6 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ელისეის სასახლეში 6 ივნისს მიიღებს.
ის ნორმანდიაში D-Day-ის აღსანიშნავად ჩავა.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონი ზელენსკის ელისეის სასახლეში უმასპინძლებს, რათა განიხილოს "უკრაინის საჭიროებები" რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე.
"იმ დროს, როდესაც რუსეთის თავდასხმები სტაბილურად ძლიერდება ფრონტის ხაზზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ორივე პრეზიდენტი განიხილავს ადგილზე არსებულ სიტუაციას და უკრაინის საჭიროებებს," - ნათქვამია განცხადებაში.
სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იქნება "უკრაინის მხარდასაჭერი კონფერენციის გაგრძელებაზე, რომელიც ელისეის მინდვრებზე 26 თებერვალს ჩატარდა," რომლის დროსაც მაკრონმა პირველად განაცხადა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაზე.
მაკრონმა ზელენსკის ვიზიტი გასულ კვირას გამოაცხადა, თუმცა უკრაინულ მხარეს ეს ჯერ არ დაუდასტურებია.
მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა შესაძლოა მალე გაგზავნოს სამხედრო ინსტრუქტორები უკრაინაში, მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთებისა და რუსეთის კრიტიკისა.
ვარაუდობენ, რომ მაკრონმა შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება სწორედ ამ კვირის ბოლოს, ზელენსკის ვიზიტისას გამოაცხადოს.