"აზოვის" მეთაურის მოადგილე: დღეში ერთხელ ვჭამთ და ტექნიკურ წყალს ვსვამთ
ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) BBC News Україна-სთან 12 მაისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის დამცველები იძულებული არიან დღეში ერთხელ ჭამონ და ტექნიკური წყალი დალიონ.
"ზოგჯერ დღეში ერთხელ ვჭამთ, ზოგჯერ საერთოდ არა. ცუდი მდგომარეობაა, მართლა რთულია. ყველაფერს ვწელავთ, ვანაწილებთ. წყალი... აქ არის მარაგები. პლუს ტექნიკური წყალი, რომელსაც ვადუღებთ და ვსვამთ", - თქვა ჯარისკაცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მებრძოლები ხშირად ავადდებიან.
"არასაკმარისი, შეზღუდული კვება, მუდმივი ხანძარი, წვა, კვამლი, მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც აქ იყრება გავლენას ახდენს", - თქვა კალინამ.
მეთაურის მოადგილის თქმით, აზოვსტალში კრიტიკული ვითარებაა და მედიკამენტების დეფიციტის გამო დაჭრილი სამხედროების მკურნალობა რთულია.
"ჩვენი სამხედროები ყოველდღიურად იღუპებიან ჭრილობების გამო, არ გვაქვს საკმარისი ანტიბიოტიკები, არ გვაქვს საკმარისი სახვევები, ჩვენი საავადმყოფო დაბომბეს. ბევრს აქვს კანტუზია, ბევრი გარდაცვლილია. მდგომარეობა კატასტროფულია. სასწრაფოდ უნდა მოხდეს დაჭრილების ევაკუაცია. მათი ევაკუაციისთვის აუცილებელია, რომ ჩვენმა მთავარსარდალმა ყველაფერი გააკეთოს, მიმართოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და დახმარება გაუწიოს ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც, დამიჯერეთ, ამას იმსახურებენ", - აღნიშნა კალინამ.
აზოვსტალის ქარხანა არის ბოლო ობიექტი, რომელსაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლში აკონტროლებენ. ქარხნის ბომბის თავშესაფრებში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა. 7 მაისს ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დასრულდა. თუმცა, ჰუმანიტარული სამართლის საწინააღმდეგოდ, დაჭრილების ევაკუაცია არ მომხდარა.
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) თქვა, რომ ქარხანაში 600 დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცია.
10 მაისს უკრაინის ვიცე-პრემიერმა და მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ქარხანაში 1000-ზე მეტი უკრაინელი სამხედროა.