Axios: თეთრი სახლი არწმუნებს მოკავშირეებს, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება

ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს საკვანძო მოკავშირეები, რომ კონგრესში შექმნილი სირთულეების მიუხედავად ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. წყაროს ცნობით, ადმინისტრაცია უკვე მუშაობს კონგრესთან უკრაინისთვის ახალი პაკეტის შემუშავებაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ში უკრაინის დახმარების გარეშე დროებითი ბიუჯეტის მიღებამ ევროპელი პარტნიორების წუხილი გამოიწვია. ამ ფონზე თეთრი სახლი ცდილობს უახლოეს მოკავშირეებთან დაკავშირებას და მათ დარწმუნებას, რომ სირთულები დაძლევადია და უკრაინის დახმარება არ შეწყდება. 

პოლონეთის პრეზიდენტის ცნობით, უკვე შედგა ონლაინ შეხვედრა დასავლელ პარტნიორებს შორის - თეთრი სახლის ინიციატივით შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბრიტანეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის პრემიერები, ასევე რუმინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატოს გენერალური მდივანი და ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები. 

"ბაიდენმა გვითხრა, რომ უკრაინის დახმარება და განსაკუთრებით სამხედრო დახმარება გრძელდება. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ის აპირებს კონგრესთან ამ საკითხზე მუშაობას",- განაცხადა ანდჯეი დუდამ. 

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბაიდენის გუნდი უკვე მუშაობს კონგრესთან ახალ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინის შეუფერხებელ დახმარებას უზრუნველჰყოფს. 

გასულ უქმეებზე აშშ-ს თავდაცვის მდივანი ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს და მას შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა. 

თავის მხრივ უკრაინელი პოლიტიკოსები არ ამახვილებენ განსაკუთრებულ ყურადღებას დროებით ბიუჯეტზე და გამოთქვამენ იმედს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა გაგრძელდება. 

მიმდინარე მოვლენებს 2 ოქტომბერს პრეზიდენტი ბაიდენიც გამოეხმაურა - "მინდა ვუთხრა ამერიკის მოკავშიირებს, ამერიკელ ხალხს და ხალხს უკრაინაში - შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ არ მიგატოვებთ."

კონტექსტი

30 სექტემბერს ე.წ. შათდაუნის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ შეთანხმებულ 45-დღიან, დროებით ბიუჯეტს. 

დამტკიცებული პროექტი რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო წარდგენილი და მასში არ შედიოდა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი 6 მილიარდი დოლარი, რომელსაც თეთრი სახლი ითხოვდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მ ჯამურად უკრაინას 45 მილიარდი დოლარის მოცულებულის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. 

მსგავსი სიახლეები