკოსების მსგავსად ყოფილი პოლიციელებიც მექრთამეობისთვის დააპატიმრეს, თუმცა ამავდროულად ბრალი დასდეს კომუნისტური პარტიისა და პირადად სი ძინფინგის ღალატში. 

კონტექსტი

ჩინეთის ექსპერტების თქმით, ფუ ჩენხუა სიკვდილმისჯილებს შორის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო, თუმცა მას ძინფინგთან ურთიერთობები დიდი ხნის წინ გაუფუჭდა. 

2018 წლის დასაწყისში ფუ ჩენხუა იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, რაც ნომინალურად მაღალი თანამდებობაა, თუმცა უფრო ნაკლებად გავლიანი ვიდრე პეკინის პოლიციის უფროსის პოსტი. აღნიშნულ პოსტზე ფუ ჩენხუა 2016 წლამდე მუშაობდა. ცოტა ხნით ფუ ჩენხუა იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხებში პარტიის ცენტრალური კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. 

იუსტიციის მინისტრის პოსტზე ფუ ჩენხუა ძირითადად ციხეებისა და სასჯელაღრსულების საკითხებს კურირებდა. ფუ ჩენხუა თანამდებობიდან 2020 წლის მაისში გაათავისუფლეს და სახალხო სათათბირო საბჭოში გადაიყვანეს - ეს არის უწყება რეალური ძალაუფლების გარეშე და აქ ხშირად უშვებენ ჩინოვნიკებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი აქვთ. 

საინტერესოა, რომ ფუ ჩენხუა ოდესღაც თავადაც მონაწილეობდა სი ძინფინგის მიერ ორგანიზებული პოლიტიკურ წმენდაში - 2013 წელს ის იყო გამომძიებლის მოადგილე, საქმეში რომელიც ჩინეთის ყველა ძალოვანი უწყების კურატორს და კომპარტიის მუდმივი პოლიტბიუროს წევრს ჭოუ იუნკანს ეხებოდა. 

2015 წელს ჭოუ იუნკანს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები