ახალი გამოკითხვა: მაკრონი პარლამენტში უმრავლესობას ინარჩუნებს
ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც კომპანია OpinionWay-Kéa Partner-მა ჟურნალ Les Echos-ისთვის ჩაატარა, საფრანგეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ საპრეზიდენტო უმრავლესობა გაიმარჯვებს.
გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, საპრეზიდენტო უმრავლესობა სახელად "ერთად" 577-იდან 310-350 მანდატს მიიღებდა. საპრეზიდენტო უმრავლესობა აერთიანებს მაკრონის პარტიას, რომელსაც ახლახანს სახელი გადაერქვა და "რენესანსი" ეწოდა, ყოფილი პრემიერმინისტრის, ედუარდ ფილიპის პარტია "ჰორიზონტებსა" და ფრანსუა ბეირუს "დემოკრატიულ მოძრაობას".
მაკრონის უმრავლესობას მემარცხენე ალიანსი მოსდევს 135-165 მანდატით. როგორც გამოკითხვა აჩვენებს, ჟან-ლუკ მელანშონის "დამოუმორჩილებელი საფრანგეთი", მწვანეები და სოციალისტები საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების მიუხედავად მაინც მარცხდებიან.
მემარჯვენე-ცენტრისტი "რესპუბლიკელები" და მათთან დაკავშირებული მცირე პარტიები ამ გამოკითხვის თანახმად 50-70 მიიღებდნენ, ხოლო მარინ ლე პენის პარტია "ეროვნული გაერთიანება" 20-40 საპარლამენტო მანდატს მოიპოვებდა.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები ორ ტურად, 12 და 19 ივნისს გაიმართება. ეროვნული ასამბლეა სრულად მაჟორიტარული წესით აირჩევა, თუმცა პირველ ტურში 50%-იანი ბარიერი მოქმედებს.
სწორედ ამის გამოა, რომ მაკრონის უმრავლესობის შენარჩუნებას ახერხებს იმის მიუხედავად, რომ მის პარტიას მხარს ამომრჩევლის 26% უჭერს, მაშინ როცა მემარცხენე ალიანსს და ლე პენის პარტიას თანაბარი, 23%-იანი მხარდაჭერა აქვთ.