ალიევის თანაშემწე: გვაქვს გარანტიები, სომხური შენაერთები განიარაღდებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყარაბაღის ე.წ. მთავრობისგან მიიღეს მათი სამხედრო დანაყოფების განიარაღების შესახებ.
ამის შესახებ ილჰამ ალიევის თანაშემწემ ჰიქმეტ გაჯიევმა განაცხადა. გაჯიევის თქმით, შეიარაღება აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცემა.
ალიევის თანაშემწე ამბობს, რომ ბაქოს უკვე მზად აქვს ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმა. გაჯიევის თქმით, აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სიმართლეს.
სომხური წყაროები იუწყებიან, რომ ბაქომ ყარაბაღის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებს გადასცა იმ ადამიანების სია, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორის გახსნამდე ბაქოს უნდა გადასცენ.
საუბარია არაღიარებული მთავრობის პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Hraparak ავრცელებს.
კონტექსტი
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
დღეს დილით ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ბოლო საათებში ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს.