ბაიდენმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ ესკალაციაზე არ წავიდეს - Axios
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კვლავ დაემუქრა ქვეყნისთვის დახმარების შეწყვეტით.
ამის შესახებ Axios წერს.
გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ნეთანიაჰუს მოუწოდა შეაჩეროს ესკალაცია და დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
ამერიკელი ოფიციალური პირები გამოცემასთან ამბობენ, რომ ბაიდენი და მისი მთავარი თანაშემწეები ღრმად იმედგაცრუებული არიან "ჰამასის" ლიდერის ისმაილ ჰანიეს და ჰეზბოლას მეთაურის ფუად შუკრის მკვლელობის გამო.
წყაროებმა Axios-ს უთხრეს, რომ ბაიდენმა ნეთანიაჰუს დაურეკა, რათა განეხილათ აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო მზადება ირანისა და "ჰეზბოლას" საპასუხო დარტყმისთვის და მკაფიოდ უთხრა, რომ ის უკმაყოფილოა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ქმედებებით.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ისინი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე საუბრობდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჰანიეს მკვლელობის ბრძანება გასცა.
ამერიკის პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ აშშ დაეხმარება ისრაელს ირანის პოტენციური თავდასხმის მოგერიებაში, მაგრამ ის არ ელის ამის შემდეგ ისრაელის მხრიდან ესკალაციას.
მან ისრაელის პრემიერი ასევე გააფრთხილა, რომ თუ ნეთანიაჰუ კვლავ წავა ესკალაციაზე, არ უნდა ჰქონდეს აშშ-ის დახმარების იმედი.
ჰანიეს მკვლელობის კომენტირებისას ბაიდენმა ადრე თქვა, რომ ეს არ ითამაშებს პოზიტიურ როლს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა თეირანში ჰანიეს მკვლელობაში.