აშშ-ს დაზვერვამ ზელენსკის რუსეთის შეტევის დეტალური გეგმა იანვარში გადასცა

ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკული დაზვერვა საიდუმლოდ აწვდიდა უკრაინულ მხარეს კრიტიკულად მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეფექტურად ემოქმედა ომის დაწყების გარდამტეხ პირველ საათებში. 

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, რა დროსაც პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. 

გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბერნსმა უკრაინელ პრეზიდენტს რუსეთის შეტევის დეტალური გეგმა გადასცა. უკრაინელებს ასევე გადაეცათ ამერიკელი მზვერავების მიერ დამუშავებული ანალიტიკური მასალა რუსეთის შესაძლო შეტევების შესახებ სხვადასხვა მიმართულებით. 

მათ შორის სწორედ ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია იყო, რომ რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე გოსტომელის აეროდრომი იქნებოდა. შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალები გოსტომელზე განხორციელებულ შეტევას ომის პირველ დღეს მომზადებულები დახვდნენ. 

გოსტომელში გადასროლილ რუსულ დესანტს ადგილზე კარგად შეიარაღებულმა და მომზადებულმა უკრაინელმა მებრძოლებმა გაუწიეს წინააღმდეგობა. ოკუპანტებს გოსტომელის აეროდრომზე მუდმივმოქმედი საჰაერო ხიდის ორგანიზება სურდათ, რაც მათ საშუალებას მისცემდათ ცოცხალი ძალით მოემარაგებინათ კიევის იერიში, მაგრამ აშშ-ის წინმსწრები მოქმედებებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტური მოქმედების შედეგად გეგმა ჩავარდა. 

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, კრემლში ჰქონდათ ე.წ. მეხუთე კოლონის იმედიც, რომლებსაც საპროტესტო აქციებითა და თუ სხვა აქტივობებით უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე დამატებითი წნეხი უნდა მოეხდინათ. 

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ იანვარშივე ამერიკელებმა პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყნის დატოვების უსაფრთხო მარშრუტი შესთავაზეს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა წინადადება უარყო და რუსეთის გამოწვევა მიიღო.

უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების გადაცემის გარდა, ჯერ კიდევ ომამდე ამერიკულმა მხარემ უკრაინისთვის უმწვავესი 3 პრობლემა გადაჭრა - მათ შორის 2015 წლიდან გრძელდებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანაყოფების წვრთნის პროგრამა. 

სწორედ ამერიკელებმა გაწვრთნეს უკრაინის არმიის რეგულარული ნაწილები, ასწავლეს მათ როგორ იბრძოლონ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ და ასწავლეს ახალი შეიარაღების გამოყენება. 

გარდა ამისა სწორედ ამერიკული დაზვერვა აწვდიდა უკრაინელებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ცნობებს რუსული არმიის ნაწილების დისლოკაციის შესახებ, ასევე გადაჭერილ ცნობებს და სატელიტურ ფოტოებს. 

ამ ყველაფერს უკრაინული წინააღმდეგობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები