აშშ უკრაინას დახმარებას 500 მლნ დოლარით გაუზრდის
აშშ უკრაინას პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას 500 მილიონი დოლარით გაუზრდის.
ამის შესახებ ცნობილი 30 მარტს ჯოზეფ ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა.
საბიუჯეტო დახმარება უკრაინაში სამთავრობო სერვისების განვითარებას, სამხედრო ხარჯებს და ჰუმანიტარულ დახმარებას დააფინანსებს.
საუბრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო „მძიმე ეკონომიკური ზიანის“ მიყენებაზე.
„აშშ და მოკავშირეები უკრაინის შეარაღებული ძალების საჭიროებების მიხედვით დახმარებას გააგრძელებენ“, - ნათქვამია თეთრი სახლის პრეს-რელიზში.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება მილიარდ ევრომდე გაუზარდა.