აშშ-მა ჰუსიტები გლობალურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

აშშ-ის მთავრობამ ჰუსიტები ხელახლა გამოაცხადა ტერორისტულ დაჯგუფებად. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

გადაწყვეტილება ძალაში 16 თებერვალს შევა. 

ნოემბრის დასაწყისიდან, ჰუსიტებმა წითელ ზღვაში საერთაშორისო სავაჭრო გემებზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმები განახორციელეს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს იემენის მოსახლეობაზე ამ გადაწყვეტილების ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად.

მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ ჰუსიტების გლობალურ ტერორისტებად აღიარება შეზღუდავს ჯგუფის წევრების წვდომას ფინანსურ ბაზრებზე და მათ პასუხისმგებლობას დააკისრებს.

"ეს თავდასხმები შეესაბამება ტერორიზმის კლასიკურ განმარტებას. მათ საფრთხე შეუქმნეს ამერიკულ პერსონალს, სამოქალაქო მეზღვაურებს და ჩვენს პარტნიორებს, საფრთხე შეუქმნეს გლობალურ ვაჭრობას და ნავიგაციის თავისუფლებას." - განაცხადა სალივანმა.

ჰამასის წინააღმდეგ ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერლმა იემენელმა ჰუსიტებმა კომერციული გემების დაბომბვა დაიწყეს. ჰუსიტები აცხადებენ, რომ ამით პალესტინელებს უჭერენ მხარს.

საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა გემების დასაცავად მისია წამოიწყეს და მოკავშირეებთან ერთად რამდენიმე დარტყმა მიაყენეს ჰუსიტების ბაზებს.

მსგავსი სიახლეები