ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ნავალნის მკვლელობაში პუტინი მონაწილეობდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში იყოს ჩართული.
ამის შესახებ Politico წერს.
Fox News-თან ინტერვიუში, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა პასუხისმგებელი პუტინი ნავალნის სიკვდილზე, მან უპასუხა: "არ ვიცი, მაგრამ შეიძლება... ვგულისხმობ, შეიძლება... ალბათ, არ ვიცი."
"ის ახალგაზრდა კაცია, ასე რომ, სტატისტიკურად ის დიდხანს იცოცხლებდა... ასე რომ, რაღაც უჩვეულო მოხდა," - აღნიშნა ტრამპმა.
იმავე ინტერვიუში რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა მორიდებით უპასუხა კითხვაზე, გააგრძელებდა თუ არა უკრაინის დახმარებას იარაღით ან დაუშვებს პუტინმა უკრაინის ნაწილის ან მთლიანად ოკუპირება მოახდინოს, თუ ის კვლავ პრეზიდენტად აირჩევა.
"იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა," - თქვა ტრამპმა და გაიმეორა, რომ ომი "არასდროს მოხდებოდა" მისი პრეზიდენტობის დროს.
მანამდე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.