აშშ-ს აქტივობის ზრდის ფონზე მადურო დახმარებას რუსეთს, ირანს და ჩინეთს სთხოვს
კარიბის ზღვის აუზში შეერთებული შტატების მზარდი სამხედრო კონცენტრაციისა და აქტივობის ფონზე ნიკოლას მადურო დახმარებას რუსეთს, ჩინეთს და ირანს სთხოვს.
ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს - გასულ დღეებში პენტაგონმა კარიბის აუზში კიდევ ერთი ავიამზიდი გადაისროლა.
- დოკუმენტაციის მიხედვით მადურო პარტნიორებისგან რადარებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს ითხოვს.
- წყაროების ცნობით, მადურომ ვლადიმირ პუტინს და სი ძინფინგს შესაბამისი შინაარსის წერილები გაუგზავნა.
- დოკუმენტების მიხედვით, ტრანსპორტის მინისტრი, რამონ ველასკესი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს თეირანთან დრონებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების მისაღებად.
ჩაშლილად: სი ძინფინგისთვის გაგზავნილ წერილში მადურო ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე წერს და მიუთითებს, რომ ვაშინგტონის ქმედებები საფრთხეს უქმნის ჩინეთსაც, რადგანაც პეკინი და კარაკასი "ერთ იდეოლოგიას იზიარებენ."
- ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი იყო მოსკოვისა და პეკინის პასუხი, თუმცა გასულ დღეებში კარაკასის აეროპორტში სანქცირებული ИЛ-76 ტიპის სატვირთო თვითმფრინავი დაჯდა.
- საყურადღებოა, რომ თვითმფრინავი 2023 წელს აშშ-მ კონტრაბანდული იარაღისა და დაქირავებული ჯარისკაცების გადაზიდვის მიზეზით დაასანქცირა.
- გარდა ამისა, გასულ კვირას რუსეთის სახელმწიფო დუმამ ვენესუელასთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულების რატიფიცირებას დაუჭირა მხარი.
- წყაროების ცნობით, პუტინისთვის განკუთვნილი წერილი ვენესუელის ტრანსპორტის მინისტრმა მოსკოვში ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩაიტანა და მადუროს თხოვნა თავის რუს კოლეგას გადასცა.
- წერილში მადურო რუსეთისგან დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების გარდა ლოჯისტიკურ დახმარებასაც ითხოვს - საყურადღებოა, რომ მადუროს ახალი შეიარაღების მიღება როსტეხისგან 3-წლიანი განვადებით სურს.
- ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი იყო რუსეთის მთავრობის რეაქცია პარტნიორის თხოვნაზე.
სტრიქონებს შორის: კარიბის აუზში ამერიკის სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე მოსკოვი მოზომილ რიტორიკას ინარჩუნებს - სერგეი ლავროვმა შექმნილი ვითარებით შეშფოთება გამოთქვა, ხოლო კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მხარს უჭერს ვენესუელის სუვერენიტეტს და ხაზი გაუსვეს, რომ უთანხმოებები საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა გადაიჭრას.
- კომენტატორების შეფასებით 2019 წლისგან განსხვავებით - როდესაც 100-მდე რუსი სამხედროს გამოჩენამ ადგილზე ძალთა ბალანსი შეცვალა და მადურო ხელისუფლებაში დატოვა - ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომით დაკავებული კრემლი კარაკასის მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს.
- მიუხედავად ამისა, რუსეთს კარაკასში რამდენიმე მოცულობითი ინვესტიცია აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სანავთობო სექტორში მოქმედი შეთანხმებები, რომელთა მიხედვითაც 3 რუსულ კომპანიას ყოველდღიურად 100 ათასამდე ბარელი ნავთობის მოპოვების ლიცენზია აქვთ.
- გარდა ამისა, რუსეთს აქვს პატაოსა და მეხილონესის გაზის საბადოების ათვისების ლიცენზია.
დიდი სურათი: რუსეთსა და ვენესუელას შორის აქტიური ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა ჰუგო ჩავეზის პრეზიდენტობის წლებში დაიწყო - წლების განმავლობაში ვენესუელა აქტიურად ყიდულობდა რუსულ შეიარაღებას, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებსაც.
- შეთანხმებიდან 20 წლის შემდეგ, მიმდინარე წლის ზაფხულში ვენესუელაში ამუშავდა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატების საწარმო.
- წყაროების ცნობით, რუსეთისგან მიღებული შეიარაღების დიდი ნაწილი არ ინახებოდა სათანადო პირობებში და არ არის ოპერაციული.
- რაც შეეხება სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ის მხარეებს ომის შემთხვევაში ერთმანეთის დახმარებას არ ავალდებულებს.
- კომენტატორები ვენესუელას მიმართ კრემლის კლებადი ინტერესის დასტურად იმ გარემოებას ასახელებენ, რომ გასულ წლებში რადიო დაზვერვის ცენტრალური პუნქტი კრემლმა ვენესუელადან ნიკარაგუაში გადაიტანა, სადაც ანტი-ამერიკელმა ლიდერმა, დანიელ ორტეგამ მმართველობა კიდევ უფრო გაიმყარა.
დაეწიე ამბავს: კარიბის ზღვის აუზში შეერთებული შტატების სამხედრო კონცენტრაცია სექტემბრიდან მოყოლებული იზრდება, გასულ დღეებში დაჯგუფება ამერიკული ფლოტის ტექნოლოგიურად მოწინავე და ყველაზე ახალმა, ჯერალდ ფორდის ავიამზიდმა გააძლიერა.
- თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მიზანი რეგიონში მოქმედი ნარკო-კარტელების განადგურებაა - გასულ კვირებში პენტაგონმა ათზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა "ნარკო მოვაჭრეების გემებზე."
- კომენტატორები მიუთითებენ, რომ უახლოეს დღეებში აშშ-მ შესაძლოა ვენესუელას ტერიტორიაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელოს
კონტექსტი: რეჟიმის ცვლილება კარაკასში რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის სერიოზიული დარტყმა იქნება - მოსკოვმა შესაძლოა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგოს.
- ამან თავის მხრივ შესაძლოა უფრო დაასუსტოს მოსკოვის კიდევ უფრო დიდი ხნის მოკავშირე რეგიონში, კუბის რეჟიმი, რომლის სპეცსამსახურები აქტიურად მონაწილეობენ ვენესუელის შიდა საქმეებში.
სიღრმისეულად: FT: ვენესუელის ირგვლივ სამხედრო კონცენტრაციის მიზანი მადუროს დამხობაა