ბაიდენი: ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა მზადაა, კუნძულს სამხედრო დახმარება გაუწიოს.
ბაიდენმა ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებაა“, - თქვა ბაიდენმა.
აშშ კუნძულს სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღიარებს, თუმცა ტაივანთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.
1979 წელს კონგრესის მიერ მიღებული აქტის მიხედვით, აშშ კუნძულისთვის თავდაცვაში დახმარებას კისრულობს.
თუმცა, აქტი ამერიკის მიერ სამხედრო დახმარების პირდაპირ ვალდებულებას არ გულისხმობს.
ბაიდენის განცხადება აშშ-ს ე. წ. „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ტაივანის დახმარების საკითხს ბუნდოვნად ტოვებდა.
„თუ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს...ეს მთელს რეგიონს შეძრავს და იმის მსგავსი ქმედება იქნება, რაც უკრაინაში მოხდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
აშშ-ს ლიდერი აღმოსავლეთ აზიურ ტურნეზე იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ის იაპონიას და სამხრეთ კორეას ეწვია.
პეკინი, რომელიც კუნძულს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, სულ უფრო მეტად საუბრობს ტაივანზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე.