ბაიდენი კონგრესს უკრაინისა და ისრაელისთვის $2 მილიარდის დახმარებას სთხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს კონგრესს ორ მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფა სთხოვოს უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად.

ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღის მიწოდებას რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად.

"მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონგრესის მოქმედება. და პრეზიდენტმა ცხადყო, რომ ის მიდის კონგრესში უკრაინის დაფინანსების პაკეტით, ისევე როგორც ისრაელის მხარდაჭერის. ამ კვირაში ჩვენ ველით კონგრესთან ინტენსიურ ჩართულობას, რადგან ჩვენ ამ პაკეტზე ვმუშაობთ და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ორპარტიული მხარდაჭერა ამისთვის," - თქვა სალივანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, საუბარია თუ არა ორ მილიარდიან პაკეტზე, რომელიც გააერთიანებს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, საზღვრების დაცვის სახსრებს და ტაივანის მხარდაჭერას, სალივანმა უპასუხა, რომ თანხა "ბევრად დიდი იქნება."

"მაგრამ, როგორც ვთქვი, ის აუცილებლად მოიცავს საჭირო სამხედრო აღჭურვილობას უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ასევე ისრაელის დასახმარებლად ტერორისტ მტრებთან ბრძოლაში," - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები