ავღანეთის საკითხებში აშშ-ს საგანგებო წარმომადგენელი თანამდებობიდან გადადგა

ავღანეთის საკითხებში ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა, რომელიც ბოლო დრომდე თალიბანთან მოლაპარაკებებს უძღვებოდა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ავღანური წარმოშობის ამერიკელი დიპლომატი უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ტრამპის და ბაიდენის ხელისუფლებაში მსახურობდა.

მის სახელს უკავშირდება 2018 წლის სექტემბერში კატარში მდებარე თალიბანის პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან დაწყებული მოლაპარაკებები, რომელთა მიზანი ავღანეთის მთავრობასა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის თანხმობის მიღწევა იყო.

ხალილზადი კრიტიკის ქარცეცხლში აგვისტოში, ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის შემდეგ მოექცა, როცა თალიბანმა ქვეყანაში მართვის სადავეები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაიგდო, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლება მოიშალა.

70 წლის ვეტერანი დიპლომატი სხვადასხვა დროს ერაყში, ავღანეთსა და გაეროში ელჩის პოსტს იკავებდა.

 

 

მსგავსი სიახლეები