ამერიკის ყველაზე ხანგრძილივი ომი - რა ბედი ელის ავღანეთს

ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ უკანასკნელი ამერიკელი სამხედრო ავღანეთს 2021 წლის 11 სექტემბერს დატოვებს. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და პოზიციებისა, ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა. 2020 წლის შეთანხმებით ამერიკელებს ავღანეთი 2021 წლის პირველი მაისისთვის უნდა დაეტოვებინათ.

დაუსრულებელი ომი

ავღანეთის ომი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტია. პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში 2001 წლის 26 სექტემბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან სულ რაღაც 15 დღეში გამოჩნდნენ. სამხედრო მოქმედებების პიკში ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობდა. ამჟამად ავღანეთში 2500 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, თუმცა ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით, ამერიკას დამატებით 1000 სპეციალური დანიშნულების სამხედრო ჰყავს ადგილზე მივლენილი.

ბაიდენი პირველი პრეზიდენტი არაა, რომელმაც მიზნად ავღანეთის ომის დასრულება დაისახა. ეს ჯერ კიდევ 2008 წელს ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირება იყო. თუმცა არჩევის შემდეგ, 2009 წელს, მას ავღანეთში ჯარების გაზრდაც მოუწია, რომელსაც, იმჟამად ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა. ობამას პრეზიდენტობისას ჯარების გაყვანის „დედლაინმა“ რამდენჯერმე გადაიწია, და საბოლოოდ, მისი პრეზიდენტობის ბოლოს, ავღანეთში 8500 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა.

რა მივიღეთ?

20 წლიან ბრძოლაში, ამერიკამ 2 ტრილიონ დოლარზე მეტი და 2300 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე გაიღო. ამხელა ძალისხმევის მიუხედავად, ავღანეთი დღესაც შეუმდგარი სახელმწიფოა. ცენტრალური მთავრობა სრულად მხოლოდ ტერიტორიული ერთეულების 33%-ს აკონტროლებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის 80% ამერიკულ და საერთაშორისო დონორების დახმარებაზე მოდის.

ამ დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, ცენტრალური მთავრობის კოლაფსი გარდაუვალია. აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ფინანსური ნაკადების შენარჩუნების შემთხვევაშიც, ამერიკული სახმელეთო და განსაკუთრებით საჰაერო მხარდაჭერის გარეშე, 3 წლიან პერიოდში, ქვეყანა შეიძლება სრულად თალიბანის კონტროლის ქვეშ მოექცეს.

Talibani

ამჟამად თალიბანს 60 ათასი მებრძოლი ჰყავს. მათი სრული გავლენის ქვეშაა ავღანეთის ოლქების 19%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სანამ საერთაშორისო ჯარები ქვეყანას არ დატოვებენ, ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკების მაგიდაზე არ დასხდებიან - რომელსაც, პარალელურად, ლეგიტიმურად არ ცნობენ. დიდი ალბათობით „შიდა ავღანური სამშვიდობო პროცესი“, რომელიც აქამდეც დიდწილად ფიქციას წარმოადგენდა, ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ, უბრალოდ ჩაიშლება, ხოლო ქვეყანა მორიგ სამოქალაქო ომის გზას დაადგება, რაც 70-იანი წლების ბოლოდან სხვადასხვა ტემპით, მაგრამ უწყვეტად მიმდინარეობს.  

ისტორიის გაკვეთილები

სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ არ ვიმსჯელოთ, თავად ავღანეთის ისტორია მიგვანიშნებს მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე. 10 წლიანი დაძაბული და სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ავღანეთი 1989 წელს დატოვა. მაშინაც, ქაბულში მოკალათებულ პრო-საბჭოთა მოჰამედ ნაჯიბულას მთავრობას დახმარება აღუთქვეს მოჯაჰედინთან ბრძოლაში. ორ წელიწადში სსრკ დაიშალა, ხოლო 1992 წელს ქაბული მოჯაჰედინმა აიღო. ნაჯიბულამ თავი გაეროს მისიას შეაფარა, სადაც ის 1996 წლამდე იმალებოდა. 1996 წელს ქაბული უკვე თალიბებმა დაიპყრეს, ხოლო მოჰამედ ნაჯიბულა სასტიკი წამებით მოკლეს და შემდეგ ბოძზე ჩამოკიდეს.

najibulah

ვიმედოვნოთ, რომ ავღანეთიდან ამერიკელების ასეთი ცალმხრივი და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გასვლა, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს აშრაფ ღანის იგივე ბედს არ უქადის. აქვე გავიხსენოთ ბუშისა და ობამას ადმინისტრაციის პერიოდში (2006-2011), აშშ-ს თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის ცნობილი გამონათქვამი, რომლის თანახმადაც “ბაიდენი უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში, ყველა ძირითად საგარეო პოლიტიკურ თუ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხში ცდებოდა“.

ავტორი: გიორგი ხატიაშვილი

 

მსგავსი სიახლეები