აშშ-ში ინფორმაციის გაჟონვის გამო, ისრაელმა ირანის დაბომბვა გადადო - The Times
ისრაელმა გადადო ირანზე საპასუხო დარტყმა აშშ-ის კონფიდენციალური სამხედრო ინფორმაციის გაჟონვის გამო. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times, 24 ოქტომბერს, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული კვირის ბოლოს პრო-ირანულ ტელეგრამის არხზე საიდუმლო ინფორმაცია გამოქვეყნდა, შეერთებული შტატების შეფასებაზე ისრაელის სავარაუდო პასუხის შესახებ. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნახსენები იყო ისრაელის ბალისტიკური რაკეტები Golden Horizon და Rocks.
ისრაელი შეშფოთებულია, რომ გაჟონვა შეიძლება დაეხმაროს ირანს თავდასხმის წინასწარმეტყველებაში. გამოცემის ცნობით, ამის გამო, ალტერნატიული გეგმა შემუშავდა.
"ამერიკაში დოკუმენტების გაჟონვამ შეაფერხა თავდასხმა გარკვეული სტრატეგიებისა და კომპონენტების შეცვლის აუცილებლობის გამო. პასუხი იქნება, მაგრამ ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება," - განუცხადა The Times-ს დაზვერვის წყარომ.
CNN-მა 19 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები იძიებს უაღრესად გასაიდუმლოებული დაზვერვის დოკუმენტების გაჟონვას ირანის წინააღმდეგ ისრაელის საპასუხო გეგმების შესახებ.
გამოქვეყნებულ დოკუმენტებში დეტალურად არის აღწერილი ზომები, რომლებიც ბოლო დღეებში ისრაელის საჰაერო ძალების რამდენიმე ბაზაზე მიიღეს.
კერძოდ, საუბარია ირანზე სავარაუდო თავდასხმისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის გადაზიდვაზე, ისრაელის საჰაერო ძალების ფართომასშტაბიან წვრთნებზე სადაზვერვო დრონების, გამანადგურებლების და ჰაერი-ხმელეთის რაკეტების გამოყენებით. ასევე ისრაელის დრონების ოპერატორების მიერ ირანზე თავდასხმისთვის მზადება.
პროირანული ტელეგრამის არხი ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები შედგენილია ამერიკის სადაზვერვო სააგენტოების: ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და ეროვნული გეოსივრცული-სადაზვერვო სააგენტოს მიერ.
CNN აღნიშნავს, რომ დოკუმენტები შეიცავდა მარკირებას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მათი ნახვა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შეეძლოთ ხუთი თვალის სადაზვერვო ალიანსში - ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია და გაერთიანებული სამეფო.