აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი პოლონეთს ეწვევა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 9 მარტს პოლონეთს ეწვევა.

ჰარისი პოლონეთის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება და ომის გამო პოლონეთში ემიგრირებულ უკრაინელ ლტოლვილებს მოინახულებს.

ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტი ვაშინგტონსა და ვარშავას შორის ცოტა ხნის წინ დაწყებულ უთანხმოებას ემთხვევა.

8 მარტს პოლონეთმა განაცხადა, რომ საბჭოთა წარმოების MiG-29 თვითმფრინავებს გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსებს, რათა ისინი აშშ-მ უკრაინულ მხარეს გადასცემს.

საპასუხოდ, პოლონეთი საკუთარი საჰაერო ფლოტის ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავებით მომარაგებას მოელის.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ პოლონელების ინიციატივა უკრაინისთვის ავიაციის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ აშშ-სთან არ იყო შეთანხმებული.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე თეთრი სახლი პოლონეთს და სხვა აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღუთქვამს.

აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებისთვის აშშ-მ პოლონეთში დამატებით 4700 სამხედრო გაგზავნა.

11 მარტს ვიცე-პრეზიდენტი ბუქარესტს ეწვევა და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები