ალექსეი ნავალნიმ საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა
რუსმა ოპოზიციონერმა და კრემლის კრიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. "მე მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო მედიკამენტები, ჯერჯერობით არცერთის უფლებას არ მაძლევს. ზურგის ტკივილი უკვე ფეხში გადავიდა. ჯერ მარჯვენა და ახლა უკვე მარცხენა ფეხის მონაკვეთებმა მგრძნობელობა დაკარგა. ხუმრობა ხუმრობად, მაგრამ ეს უკვე რეალურად მძაბავს",- წერს ნავალნი.
ნავალნი ამ დროისთვის ვლადიმირ ოლქში, მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრის მოშორებით მდებარე შრომით-გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფება. სწორედ აქ უნდა მოიხადოს პოლიტიკოსმა 2 წელი და 7 თვიანი პატიმრობა. ნავალნი კოლონიაში ეტაპით გადაიყვანეს, მისი ადგილოსამყოფელის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სასჯელ აღსრულების სამსახური არ ავრცელებდა.
კოლონიაში გადმოყვანიდან მალევე ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტში ნავალნიმ საპატიმროს "მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი" უწოდა. პოლიტიკოსი წერდა, რომ მას როგორც სახიფათო პატიმარს ღამის ხშირად აღვიძებდნენ და არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას. ნავალნის მონახულებაზე რამდენჯერმე უთხრეს უარი მის ადვოკატს, თუმცა მოგვიანებით ადვოკატმა მაინც შეძლო ნავალნისთან შეხვედრა. ამ დრომდე ნავალნის არ აძლევენ უფლებას სამედიცინო მომსახურება მის მიერ შერჩეული ექიმისგან მიიღოს.
"არ ვიცი რა ვქნა, ამიტომაც გამოვაცხადე შიმშილობა და ვითხოვ აღასრულდეს კანონი და შემოუშვან ჩემთან ჩემ მიერ მოწვეული ექიმი. ასე, რომ ვწევარ მშიერი, მაგრამ ჯერჯერობით ორივე ფეხით",- წერს ნავალნი.